სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი

სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი (გერმ. Sophia Dorothea von Braunschweig-Lüneburg; დ. 15 სექტემბერი, 1666, ცელიე, გერმანია — გ. 13 ნოემბერი, 1726, აჰლდენი, გერმანია) — ჰანოვერების დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის მეუღლე. მეფე ჯორჯ II-ისა და პრუსიის დედოფალ სოფია დოროთეა ჰანოვერელის დედა.

სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
წოდებები
ჰანოვერის კრონპრინცესა
დაიბადა 15 სექტემბერი, 1666
ცელიე, გერმანია
გარდაიცვალა 13 ნოემბერი, 1726, (60 წლის)
აჰლდენი, გერმანია
საგვარეულო ჰანოვერები
მეუღლე(ები) გეორგ ლუდვიგი, ჰანოვერის კრონპრინცი
(ქ. 1682 - განქ. 1694)
შვილ(ებ)ი ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე
სოფია დოროთეა, პრუსიის დედოფალი
მამა გეორგ ვილჰელმი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგი
დედა ელეონორა დეზმიერა დ'ოლბრუზი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

სოფია დოროთეა დაიბადა 1666 წლის 15 სექტემბერს ცელიეში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის გაღატაკებული ჰერცოგის, გეორგ ვილჰელმ ჰანოვერელისა და მისი ცოლის, ელეონორა დეზმიერა დ’ოლბრუზის ერთადერთი ქალიშვილი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დედამისი ფრანგი ჰუგენოტი გრაფის ასული იყო.

მიუხედავად ეკონომიკური სიდუხჭირისა, მაღალი არისტოკრატიური წარმომავლობის გამო სოფია დოროთეას სარფიანად გათხოვება მაინც შეეძლო. თავდაპირველად საქორწინო მოლაპარაკებები მის მშობლებსა და დანიის მეფეს შორის მიმდინარეობდა, თუმცა ჩაიშალა. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მითხოვება ჰანოვერის კრონპრინც გეორგ ლუდვიგზე, რომელთან ქორწინების წინადადებაც გეორგის დედამ, სოფია პფალცელმა წამოჭრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფია დოროთეა და გეორგ ლუდვიგი ბიძაშვილები იყვნენ. ისინი 1682 წლის 22 ნოემბერს დაქორწინდნენ ცელიეში. იქიდან გამომდინარე, რომ მისი დედამთილი სოფია დიდი ბრიტანეთის დედოფალ ანას ტახტის მემკვიდრე იყო, სოფია დოროთეას პერპექტივაში დიდი ბრიტანეთის დედოფლობაც შედიოდა.

მათი ქორწინება კატასტროფულად უბედური იყო, თუმცა სოფია დოროთეამ ამის მეშვეობით დააღწია თავი საშინელ სიღარიბეს და გააჩინა ორი ბავშვიც. გეორგ ლუდვიგმა მალევე დაიწყო ცოლის დაიგნორება და სრულიად საჯაროდ გამომზეურება თავისი საყვარლებისა.

ამგვარ პირობებში სოფია დოროთეამ ბედნიერების ძიება სხვა მამაკაცებში დაიწყო. 1692 წლიდან მან რომანი გააბა სიმპათიურ შვედ გრაფ ფილიპ კრისტოფერ ფონ კოინიგსმარკთან, რომელიც მასზე სულ ერთი წლით იყო უფროსი. ქმრის მსგავსად ვერც სოფია დოროთეამ მოახერხა საყვარელთან ურთიერთობის დამალვა, რაზეც გეორგ ლუდვიგთან გამუდმებით აბეზღებდნენ დედამთილი და მაზლები.

ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 1694 წელს, 29 წლის ფილიპ კრისტოფი გარდაიცვალა, რის შემდეგაც გეორგ ლუდვიგმა მეუღლე საჯაროდ ამხილა ღალატში და ამავე წელს გაეყარა მას. სოფია დოროთეას ჩამოერთვა წოდება და მთელი ქონება, აეკრძალა შვილების ნახვის უფლება და მეტიც, იგი აჰლდენში გადაასახლეს.

1714 წელს, დედოფალ ანასა და სოფია პფალცელის დაღუპვის შემდეგ მისი ყოფილი ქმარი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე გახდა ჯორჯ I-ის სახელით.

 
სოფია დოროთეა შვილებთან ერთად

დარჩენილი ცხოვრება მან მარტოობასა და სიღარიბეში გაატარა აჰლდენის მიყრუებულ შატოში, სადაც 1726 წლის 13 ნეომბერს გარდაიცვალა 60 წლის ასკში. მისი დაღუპვიდან მალევე, 1727 წელს გარდაიცვალა ჯორჯ I-ც, რის შემდეგაც ტახტი სოფია დოროთეას ვაჟმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სოფია დოროთეას შთამომავლები არიან ევროპის ისეთი გამოჩენილი მონარქები, როგორებიც არიან: დედოფალი ვიქტორია, დედოფალი ელისაბედ II, ესპანეთის მეფე ფილიპე VI, საბერძნეთის დედოფალი სოფია პრუსიელი, პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II და რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფეოდოროვნა.

ხშირად მას ადარებენ მის შვილთაშვილ კაროლინა მატილდას, დანიის დედოფალს, რომელმაც მის მსგავსად უღალატა ქმარს და შემდეგ გადასახლებაში გარდაიცვალა.

შვილები რედაქტირება

  1. ჯორჯ II ავგუსტი (1683-1760), დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე. ცოლად შეირთო კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის ნიდერლანდების დედოფალი ანა, დანია-ნორვეგიის დედოფალი ლუიზა და უელსის პრინცი ფრედერიკი, რომლის ვაჟიც იყო მეფე ჯორჯ III;
  2. სოფია დოროთეა (1686-1757), ცოლად გაჰყვა პრუსიის მეფე და ბრანდენბურგის კურფიურსტ ფრიდრიხ ვილჰელმ I-ს, რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდი და შვედეთის დედოფალი ლუიზა ულრიკა პრუსიელი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Hatton, Ragnhild (1978). George I: Elector and King. London: Thames and Hudson. pp. 51–61. ISBN 0-500-25060-X.
  • Farquhar, Michael (2001). A Treasury of Royal Scandals. New York: Penguin Books. p. 152. ISBN 978-0-7394-2025-6.
  • Hatton, pp. 60–64
  • Michael L. Nash (9 February 2017). Royal Wills in Britain from 1509 to 2008. Palgrave Macmillan UK. ISBN 978-1-137-60145-2.
  • Leslie Carroll (5 January 2010). Notorious Royal Marriages: A Juicy Journey Through Nine Centuries of Dynasty, Destiny,and Desire. Penguin Publishing Group. ISBN 978-1-101-15977-4.