სოფიის უნივერსიტეტი

სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტი ან, უბრალოდ, სოფიის უნივერსიტეტი (ბულგ. Софийският университет „Св. Климент Охридски“; 1944-1989 წლებში სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი) — ბულგარეთის უძველესი უმაღლესი სასწავლებელი. დაარსდა 1888 წლის 1 ოქტომბერს. უნივერსიტეტის შენობა აშენდა 1924-1934 წლებში ძმების, ევლოგი და ხრისტო გეორგიევების ფინანსური მხარდაჭერით, რომელთა ქანდაკებებიც ახლა მის ფასადზეა გამოსახული. შენობის ფართობი შეადგენს 18 624 მ²-ს და ჯამში, 324 უძრავ ქონებას ფლობს.

სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის სახელობის უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Serdicensis
დევიზი ცოდნა ძალაა
დაფუძნდა 1 ოქტომბერი, 1888
ატარებს სახელს კლიმენტ ოჰრიდელი
დამფუძნებელი (-ები) 1st Grand National Assembly of Bulgaria
ტიპი საჯარო
რექტორი ანასტას გერჯიკოვი
ქალაქი სოფია
ქვეყანა ბულგარეთი
ფერები მეწამული
კავშირები International GLAM Labs Community[1] და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2]
აფილაცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია
სოფიის უნივერსიტეტი — ბულგარეთი
სოფიის უნივერსიტეტი
www.uni-sofia.bg

უნივერსიტეტს გააჩნია 16 ფაკულტეტი და სამი დეპარტამენტი, სადაც განათლებას იღებს 21 000 სტუდენტზე მეტი. გარდა ამისა, მის განკარგულებაშია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, გამომცემლობა, კომპიუტერული და სპორტული ცენტრები და რამდენიმე სხვა სტრუქტურა. ამჟამად, უნივერსიტეტის რექტორია ანასტას გერჯიკოვი.

სოფიის უნივერსიტეტი მუდმივად იკავებს ბულგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსს ეროვნული თუ საერთაშორისო რეიტინგებით და QS მსოფლიო უნივერსიტეტის რეიტინგით, ყოველთვის შედის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 4 პროცენტში.

ისტორია რედაქტირება

 
სოფიის უნივერსიტეტის სტუდენტები 1930-იან წლებში.

უნივერსიტეტი დაარსდა 1888 წლის 1 ოქტომბერს, ბულგარეთის გათავისუფლებიდან 10 წლის შემდეგ, რათა ემოქმედა, როგორც ბულგარეთის პირველ უმაღლესი განათლების ინსტიტუტს. თავდაპირველად, მას 4 რეგულარული და 3 დამატებითი ლექტორი და 49 სტუდენტი ჰყავდა. იგი დაარსდა, როგორც უმაღლესი პედაგოგიური კურსი. რამდენიმე თვის შემდეგ გახდა უმაღლესი სკოლა, ხოლო 1904 წელს — უნივერსიტეტი. პირველი რექტორი იყო ბულგარელი ენათმეცნიერი ალექსანდრე ტეოდოროვ-ბალანი.

უნივერსიტეტის არსებობის პირველ წლებში მას მხოლოდ სამი ფაკულტეტი ჰქონდა: ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი (1888 წლიდან), მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტი (1889 წლიდან) და სამართლის ფაკულტეტი (1892 წლიდან). ისწავლებოდა ისტორია, გეოგრაფია, სლავური ენები, ფილოსოფია და პედაგოგიკა, მათემატიკა და ფიზიკა, ქიმია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და სამართალი.[3] უნივერსიტეტმა პირველი ქალი სტუდენტი 1901 წელს მიიღო, ხოლო მომდევნო წელს, 25 ნოემბერი (ახალი სტილით 8 დეკემბერი), წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის ხსენების დღე, უნივერსიტეტის ოფიციალურ უქმედ გამოცხადდა.

1907 წელს, როდესაც პრინცმა ფერდინანდმა ივან ვაზოვის ეროვნული თეატრი გახსნა, იგი აბუჩად აიგდეს სოფიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რის გამოც უნივერსიტეტი 6 თვით დახურეს და ყველა ლექტორი გააგდეს. 1908 წელს ალექსანდრე მალინოვის მეთაურობით ახალი მთავრობის მიერ ძალაუფლების ხელში აღებამდე, კრიზისი არ გადაჭრილა.

ბალკანეთის ომების დასაწყისისათვის, უნივერსიტეტში ფიქსირდებოდა 1 379 სტუდენტი (725 კაცი და 654 ქალი). 1917 წელს დაარსდა მეოთხე, მედიცინის ფაკულტეტი, 1921 წელს — მეხუთე, აგრონომიის ფაკულტეტი, 1923 წელს უნივერსიტეტს დაემატა ვეტერინარული მედიცინისა და თეოლოგიის ფაკულტეტები. 1922-1923 წლებში უნივერსიტეტს ჰქონდა 111 კათედრა და ჰყავდა 205 ლექტორი და 2 388 სტუდენტი, რომელთაგან 1 702 კაცი, 686 კი ქალი იყო.

1924 წლის 30 ივნისს საფუძველი ჩაეყარა უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობას, რასაც ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფდნენ ძმები ევლოგი და ხრისტო გეორგიევები. რექტორატი აიგო ფრანგი არქიტექტორის, ანრი ბრენკონის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რომელმაც 1907 წელს საგანგებოდ ამისთვის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. გეგმა განავითარა ნიკოლა ლაზაროვმა და შეასწორა იორდან მილანოვმა, რომელიც, აგრეთვე, მშენებლობასაც ხელმძღვანელობდა, თუმცა ოფიციალურ გახსნამდე (1934 წლის 16 დეკემბერი) გარდაიცვალა.

1929 წლის 27 ოქტომბერს, ვასილი ცანკოვმა უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად დაიცვა სადოქტორო ნაშრომი. მომდევნო წლის 1 ივლისს ალექსანდრე სპასოვმა ქიმიაში დაიცვა სადოქტორო. 1930-1931 წლებში უნივერსიტეტს კიდევ ოთხი დოქტორი დაემატა.

1944 წლის 9 სექტემბრის პოლიტიკური ცვლილებებისა და ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა. 1944-45 წლებში უნივერსიტეტში სწავლობდა 13 627 სტუდენტი, რომელთაც ასწავლიდა 182 პროფესორი და ლექტორი და 286 თანაშემწე. კომუნისტი პროფესორები უნივერსიტეტის მმართველობის სისტემაში დააწინაურეს, ხოლო სხვები ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებდნენ, გაათავისუფლეს. დაარსდა სპეციალური, პარტიასთან დაკავშირებული კათედრები და უნივერსიტეტი საბჭოთა მოდელის მიხედვით შეიზღუდა. 1947 წელს დაარსდა სამი ახალი ფაკულტეტი: მეტყევეობის, ზოოტექნოლოგიებისა და ეკონომიკის და განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთა ფარგლებშიც, მომდევნო წლებში მრავალი დეპარტამენტი ცალკე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

ანტარქტიდაში, ალექსანდრე I-ის მიწაზე არსებობს სოფიის უნივერსიტეტის მთები, რომელთაც ეს სახელი 1988 წელს უნივერსიტეტის ასი წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით ეწოდათ და ანტარქტიდის კვლევის საქმეში უნივერსიტეტის წვლილის დაფასებას წარმოადგენდა.

ფაკულტეტები და დეპარტამენტები რედაქტირება

ფაკულტეტები რედაქტირება

 
უნივერსიტეტის მთავარი შენობა (რექტორატი).
 
ერთ-ერთი დარბაზი რექტორატში
 
ბიოლოგიის ფაკულტეტი
 
ქიმიის ფაკულტეტი

სოფიის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 16 ფაკულტეტი:

  • ბიოლოგიის ფაკულტეტი
  • ქიმიისა და ფარმაციის ფაკულტეტი
  • კლასიკური და თანამედროვე ფილოლოგიის ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
  • განათლების ფაკულტეტი
  • გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტი
  • ისტორიის ფაკულტეტი
  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტი
  • სამართლის ფაკულტეტი
  • მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი
  • ფილოსოფიის ფაკულტეტი
  • ფიზიკის ფაკულტეტი
  • სკოლამდელი და დაწყებითი განათლების ფაკულტეტი
  • სლავთმცოდნეობის ფაკულტეტი
  • თეოლოგიის ფაკულტეტი
  • მედიცინის ფაკულტეტი

დეპარტამენტები რედაქტირება

  • ენების შესწავლის დეპარტამენტი
  • მასწავლებელთა ინფორმირებისა და სამსახურეობრივი მომზადების დეპარტამენტი
  • სპორტის დეპარტამენტი

ერთობლივი ფილიალები რედაქტირება

  • ბალკანეთის უნივერსიტეტების ქსელი
  • პოლარული კვლევის ეროვნული ცენტრი

უნივერსიტეტის ცნობილი კურსდამთავრებულები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://glamlabs.io/list-members/
  2. https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
  3. Wikisource-logo.svg Chisholm, Hugh, ed. (1911). "Bulgaria/Description". Encyclopædia Britannica (11th ed.). Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება