სიმონ ხოსე ანტონიო დე ლა სანტისიმა ტრინიდად ბოლივარ ი პალასიოსი[1] (ესპ. Simón José Antonio de la Santísima Trinidad Bolívar Palacios Ponte y Blanco) (24 ივლისი, 1783, კარაკასი, ახალი გრენადა17 დეკემბერი, 1830, სანტა-მარტა, კოლუმბია) — სახელმწიფო მოღვაწე, ვენესუელელი პატრიოტი, სარდალი, დამოუკიდებლობის რამდენიმე მოძრაობის ლიდერი სამხრეთ ამერიკაში, რომელთაც ზოგადად ბოლივარის ომებს უწოდებენ.

მას მიაწერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინამძღოლობას ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, პანამაში და ბოლივიაში. მიუხედავად მის მიერ გამოყენებული ტერორის ტაქტიკისა, ის ეროვნულ გმირად არის აღიარებული ამ ქვეყნებში და კიდევ ლათინურ ამერიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში . ბოლივარი ასევე ცნობილია როგორც "El Libertador" (განმათავისუფლებელი).

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა კარაკასში 1783 წლის 24 ივლისს[2]:6 კრეოლი არისტოკრატის ოჯახში. ჭაბუკობა გაატარა ევროპაში. მან ფიცი დადო, რომ მთელ სიცოცხლეს შესწირავდა სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას:

 
„მე ვფიცავ შენს წინაშე; მე ვფიცავ ჩემი მშობლების ღმერთის წინაშე; მე ვფიცავ ჩემს ღირსებას; და ვფიცავ ჩემს სამშობლოს; რომ არ დავყრი იარაღას, არ დავზოგავ ჩემს სულს, მანამ სანამ არ დავამსხვრევ ჩვენს მჩაგვრელ ჯაჭვებს რომლებიც ახორციელებენ ესპანეთის ძალაუფლებას.“

1807 წელს ბოლივარი დაბრუნდა ვენესუელაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ესპანელთა უღლის დამხობაში, რასაც ვენესუელის პირველი რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა. ესპანელთა მიერ ვენესუელის რესპუბლიკის განადგურების შემდეგ ბოლივარი გამაგრდა ახალი გრანადის ცენტრალურ ნაწილში (თანამედროვე კოლუმბია), სადაც ესპანელებთან ბრძოლაში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 1813 წელს ბოლივარმა აიღო კარაკასი და შექმნა ვენესუელის მეორე რესპუბლიკა. კარაკასის მუნიციპალიტეტმა მას მიანიჭა განმათავისუფლებლის წოდება. 1814 წელს ესპანეთის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში დამარცხდა და ემიგრაციაში წავიდა.

1816 წელს დაბრუნდა ვენესუელაში და წარმატებით შეებრძოლა ესპანელებს. ბოლივარის არმიას წარმატებებში ისიც უწყობდა ხელს, რომ მან გააუქმა მონობა (1816) და გამოსცა დეკრეტი განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიწებით უზრუნველყოფის შესახებ. 1819 წელს ბოლივარის არმიამ დაამარცხა ესპანელთა ჯარები და დაიკავა ვენესუელას ტერიტორია. თუმცა ის ამით არ დაკმაყოფილდა და სრულიად ახალი გრანადის განთავისუფლება გადაწყვიტა ესპანელთა ბატონობისგან. იმავე წელს ბოლივარი ვენესუელიდან თოვლიანი ანდების ქედით გადავიდა ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში. ანდებზე გადასვლისას მებრძოლებს უნდა გაევლოთ უღრანი ტროპიკული ტყეები, თოვლიანი მთები და ნიანგებით სავსე მდინარეები. წვიმა და თოვლი მებრძოლებს სახეში სცემდა, ბევრი მათგანი უფსკრულში ცვიოდა, 4 ათასი მეტრის სიმაღლის თოვლიან უღელტეხილებზე ასვლის დროს ჰაერის უკმარისობის გამო მებრძოლები გონს კარგავდნენ. ბოლივარი წინ მიუძღოდა ლაშქარს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, უღელტეხილები დაძლეულ იქნა. ბოლივარის გაწამებული, ჩამოძონძილი, ფეხშიშველი მეომრები ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ. ბოგოტასთან ბრძოლაში ისინი გააფთრებით ეკვეთნენ ესპანელებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბოლივარელებთან ხელჩართულ შერკინებას და დანებდნენ. ახალი გრანადის დასავლეთი ნაწილი (თანამედროვე კოლუმბია, პანამა და ეკვადორი) უკვე განთავისუფლებულ აღმოსავლეთ ნაწილთან (ვენესუელა გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

 
ბრძოლა აიაკუჩოსთან

ახალი გრანადის განთავისუფლების შემდეგ ბოლივარმა პერუში დაიწყო ბრძოლა. 1824 წლის 6 აგვისტოს სიმონ ბოლივარმა ესპანელები ხუნინთან დაამარცხა, ხოლო 9 დეკემბერს აიაკუჩოს დაბლობზე ესპნელები გაანადგურა კოლუმბიის არმიამ ანტონიო ხოსე სუკრეს მეთაურობით. 1825 წელს გამოცხადდა ზემო პერუს დამოუკიდებლობა და გამოცხადდა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად ბოლივია უწოდა.

ბოლივარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა განმტკიცებას ცდილობდა. იგი გამოდიოდა ამ რესპუბლიკათა გაერთიანების მოთხოვნით. ამ მიზნით 1826 წელს მან პანამაში კონგრესიც კი მოიწვია, მაგრამ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ მიაღწია. სეპარატისტულმა მოძრაობებმა გამოიწვია მისი ძალაუფლების დამხობა პერუსა და ბოლივიაში, ხოლო დიდ კოლუმბიას გამოეყო ვენესუელა და ეკვადორი. 1830 წელს ბოლივარი თადარიგში გავიდა და ჩამოსცილდა სახელმწიფო საქმიანობას. ამის შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

  • Arana, Marie. Bolivar: American Liberator. New York: Simon & Schuster, 2013.
  • Reza, German de la. "La invención de la paz. De la república cristiana del duque de Sully a la sociedad de naciones de Simón Bolívar", México, Siglo XXI Editores, 2009. ISBN 978-607-03-0054-7
  • Bushnell, David. The Liberator, Simón Bolívar. New York: Alfred A. Knopf, 1970.
  • Bushnell, David (ed.) and Fornoff, Fred (tr.), El Libertador: Writings of Simón Bolívar, Oxford University Press, 2003. ISBN 978-0-19-514481-9
  • Bushnell, David and Macaulay, Neill. The Emergence of Latin America in the Nineteenth Century (Second edition). Oxford and New York: Oxford University Press, 1994. ISBN 978-0-19-508402-3
  • Ducoudray Holstein, H.L.V. Memoirs of Simón Bolívar. Boston: Goodrich, 1829.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Arismendi Posada 1983, p. 9.
  2. Arana, M., 2013, Bolivar, New York: Simon & Schuster, ISBN 9781439110195
წინამორბედი:
----
ბოლივიის პრეზიდენტი
1825
შემდეგი:
ანტონიო ხოსე სუკრე