სოფლის მეურნეობის გეოგრაფია

სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, აგრიკულტურული გეოგრაფიასაზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის ტერიტორიული დიფერენციაციისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ორგანიზაციის კანონზომიერებებს, თავისებურებებსა და ფორმებს, ბუნებრივ, ისტორიულ და სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ მისი განლაგების სპეციფიკასა და განვითარების ძირითად მიმართულებას. სოფლის მეურნეობის განლაგება მჭიდროდ უკავშირდება გეოგრაფიულ გარემოს, კერძოდ, ბუნების ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა რელიეფი, ნიადაგი და ჰავა. სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის კვლევის მთავარი მიმართულებაა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზოგადი განლაგება და ტერიტორიული ორგანიზაცია, მიწის რესურსების გეოგრაფია, სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგების გეოგრაფია (მემცენარეობა და მეცხოველეობა), სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტიპოლოგია და დარაიონება, აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და სასოფლო ტერიტორიაზე აგრარული სექტორის განვითარების გეოგრაფიული ანალიზი, სოფლის მეურნეობის სოციალური გეოგრაფია.

სოფლის მეურნეობის გეოგრაფია დაკავშირებულია რიგ საბუნებისმეტყველო (სოფლის მეურნეობის მეცნიერებები, ნიადაგთმცოდნეობა, კლიმატოლოგია, ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგების გეოგრაფია) და საზოგადოებრივი (ეკონომიკა, სოციოლოგია, ეთნოლოგია, ისტორია, მოსახლეობის გეოგრაფია, სტატისტიკა და სხვა) მეცნიერების დარგებთან, აგრეთვე, კარტოგრაფიასთან. სოფლის მეურნეობის გეოგრაფია ითავსებს კვლევების საველე (საექსპედიციო) და კამერალურ მეთოდებს. ფართოდ გამოიყენება სტატისტიკური, სოციოლოგიური, შედარებით-გეოგრაფიული, ისტორიულ-გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეთოდები, აგრეთვე, აერო- და კოსმოსური ფოტოგადაღება, მათემატიკური მოდელირება, ტიპოლოგია და დარაიონება.

სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის კვლევების მთავარი პრაქტიკული მნიშვნელობაა სოფლის მეურნეობის წარმოებისა და ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური და ეკონომიკური პრობლემების, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გზებისა და ფორმების, რაციონალური ბუნებათსარგებლობის გამოვლინება, სურსათ-სანოვაგის უსაფრთხოება და ქვეყნებისა და რეგიონების მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობა. სოფლის მეურნეობის გეოგრაფია უზრუნველყოფს აგრარული სექტორის გეოინფორმაციული მონიტორინგის შექმნასა და რეგიონული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის მეცნიერულ დასაბუთებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტერიტორიული ორგანიზაციის ოპტიმიზაციასა და აგრომრეწველობის კომპლექსს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Крюч­ков В. Г. Тер­ри­то­ри­аль­ная ор­га­ни­за­ция сель­ско­го хо­зяй­ст­ва. М., 1978;
  • Ку­зи­на И. М., Нау­мов А. С. Аг­ро­гео­гра­фия ми­ра. М., 2004;
  • Robinson, G.M. (2003): Geographies of Agriculture: Globalisation, Restructuring and Sustainability;
  • Grigg, D. (1995): An Introduction to Agricultural Geography. Routledge.