სპაგეტის ხე — სპეციალურად BBC-ის მიერ საპირველაპრილოდ გამოგონილი ხე, რომლის შესახებაც ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც BBC-ის ეთერში 1957 წლის 1 აპრილს გავიდა, ნაჩვენებია სპაგეტის მოსავლის აღება შვეიცარიის კანტონ ტეჩინოში. იმდროისათვის ცნობილი რადიო და სატელევიზიო წამყვანი რიჩარდ დიმბლები ახმოვანებს სცენებს და ყვება შვეიცარიასა და იტალიაში სპაგეტის წარმოების, მარტში მოსალოდნელი ყინვისაგან სპაგეტის ხის დაცვის, თბილი ზამთრის პირობებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოსავლისა და „სპაგეტის ხოჭოების“ განადგურების შესახებ. ფილმი გადაღებულია ინგლისის ქალაქ სენტ-ოლბანსსა და შვეიცარიაში.

დოკუმენტური ფილმი წარმოადგენდა პირველი აპრილის ხუმრობას. გადაცემას დაახლოებით რვა მილიონმა მაყურებელმა უყურა, მათგან რამდენიმე ასეულმა კი გადაცემის დასრულების შემდეგ BBC-ში დარეკა, რათა ეკითხათ, მართლა ხეზე იზრდება თუ არა სპაგეტი; ზოგიერთი მათგანი კითხულობდა, როგორ უნდა მოეშენებინა სპაგეტი. 1950-იან წლებში ინგლისში სპაგეტი არ იყო ყოველდღიური საკვები და ჯერ კიდევ ეგზოტიკურ დელიკატესად ითვლებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება