სოხუმის ოკრუგი (რუს. Сухумский округ; 26 აპრილი, 188326 მაისი, 1918) — სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრით — 1. სოხუმი. სხვადასხვა დროს იყო: რუსეთის იმპერიაში [ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი (1883-1903), დამოუკიდებელი ერთეული (1903-1917)]; რუსეთის დროებითი მთავრობის შემადგენელი ნაწილი — ოზაკომის ერთეული (მარტი — ნოემბერი, 1917); ამიერკავკასიის კომისარიატი (ნოემბერი, 1917 — თებერვალი, 1918); ბოლშევიკური აფხაზეთი (თებერვალი — მაისი, 1918).

სოხუმის ოკრუგი
რუს. Сухумский округ

ოკრუგი

26 აპრილი, 188326 მაისი, 1918

სოხუმის ოკრუგი კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი

სოხუმის ოკრუგის რუკა 1883-1920 წლებში
დედაქალაქი სოხუმი
ფართობი 8 621 კმ²
მოსახლეობა 106 179 (1897)

ისტორია რედაქტირება

მეფის რუსეთი რედაქტირება

1883 წლის 26 აპრილს რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III-ის ბრძანებით კავკასიის მხარის რეფორმირებისას სოხუმის სამხედრო განყოფილების ბაზაზე შეიქმნა სოხუმის ოკრუგი[1]. ფართობი - 8621 კმ². მოსახლეობა - 100498 (1897 წლის მონაცემები). იყოფოდა: გუმისთის (ცენტრი სოხუმი), გუდაუთის (გუდაუთა), კოდორის (ოჩამჩირე), და სამურზაყანოს (ოქუმი) უბნებად. 1903 წლის 17 მარტის დადგენილებით სოხუმის ოკრუგი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო ქუთაისის გუბერნიას[2]. 1904 წლის 25 დეკემბერს პრინც ა. ოლდენბურგის მოთხოვნით გაგრის კლიმატური სადგური მიმდებარე ტერიტორიით შავი ზღვის გუბერნიის სოჭის ოკრუგის შემადგენლობაში გადავიდა[3], რის შედეგადაც სოჭისა და სოხუმის ოკრუგებს შორის საზღვარმა ბზიფის აღმოსავლეთ წყალგამყოფ ქედზე გადაინაცვლა.

 
შავი ზღვის გუბერნია გაგრით და მდინარე ბზიფის აუზით. 1912 წ.

რუსეთის დროებითი მთავრობა რედაქტირება

1917 წლის 9 (22) მარტიდან — 15 (28) ნოემბრამდე თებერვლის რევოლუციის შემდეგ, შედიოდა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე წარმოქმნილი რუსეთის დროებითი მთავრობისამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის შემადგენლობაში. 24 მაისს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის საეკლესიო კრება[4]. 13 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა სოხუმის ოკრუგის დასათვალიერებლად, სადაც ის დაესწრო სოხუმის ოკრუგის გლეხთა კრებას. გაგრაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ორგანიზაციასა და შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის სამშენებლო ორგანიზაციათა შორის წამოჭრილი დავის მოგვარებაში. ა. ჩხენკელმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაგრის ოლქის საკითხზეც, რომელიც 1904 წელს სოხუმის ოკრუგს ჩამოაჭრეს. მან გამოთქვა მზაობა, აღნიშნული ტერიტორიის უკან დაბრუნების თაობაზე რუსეთის დროებით მთავრობასთან დაეწყო მოლაპარაკებები[კ 1]. 15 ივლისს ა. ჩხენკელი სოხუმის ოკრუგის გლეხთა ყრილობაზე დასასწრებად სოხუმში ჩავიდა, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. ის შეძლებისდაგვარად ესწრებოდა გლეხთა კრების სხდომებს და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მათ მუშაობაში. 18 ივლისს დამთავრდა გლეხთა ყრილობა, არჩეულ იქნა გლეხთა დეპუტატების საბჭო. იმავე დღეს საღამოს შესდგა გაერთიანებული კრება მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა საბჭოებისა. კრებამ მოისმინა ვ. ჯუღელის მოხსენება მიმდინარე ვითარების შესახებ. კამათში მონაწილეობა მიიღო ა. ჩხენკელმაც, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია დროებით მთავრობასა და რევოლუციურ ორგანიზაციათა შორის დამოკიდებულების გარკვევას. 19 ივლისს ა. ჩხენკელი გაემგზავრა სამურზაყანოში. ოჩამჩირეში მონაწილეობა მიიღო მრავალრიცხოვან კრებაში. დღის ბოლოს კი გაემგზავრა სამურზაყანოს ცენტრში — დაბა გალში. იქ ასევე მონაწილება მიიღო ადგილობრივ გამართულ კრებაში, სადაც ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხებზე და დასასრულს სიტყვით გამოსვლისას გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა[5].

1917 წლის 8 (21) — 13 (28) ოქტომბერს, ოქტომბრის რევოლუციამდე ორი კვირით ადრე (ჯერ კიდევ დროებითი მთავრობის დროს) ვლადიკავკაზში გაიმართა მთიელთა კავშირის მეორე ყრილობა, რომელზეც წარმოდგენილმა აფხაზმა დელეგატებმა გამოთქვეს სურვილი, რათა მთიელთა კავშირს დამატებულიყო ახალი სუბიექტი — „აფხაზეთის“ სახელით. მიუხედავად იმისა, რომ მთიელთა კავშირი მისსავე კონსტიტუციის საფუძველზე, რუსეთის დროებით მთავრობას და პეტროგრადის გადაწყვეტილებებს (მათ შორის უნდა ყოფილიყო პეტროგრადის გადაწყვეტილება ოზაკომში სოხუმის ოკრუგის არსებობის შესახებ) ერთგულებას აღუთქვამდა, ასევე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში სოხუმის ოკრუგი მოაზრებოდა ამიერკავკასიის შემადგენელ ნაწილად და ასევე არ განიხილებოდა ისეთი ერთეული, როგორიც იყო მთიელთა კავშირი, მაინც დაამატეს თავის კონსტიტუციაში ახალი სუბიექტი — „აფხაზეთი“. არ მომხდარა არანაირი შეთანხმება დროებით მთავრობასთან, ჯერ ჩახსნილიყო ოზაკომიდან სოხუმის ოკრუგი და შემდეგ ფორმირებულიყო ახალი ერთეული „აფხაზეთის“ სახელით და მიერთებულიყო მთიელთა კავშირს. სხვა სიტყვებით პეტროგრადი, როგორც დროებითი მთავრობის ცენტრი, არც სცნობდა ისეთ ადმინისტრაციულ ერთეულს რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც იყო „მთიელთა კავშირი“ და არც მის მიერ „აფხაზეთის“ შეერთებისთვის მიუცია ოფიციალური ლეგიტიმაცია.

ამიერკავკასიის კომისარიატი რედაქტირება

1917 წლის 15 (28) ნოემბრიდან — 1918 წლის 16 თებერვლამდე შედიოდა ამიერკავკასიის კომისარიატის შემადგენლობაში.

საბჭოთა ხელისუფლება რედაქტირება

1918 წლის 16 თებერვალიდან — 17 მაისამდე აფხაზეთის აჯანყების შედეგად მოექცა ბოლშევიკების კონტროლის ქვეშ.

ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა რედაქტირება

1918 წლის 17 მაისიდან — 26 მაისამდე შედიოდა ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ რესპუბლიკაში.

სოხუმის ოკრუგი გაუქმდა 1918 წლის 26 მაისს, რომლის ტერიტორიაზე წარმოიქმნა სოხუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.

ოკრუგის მმართველები რედაქტირება

სოხუმის ოკრუგის უფროსები (რუს. Начальник Сухумского округа) იყვნენ:

  • 1890 — ადრიანე ვასილის ძე კუცევალოვი[6];
  • 1895 — ვიქტორ ალექსანდრეს ძე ბრაკერი[7];
  • 1904 — ვლადიმერ კონსტანტინეს ძე პროგულბიცკი[8];
  • 1909-1912 — მიხეილ ნიკოლოზის ძე კროპაჩევი[9][10];
  • 1913 — ნიკოლოზ ედუარდის ძე ვენტცელი[11];
  • 1918-1919 — ბენიამინ ჩხიკვიშვილი[12]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

კომენტარები რედაქტირება

  1.  
    „ყურადღების ღირსია აგრეთვე „გაგრის ოლქის“ საკითხიც. მოგეხსენებათ ძველმა მთავრობამ სოხუმის ოლქს ჩამოაჭრა კარგა მოზრდილი ნაწილი, სახელდობრ მდინარე ფსოუსა და კალდახვარას შორის და შეუერთა ნოვოროსიის გუბერნიას. სარჩული მთავრობის ამდაგვარ მოქმედებათა ყოველთვის ცხადია, ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს ის არასოდეს პატივისცემით არ ეპყრობოდა. დღეს ეს კითხვა კვლავ წამოდგა. ხალხი მოითხოვს აღნიშნული „ოლქი“ კვლავ შეუერთდეს სოხუმს. იგივე საკითხი დაისვა სოხუმის ოლქის გლეხთა ყრილობაზე, სადაც ერთ ხმათ გადაწყდა აღდგენილ იქნას ძველი ბუნებრივი საზღვრები სოხუმის ოლქისა. კრებამ სთხოვა აკაკი ჩხენკელს მიიღოს ყოველგვარი ღონისძიება, რათა ეს კითხვა ხალხის სურვილისამებრ გადაწყდეს.“

სქოლიო რედაქტირება

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. III, ბრძ. 1522, გვ. 187-205
  2. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIII, ბრძ. 22663, გვ. 156-157
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое, т. XXIV, ბრძ. 25568, გვ. 1233-1234
  4. გაზ. „საქართველო“ №107, 20 მაისი, 1917
  5. გაზ. „ერთობა“, №107, 27 ივლისი, 1917
  6. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1891 год». - Тифлис, 1890
  7. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1896 год». - Тифлис, 1895
  8. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1905 год». - Тифлис, 1904
  9. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1910 год». - Тифлис, 1909
  10. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1913 год». - Тифлис, 1912
  11. Сухумский округ, окружное управление, «Кавказский календарь на 1914 год». - Тифлис, 1913
  12. მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 27, ISBN 978-9941-8-2176-9.