სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხაიძე.

იოსებ (სოსო) კალისტრატეს ძე ჩხაიძე (დ .18 მარტი, 1937, თბილისი — გ. 3 აგვისტო, 1992, თბილისი ) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი. საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979),  შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი[1] (1979), ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედლის მფლობელი (1983).

იოსებ ჩხაიძე

იოსებ ჩხაიძე
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1937
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 1992 (55 წლის)
თბილისი
ეროვნება საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი
ჯილდოები რუსთაველის სახელობის პრემია
ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალი

განათლება რედაქტირება

თბილისის პირველი ვაჟთა სკოლის დამთავრების შემდეგ სოსო ჩხაიძემ  სწავლა გააგრძელა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც 1960 წელს დაამთავრა „პოლიგრაფიული წარმოების ინჟინერ - ტექნოლოგის“ სპეციალობით.  თუმცა, ამ პროფესიით ფაქტობრივად არ უმუშავია. მისი დიდი გატაცება და ოცნება კინო იყო. ამიტომ, სანამ  მოსკოვში, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში  ე.წ. ვგიკში ჩააბარებდა,  მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში (დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი). რამდენიმე წლის მანძილზე იმუშავა როგორც რეჟისორის ასისტენტმა, რეჟისორმა. 1969 წელს გრიგორი ჩუხრაის სახელოსნოში მიღებული ცოდნით დაბრუნდა თბილისში, უკვე როგორც  კინოსა და ტელევიზიის რეჟისორი და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ტელეფილმების სტუდიაში.

შემოქმედება რედაქტირება

1967 წელს, ჯერ კიდევ კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტმა საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაიღო სამეცნიერო-პოპულარული ფილმი „კოლხეთი“ - ჭაობიანი მიწების ათვისების პრობლემაზე, რომელმაც შემდგომ  წლებში არაერთხელ და მტკივნეულად იჩინა თავი. ქალაქ ერევანში ჩატარებულ ზონალურ ფესტივალზე, როგორც საუკეთესო სამეცნიერო პოპულარულ ფილმს, მთავარი პრიზი მიენიჭა.

1970 წელს, როგორც სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, გადაიღო „ძველი ქართული საგალობლები“. ეს არის პირველი ფილმი ქართულ კინოში, რომელშიც დიდი ოსტატობით შერწყმულია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები - არქიტექტურა, მონუმენტური ფერწერა და ტიხრული მინანქარი - ჩვენი ფოლკლორის საგანძურთან, საგალობლებთან. ამ ფილმში პირველად აჟღერდა დავით აღმაშენებლის, დემეტრე 1-ის, მიქაელ მოდრეკილისა და იოანე მინჩხის საგალობლები. არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად ფილმმა ქართული საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო ევროპის ქვეყნებში ჩვენი კულტურისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმებს ამ ფილმით ხსნიდნენ ან ასრულებდნენ.

1971 წელს, როგორც სცენარისტმა და რეჟისორმა, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მეთხუთმეტე ზაფხული“ ( ან „სიესტა“). ამ ფილმმა შემდგომში თითქოს განსაზღვრა სოსო ჩხაიძის ფილმების სტილისტიკა.

1973 წელს იგი მუშაობას იწყებს სამსერიან მხატვრულ ფილმზე „თუში მეცხვარე“, რომელსაც თითქმის 5 წლის მანძილზე  ურთულეს პირობებში იღებდა, თუშეთის მაღალმთიან სოფლებში, ცხვრის ფარასთან და მის მიერ შერჩეულ მეცხვარე-მსახიობებთან ერთად. უნდა აღინიშნოს სოსო ჩხაიძის სცენარზე მუშაობის პერიოდი. თუშეთში მოგროვილი ფოტო მასალის,  მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი სხვადასხვა ისტორიის თუ ყოფითი ამბის გაშიფვრის შემდეგ იწერებოდა სცენარი, დიალოგები. უკვე გადაღების დროს, მეცხვარეებს, რომლებიც ფაქტობრივად თავიანთ თავს ასახიერებდნენ ფილმში, აღარ უჭირდათ ტექსტის დასწავლა და მისი უშუალოდ თქმა, რადგან ეს მათივე მონათხრობი , მათი ლექსიკით თუ იუმორით შეზავებული წინადადებები იყო. ამიტომაც, როცა ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, ბევრი, მათ შორის კინოში კარგად გარკვეული ადამიანებიც, კი ვერ ხვდებოდა რასთან ჰქონდათ საქმე, დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმთან, იმდენად რეალური იყო რეჟისორის მიერ წარმოსახული,  დადგმული სცენები. ამ ფილმმა სოსო ჩხაიძეს, როგორც რეჟისორსა და სცენარის ავტორს, დიდი წარმატება მოუტანა.

1979 წელს მას და ფილმის დამდგმელ ოპერატორს ირაკლი ონოფრიშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭათ. იმდროინდელი საბჭოთა პრესის წამყვანი გაზეთები თუ პოპულარული ჟურნალები აღნიშნავდნენ „თუში მეცხვარის“ ღირსებებს, ფილმის ახლებურ,  ნოვატორულ სტილისტიკას.

ფილმი უამრავი პრიზით აღინიშნა, როგორც ადგილობრივ ( რესპუბლიკურ თუ საკავშირო), ასევე საერთაშორისო კინოფესტივალებზე.  აი, მაგალითად საქართველოს ტელევიზიის დაარსების 20 წლის იუბილადმი მიძღვნილ ფესტივალზე დაწესებული იყო ერთადერთი მთავარი პრიზი. უნდა გამოვლენილიყო ამ წლების მანძილზე შექმნილი საუკეთესო ფილმი, გამარჯვებულს ტელემაყურებელი ირჩევდა  და ეს გახდა  „თუში მეცხვარე“. ფილმი გამარჯვებული დაბრუნდა ლენინგრადიდან 9 დღეს სანქტ-პეტერბურგი), პრაღიდან, მანჰაიმიდან. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ მანჰაიმში ჩატარებულ  30-ე , საიუბილეო , საერთაშორისო კინოფესტივალზე „თუში მეცხვარე“ სამივე მთავარი პრიზის მფლობელი გახდა - პრიზი საუკეთესო სატელევიზიო ფილმისთვის, ოქროს დუკატი საუკეთესო რეჟისურისათვის და საერთაშორისო კათოლიკური კინოპრიზი.

1978 წლიდან სოსო ჩხაიძე და ბუბა ხოტივარი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო სახელოსნოში ახალგაზრდებს კინო და ტელერეჟისურის ხელოვნებას ასწავლიდნენ. მათი სტუდენტების პირველივე ნამუშევრებმა აღიარება მოიპოვეს სხვადასხვა კინოფესტივალებზე. ამ სახელოსნოს აღზრდილები დღეს უკვე ცნობილი რეჟისორები არიან - ლევან თუთბერიძე, ალეკო ცაბაძე, ნიკო წულაზე, ზაზა ხალვაში, ლაშა შონია, თემო ცავა, ელდარ მდინარაძე.

1983 წელს სოსო ჩხაიძემ გადაიღო მუსიკალური ფილმი „მღერის რუსთავი“. საერთო, სოსო ჩხაიძე და ანზორ ერქომაიშვილი ერთმანეთს ჯერ კიდევ „ძველი ქართული საგალობლების“ გადაღების დროს დაუკავშირდნენ და დამეგობრდნენ. ამ ფილმში სწორედ ანსამბლი „რუსთავი“ ასრულებს საგალობლებს.

სწორედ ანზორ ერქომაიშვილის მიერ მოსკოვის ცენტრალურ არქივში უპატრონოდ მიგდებული სპილენძის მატრიცების აღმოჩენამ, რომელზეც 1907 წელს ფირმა „რეკორდის“ მიერ  ჩაწერილი გურული სიმღერები იყო შემონახული,  უკარნახა  სოსო ჩხაიძეს შემდგომი ფილმის გადაღების იდეა. 1979 – 87 წლებში იგი მუშაობს მრავალსერიან მხატვრულ ფილმზე „შვიდკაცა“, რომელიც ქართულ პოლიფონიას, კერძოდ კი გურულ სიმღერებს და მის შემსრულებლებს ეძღვნება. ეს არის დიდი მოცულობის ფილმი თანამედროვე თემაზე, 80-იანი წლების თბილისზე, გურიაზე. სოსო ჩხაიძე აქაც არ ღალატობს თავის სტილისტიკას და ფილმში იღებს რეალურ ადამიანებს, უხუცეს მომღერლებს, თბილისელ თუ მოსკოველ საინტერესო პიროვნებებს, რომლებიც თავისი საქმიანობით უკავშირდებიან მუსიკას, ფოლკლორს. სამწუხაროდ ფილმი, რომლის პირობითი სახელწოდებაა „შვიდკაცა“, დღემდე დაუმთავრებელია. სოსო ჩხაიძემ მოასწრო მისი მთლაინად გადაღება, დამონტაჟება და ნაწილობრივ, გურიის ეპიზოდების, გახმოვანება, რაც დღეს წარმოუდგენელი იქნებოდა.

სიცოცხლის ბოლო წლებში იგი მუშაობას იწყებს მხატვრულ-მონოგრაფიულ ფილმზე „ქალბატონ მარიამის მოგზურობა“, რომელიც მარიამ ბაგრატიონ- მუხრანელის ტრაგიკულ ბედს და მისი უცხოეთში ემიგრირებული ნათესავების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ეს ფილმიც დაუმთავრებელი დარჩა, თუმცა მასალა უნიკალურია და მისი დასრულება ჩვენი უახლესი ისტორიის უამრავ საინტერესო ფაქტს წარმოაჩენს.

საქართველოს ტელევიზიაში მუშაობის 32 წლის მანძილზე ფილმების გარდა სოსო ჩხაიძეს მომზადებული აქვს მრავალი ტელეგადაცემა, რომლებიც ყოველთვის სერიოზული მსჯელობის საგანი ხდებოდა ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო იყო კომპოზიტორ რევაზ ლაღიძეზე.. ასევე აღსანიშნავია მისი მიერ დადგმული საიუბილეო საღამოები - ფილარმონიაში ანსამბლ „რუსთავის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული და მარჯანიშვილის სახ. თეატრში გამოჩენილი ქართველი მხატვრის ელენე ახვლედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი.

ფაქტები რედაქტირება

ანზორ ერქომაიშვილი - სოსო ჩხაიძესთან პირველად „ძველ ქართულ საგალობლებზე“ ვიმუშავე... საგალობლებს ფონოფირზე ვიწერდით, ვინაიდან მაშინ ფირმა „მელოდიას“ ჩამწერი სტუდია არ გააჩნდა , ჩაწერა კონსერვატორიის დიდ დარბაზში მიმდინარეობდა. დღისით დარბაზში ხმაური შემოდიოდა, ამიტომ ხმის ჩაწერა ღამის პირველი საათიდან იწყებოდა და ხშირად დილამდე გრძელდებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ფილმი უკვე მზად იყო, მაგრამ მიმღებმა კომისიამ არ ჩაიბარა, დახურა,როგორც პოლიტიკურად მიუღებელი. საქმეში  ჩაერივნენ კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი, ბ-ნი რეზო ჩხეიძე, აკადემიკოსი ვახტანგ ბერიძე. მათ ფილმი ძალიან მოეწონათ და მის გადასარჩენად ასეთი გზა გამონახეს - როგორც იშვიათი ქართული ძეგლების ამსახველი კინოფილმი, იგი ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა შეიძინა და... მაინც თაროზე შემოდეს. შემდეგ დრომ თავისი ქნა და ეს ფილმი ტელეეკრანებიდან აღარ ჩამოდიოდა... უცხოეთშიც კი  მიქონდათ ქართული კულტურის გასაცნობად.

ირაკლი ონოფრიშვილი – თუში მეცხვარეზე მუშაობის დროს ცხენების დაცურებისა და ცხვრის საზაფხულო საძოვრებზე  გადარეკვის ეპიზოდს  ვიღებთ თორღვაის უღელტეხილზე. სანამ მეცხვარეები უღელტეხილს გადალახავენ, ერთ-ორ დღეს მთის ძირში ბანაკდებიან და ხელსაყრელ ამინდს ელოდებიან. ჩვენც მათთან ერთად ვიყავით. სოსო დროს არ კარგავდა და რეპიტიციას გადიოდა მეცხვარეებთან. მეორე დღეს კარგი ამინდი გამოვიდა, მეცხვარეები აიყარნენ და გზას გაუდგნენ. სოსო და ჯგუფის წევრები მათ გაჰყვნენ. მე  და ჩემი ასისტენტი ილია ვაჩნაძე მოკლეზე წავედით და თოვლით დაფარულ მთებს შევუყევით. ამ დროს ცხვარიც მოადგა უღელტეხილს. სოსო მეცხვარეებს გაჰყვა იმ ადგილის სანახავად, სადაც ცხვარი უფრო ადვილად გადავიდოდა. ამინდი ნელ-ნელა შეიცვალა. ეს უკვე ჩვენი მეორე ასვლა იყო, პირველ წელს ისე გაფუჭდა ამინდი, რომ ვერაფერი გადავირეთ.არადა იქ ასვლა არც ისე ადვილია - ალპური ზონაა და თორღვაის უღელტეხილი 3000 მეტრამდეა ზღვის დონიდან. ამინდი უარესდებოდა, ქარბუქი ამოვარდა, თოვლი წამოყარა. ირაკლი ხიზანიშვილს ფიფქები თოვლის ბაბუასავით ჰქონდა  წვერზე მიყინული. საშინელი გრუხუნი გაისმა,  იქვე ახლოს ზვავი ჩამოწვა და  300 ცხვარი მოყვა ქვეშ. უკვე ერთმანეთის დანახვაც გაგვიჭირდა.მართალი გითხრათ, შემეშინდა - ჩვენ თავს ვიღუპავთ ერთია და სხვებს რას ვერჩით მეთქი და ვუთხარი ბარისკენ დაეშვით, მე სოსო დაველოდებითქო. მტაში ხო იცით ამინდი რა სწრაფად იცვლება. ჰოდა, სანამ სოსო მოვიდოდა ღრუბლები გადაიყარა და მზეც გამოვიდა...სოსო გამოჩნდა, მკითხა - სად არიან ჩვენი ბიჭებიო. ისეთ დღეში ჩავვარდი, მტერს არ ვუსურვებ. ძლივს მოვუყევი ასე და ასე მოხდა და ბიჭები ბანაკში დავაბრუნე მეთქი. ვიჩხუბეთ, სოსოს ვერ ვაჯერებდი რაც მოხდა, ძალიან გამწარდა. აბა როგორია, მომავალ წელს ისევ უნდა ამოვსულიყავით ამ ეპიზოდის გადასაღებად. მერე შტატივი აიღო, მე კინოაპარატი და ნელ-ნელა დავეშვით ბანაკისკენ.

ფილმოგრაფია რედაქტირება

მხატვრული რედაქტირება

  • მეთხუთმეტე ზაფხული, 1971 წ. სცენარის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი.
  • თუში მეცხვარე, 3 სერია, 1977 წ.  სცენარის თანაავტორი, დამდგმელი რეჟისორი.
  • შვიდკაცა, მრავალსერიანი,(1979-87) დაუმთავრებელი. სცენარის თანაავტორი, დამდგმელი რეჟისორი.

დოკუმენტური რედაქტირება

  • კოლხეთი, 1967 წ. რეჟისორი
  • მარიამ ბაგრატიონის მოგზაურობა, (1989-90) დაუმთავრებელი. სცენარის თანაავტორი, რეჟისორი.

მუსიკალური რედაქტირება

  • ძველი ქართული საგალობლები, 1972 წ. სცენარის ავტორი, რეჟისორი
  • მღერის რუსთავი, 1981 წ.რეჟისორი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება