სოუეტო ან სოვეტო (ინგლ. Soweto, აბრევიატურა South Western Townships — სამხრეთ-დასავლეთის დაბები) — იოჰანესბურგის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე განაპირა დასახლებები (გაუტენგის პროვინცია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). ადგილი, სადაც აპართეიდის პერიოდში იძულებით ასახლებდნენ შავკანიან აფრიკელებს. ეს დასახლებები ქალაქის სამხრეთში მდებარე მადნების სარტყელს ესაზღვრება. სოუეტოში ძირითადი მშენებლობები, რომელიც იქმნებოდა ადრინდელი სხვადასხვა, ერთმანეთისგან დაშორებული დასახლებების ადგილას (პიმვილი, ორლანდო), მიმდინარეობდა 1950—1960-იან წლებში. მასში იძულებით გადაასახლეს იოჰანესბურგის დასავლეთი ნაწილის დასახლებების მაცხოვრებლები. თავდაპირველად ცალკე მუნიციპალიტეტი იყო, 2002 წლიდან კი იოჰანესბურგის მეტროპოლიტენის მუნიციპალიტეტის ნაწილი და იოჰანესბურგის გარეუბანია. ქალაქის ფართობია — 200,03 კმ². 2011 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 271 628 ადამიანს[1].

ქალაქი
სოუეტო
ინგლ. Soweto
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
პროვინცია გაუტენგი
კოორდინატები 26°15′58″ ს. გ. 27°51′57″ ა. გ. / 26.26611° ს. გ. 27.86583° ა. გ. / -26.26611; 27.86583
დაარსდა 1963
ფართობი 200,03 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1600
მოსახლეობა 1 271 628 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 6357,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
საფოსტო ინდექსი 4309
ოფიციალური საიტი www.Soweto.gov.za soweto.gov.za/ www.Soweto.gov.za
სოუეტო — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
სოუეტო
სოუეტო

ისტორია რედაქტირება

სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის განურჩევლად სოუეტოს ყველა მაცხოვრებელი განიცდიდა რასობრივ დისკრიმინაციას და ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან მკაცრ კონტროლს. 1973 წელს სოუეტო ამოიღეს იოჰანესბურგის მუნიციპალიტეტის კონტროლიდან და სახელისუფლო ორგანოს — ვესტრანდის ადმინისტრაციულ ბიუროს დაუქვემდებარებაში გადასცეს, რომელსაც ჰქონდა თეთრკანიანი მოხელეებისა და პოლიციის ფართე აპარატი. ასევე არსებობდა ადგილობრივი თვითმმართველობის მარიონეტული ორგანო — „საქალაქო საბჭო“, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა არაოფიციალური ოპოზიციური „სამოქალაქო ასოციაცია“ („ათეულის კომიტეტი“) სასოფლო ასოციაციების ქსელით. სოუეტოში ცხოვრების დონე ცოტა უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი, მაგრამ მაცხოვრებელთა უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბის ოფიციალურ დონეზე უფრო დაბლა. უმუშევრობის დონე მაღალია. სიკვდილიანობა აფრიკელ მოსახლეობას შორის სამჯერ აჭარბებს იოჰანესბურგის თეთრკანიანი მოსახლეობის სიკვდილიანობას.

აჯანყება სოუეტოში რედაქტირება

უწესივრობები დაიწყო აფრიკაანსის ენის, როგორც ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების სავალდებულო ენის, შემოღების წინააღმდეგ პროტესტების ფონზე (1974 წლის კანონის თანახმად, 1975 წლიდან სასკოლო საგნების დიდი ნაწილის სწავლა უნდა ჩატარებულიყო აფრიკაანსზე, რამდენიმე საგნის — ინგლისურზე, ხოლო მკვიდრი მოსახლეობის ენებზე მოსწავლეებს შეიძლებოდა ესწავლათ მხოლოდ ღვთისმეტყველება, მუსიკა და ფიზკულტურა). 1976 წლის 16 ივნისის დილას სოუეტოში პროტესტის ნიშნად 10-დან 20 ათასამდე მოსწავლე არ წავიდა სკოლებში, ისინი ადგილობრივ სტადიონზე შეიკრიბნენ მიტინგზე და შემდეგ ანტიაფრიკანერული ლოზუნგებით მოაწყეს მსვლელობა ქალაქის ერთ-ერთი სკოლისკენ 3-დან 10 ათასამდე ადამიანის რაოდენობით.

ერთ-ერთმა სამხრეთაფრიკელმა პოლიციელმა, რომელიც გააგზავნეს უწესრიგობის ჩასახშობად, მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც რამდენიმე მოსწავლემ პოლიციელებს ქვები დაუშინა, დაიწყო ყვირილი, რასაც პოლიციელების მხრიდან მოჰყვა სროლის განახლება. როგორც იტყობინებიან ზოგიერთმა პოლიციელმა მოსწავლეების მისამართით გაუშვეს ძაღლები, მაგრამ ისინი მათ დაუხვდნენ ქვების წვიმით და მოკლეს ზოგიერთი ძაღლი. ამის შემდეგ პოლიციელებმა ცეცხლი უშუალოდ მოსწავლეების მიმართ გახსნეს და სიტუაცია საბოლოოდ გამოვიდა კონტროლიდან. ერთ-ერთი პირველი გარდაიცვალა 13 წლის მოსწავლე ჰექტორ პეტერსონი (ინგლ. Hector Pieterson), რომელიც შემდგომში გახდა სოუეტოს აჯანყების სიმბოლო[2]. აჯანყების პირველ დღეებში დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის ორი თეთრკანიანი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო დოქტორი მელვილ ედელშტეინი, რომელმაც ბევრი გააკეთა შავკანიანი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ასევე ბევრი იყო დაჭრილთა რაოდენობაც, რომელთა უმრავლესობა შავკანიანი იყო, მაგრამ ზოგიერთი საავადმყოფო არ ღებულობდა მათ, ხოლო რომლებიც ღებულობდა, სამედიცინო ბარათებში წერდნენ, რომ დაზარალებულებს ჰქონდათ აბსცესი და არა ცეცხლოვანი იარაღისაგან გამოწვეული ჭრილობა.

მეორე დღეს მინისტრ ჯიმი კრუგერის ბრძანებით სოუეტოს ქუჩებში გამოყვანილი იქნა 1500 შეიარაღებული პოლიციელი, რამდენიმე ჯავშანმანქანა, ცას პატრულირებდნენ ვერტმფრენები, მაგრამ დემონსტრანტები ამან ვერ შეაჩერა, ხოლო უწესრიგობები გადაედო ქვეყნის სხვა ქალაქებს. 17-დან 18 ივნისის ჩათვლით ძალადობის ტალღამ მოიცვა კაგისო (ინგლ. Kagiso), აგვისტოში სერიოზული დაპირისპირება მოხდა პორტ-ელიზაბეთში, აგვისტო—სექტემბერში — კეიპტაუნში. საბოლოოდ დემონსტრანტთა წინააღმდეგობა ჩაახშეს მხოლოდ წლის ბოლოს, დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. დაღუპულთა რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, შეადგენს 176-დან 700 ადამიანამდე, ხოლო დაჭრილების — ათასიდან რამდენიმე ათას ადამიანამდე, თუმცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაშინდელმა ხელისუფლებამ აღიარა მხოლოდ 23 შავკანიანი მოსწავლის გარდაცვალება. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, აფრიკის ეროვნული კონგრესი და ბევრი ქვეყნის ხელისუფლება გამოდიოდა განცხადებებით, სადაც დაგმობილი იყო მოსწავლეებზე ძალადობრივი თავდასხმა, თვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ასევე გაიმართა რამდენიმე დემონსტრაცია, მათ შორის თეთრკანიანი მოსწავლეების, სადაც ისინი აპროტესტებდნენ ძალადობას.

თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 16 ივნისის დღეს დღესასწაულობენ, როგორც ახალგაზრდობის დღე. სოუეტოს აჯანყების შესახებ დაწერილია რამდენიმე რომანი და გადაღებულია რამდენიმე ფილმი.

მოსახლეობა რედაქტირება

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ სოუეტოს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 271 628 ადამიანს[1]. შავკანიანები შეადგენენ ქალაქის მოსახლეობის 98,54 %-ს (1 253 037 ადამიანი), ფერადკანიანები — 1,03 %-ს (13 079 ადამიანი), თეთრკანიანები — 0,11 %-ს (1421 ადამიანი), აზიელები — 0,11 %-ს (1418 ადამიანი)[1].

2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქ სოუეტოს მოსახლეობის 37,07 %-ის (469 873 ადამიანი) მშობლიური ენაა ზულუს ენა; მოსახლეობის 15,53 % (196 816 ადამიანი) ლაპარაკობს სესოთოს ენაზე; 12,87 % (163 083 ადამიანი) — ტსვანას ენაზე; 8,86 % (112 346 ადამიანი) ტსონგას ენაზე; 8,68 % (109 977 ადამიანი) — კოსას ენაზე[1]. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად შავკანიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ითვლება ზულუს და სესოთოს ენებზე მოლაპარაკე ხალხად, საყოფაცხოვრებო ურთიერთობაში ეს ორი ენა და ნაწილი სხვა ენებისა გამოდევნა ცოციტალმა (სოუეტოში ჟარგონ „კამტოს“ დასახელებით გავრცელებული) — კრიმინალური წარმოშობის კრეოლურმა ენამ. ასეთი ენობრივი სიტუაცია უნიკალურია სოუეტოსათვის და გაუტენგის სხვა მთელი რიგი დასახლებული პუნქტებისათვის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 2011 წლის მოსახლეობის აღწერა
  2. Sifiso Mxolisi Ndlovu. „The Soweto Uprising“, The Road to Democracy in South Africa. South African Democracy Education Trust, გვ. 344. ციტირების თარიღი: 30 October 2011.  დაარქივებული 25 April 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები