სიზიფე (ძვ. ბერძნ. Σίσυφος) — ეოლიელ ზღვაოსანთა წინაპრების, ეოლოსის და ენარეტეს ცბიერი და პატივმოყავრე შვილი, პლეადა მეროპეს ქმარი, კორინთის აღმაშენებელი და მეფე, ერთი ვერსიით და ძალზე პოპულარული და საანდაზოდ ქცეული გმირი.

პერსეფონე მიუძღვება სიზიფეს ქვესკნელისკენ

კორინთი მუდამ სავაჭრო და სანაოსნო ქალაქი იყო. სიზიფეც ტიპური კორინთელია, ცბიერი და გაიძვერა, როგორც იქაური ვაჭრები. ჰომეროსი მას ხარბსა და ადამიანთა შორის ყველაზე უფრო ანგარებიან კაცს უწოდებს. სინამდვილეში კი ის მოხერხებული, მაგრამ ბერძენ ღმერთებთან მებრძოლია. ჰომეროსი, ჰესიოდე, ჰორაციუსი, ოვიდიუსი, აპოლოდორე და სხვა მეცნიერები თანხმდებიან, რომ ღმერთებმა ის მძიმე დანაშაულებისთვის მკაცრად დასაჯეს, ჰადესთან გაგზავნეს და კლდის დიდ ლოდთან შეაჭიდეს, რომელიც მწვერვალზე უნდა ააგოროს. დიდი ვაივაგლახით აზიდავს, სულს მოითქვამს, ქვა ისევ დაუგორდება, ისევ შეეჭიდება და ასე უსასრულოდ. ჰომეროსი არ ამბობს რისთვის დაისაჯა ასე მძიმედ, მომდევნო დროის ავტორები კი ჩამოთვლიან: ღმერთებს ატყუებდა, გზაში მდიდრებს ძარცვავდა, ზევსი გასცა (როცა ზევსმა ფარულად მოიტაცა მდინარის ღმერთ ასოპოსის ასული ეგინა, იგი სიზიფემ დაასმინა ასოპოსთან) და ა.შ. მოხერხებით აჯობა ცნობილ ქურდს ავტოლიკესაც: წინასწარ ამოუწვა ჩლიქები საქონელს, რომელიც მან მოიპარა. ზევსი ამ და სხვა უცნაურობებზე განრისხდა და თანატოსს მისი ჰადესთან წაყვანა ბრძანა. სიზიფემ სიკვდილის ღმერთი მოხერხებით შეიპყრო და შებოჭა, ამიტომ აღარავინ კვდებოდა , ვიდრე ბოლოს არ აივსო ღმერთების მოთმინების ფიალა და არ გამოკეტეს ქვესკნელში. სიზიფეს სულმა ჰადესს სთხოვა გაეშვა ზევით, რათა ცოლი დაესაჯა. ჰადესიც მოტყუვდა. სააქაოს დაბრუნებულმა სიზიფემ პირობა გატეხა, სუფრას მიუჯდა და ქვესკნელში დაბრუნება აღარც გახსენებია. ბოლოს ჰერმესი მიუგზავნეს და მოახერხეს სიზიფეს მოშორება . აპოლოდორე მოგვითხრობს მხოლოდ მთავარ ჰომეროსისეულ ეპიზოდს, მაგრამ სიზიფეს სახე მეტია, ვიდრე ეს საქრესტომათიო ეპიზოდი.

სიზიფეს სული ჰადესში იტანჯება, სხეული კი დაკრძალეს ისთმოსში. ლოდთან შეჭიდებული სიზიფე ანტიკურ გამოსახულებებზეც შემორჩა. მისი ტანჯვა სრულად ასახა ტიციანმა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 448, თბ., 1983