სიყვარული ჟამიანობის დროს

„სიყვარული ჟამიანობის დროს” (ესპ. El amor en los tiempos del cólera) — კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, გაბრიელ გარსია მარკესის, 1985 წლის რომანი. მოქმედება რომანში ხდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში და ეფუძნება მწერლის მშობლების ურთიერთობის ისტორიას. 2007 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ინგლისურენოვანი ფილმი.

„სიყვარული ჟამიანობის დროს
(ესპ. El amor en los tiempos del cólera)“
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი
ქვეყანა კოლუმბია
ენა ესპანური
გამომცემელი Penguin Random House
გამოცემის თარიღი 1985
გვერდი 464[1]

სიუჟეტი რედაქტირება

რომანის მთავარი გმირები არიან ფლორენტინო არისა და ფერმინა დასა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობაში უყვარდებათ. საიდუმლოდ ურთიერთობაში შეყვარებულებს ფერმინას დეიდა — ესკოლასტიკა ეხმარებათ. ფლორენტინომ და ფერმინამ ერთმანეთს რამდენიმე სასიყვარულო წერილი მისწერეს, თუმცა, ერთხელაც ფერმინას მამა, ლორენცო დასა, შეიტყობს მათ შესახებ და ქალიშვილს მოსთხოვს დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ფლორენტინოსთან ურთიერთობა. უარის მიღების შემდეგ, შვილთან ერთად სხვა ქალაქში, გარდაცვლილი ცოლის ოჯახში, გადადის საცხოვრებლად. მანძილის მიუხედავად, ფლორენტინო და ფერმინა განაგრძობენ ერთმანეთთან ურთიერთობას ტელეგრაფის საშუალებით, თუმცა დაბრუნების შემდეგ ფერმინა ხვდება, რომ ფლორენტინოსთან მისი ურთიერთობა ოცნებისა და ილუზიის მეტი არაფერი ყოფილა, რადგან, ფაქტობრივად, ისინი ერთმანეთისათვის უცხოები არიან, ამიტომ იგი წყვეტს მასთან ურთიერთობას და უბრუნებს ყველა მის წერილს.

მოგვიანებით, ფერმინა ხვდება ახალგაზრდა, ეროვნულ გმირს — ექიმ ხუვენალ ურბინოს. მიუხედავად თავდაპირველი ანტიპათიისა მის მიმართ, საბოლოოდ ფერმინა თანხმდება მასთან ქორწინებაზე. ურბინო არის მეცნიერების, თანამედროვეობისა და „წესრიგისა და პროგრესისადმი” „თავშეწირული” ექიმი, რომელიც მოწოდებულია აღმოფხვრას ქოლერა და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ სამუშაოებს. იგი არის რაციონალური ადამიანი, რომლის ცხოვრებაც ზუსტადაა ორგანიზებული და რომელიც დიდად აფასებს საკუთარ მნიშვნელობასა და რეპუტაციას საზოგადოებაში. ის არის პროგრესისა და მოდერნიზაციის მაცნე.[2]

ფერმინას გათხოვების შემდეგაც კი ფლორენტინო დებს ერთგულების ფიცს და უცდის მას. როდესაც ფერმინასთან დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ურბინო გარდაიცვლება, ფლორენტინო მიდის ფერმინასთან, ეუბნება, რომ წლების განმავლობაში მისი ერთგული იყო და მასთან დაბრუნებას სთხოვს. საბოლოოდ ფერმინა მას მეორე შანსს აძლევს. ისინი ცდილობენ იცხოვრონ ერთად ხუთ ათეულ წელზე მეტი ხნის განშორების შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.penguinrandomhouse.com/books/57987/el-amor-en-los-tiempos-del-colera-by-gabriel-garcia-marquez/
  2. Morana, Mabel (winter, 1990). "Modernity and Marginality in Love in the Time of Cholera". Studies in Twentieth Century Literature 14:27–43