იმპერატორის მეუღლე სიაოშენჩენგი (ჩინ.: 孝慎成皇后; დ. 5 ივლისი, 1792 — გ. 16 ივნისი, 1833, აკრძალული ქალაქი) — ჩინელი არისტოკრატი და ტუნგიას კლანის წარმომადგენელი. ჩინეთის იმპერატორ დაოგუანგის მეორე მეუღლე 1809 წლიდან და მისი ოფიციალური კონსორტი 1822-1833 წლებში.

სიაოშენჩენგი
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე
მმართ. დასაწყისი: 28 დეკემბერი, 1822
მმართ. დასასრული: 16 ივნისი, 1833
წინამორბედი: სიაოხერუი
მემკვიდრე: სიაოცუანჩენგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ივლისი, 1792
გარდ. თარიღი: 16 ივნისი, 1833, (40 წლის)
მეუღლე: დაოგუანგი
შვილები: დუანმინი, პირველი რანკის პრინცესა
დინასტია: ცინი (ქორწინებით)
მამა: შუმინგა, სინიანის მაგისტრატი
დედა: უცნობია

ბიოგრაფია რედაქტირება

სიაოშენჩენგი დაიბადა მთვარის კალენდრის მეხუთე თვის მე-17 დღეს, იმპერატორ ციანლონგის მმართველობის 57-ე წელს, რაც ითარგმნება როგორც გრეგორიანული კალენდრით 1792 წლის 5 ივლისს, ჩინეთში. იგი იყო ტუნიგიას ძლევამოსილი კლანის წარმომადგენელი. მამამისი შუმინგა, იყო პირველი კლასის დიდგვაროვანი. ამას გარდა, იგი 1771-1772 წლებში იყო იონგანის მაგისტრატი, 1776-1777 წლებში კი სიანანის. მიუხედავად ამისა, სიაოშენჩენგის დედის ვინაობა დღემდე უცნობია.

თავისი დიდი წარმომავლობის გამო, სიაოშენჩენგი თავიდანვე საიმპერატორო კარზე იზრდებოდა, სადაც ცნობილი იყო როგორც ქალბატონი ტუნგია.

1808 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა იმპერატორ ჯიაცინგის ტახტის მემკვიდრის მეუღლე, პრინცესა სიაომუჩენგი, რის გამოც პრინცმა დაოგუანგმა მეორე საცოლის ძიება დაიწყო. მან თავისი არჩევანი სწორედ ქალბატონ ტუნგიაზე შეაჩერა. ამას მოჰყვა 1809 წლის 2 თებერვალს სიაოშენჩენგისა და დაოგუანგის ქორწინება, რითაც იგი მისი მეორე, თუმცა ერთადერთი მეუღლე და ოფიციალური კონსორტი გახდა.

1813 წლის 29 ივლისს, სიაოშენჩენგმა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი — პრინცესა დუანმინი გააჩინა, რომელსაც პირველი რანკის პრინცესობა უბოძეს. მიუხედავად ამისა, მისი სიცოცხლე მეტად ხანმოკლე გამოდგა, რადგანაც იგი 1819 წლის 7 დეკემბერს, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა 6 წლის ასაკში.

საიმპერატორო ექიმის დასკვნით, სიაოშენჩენგი მეტი ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებდა, რის გამოც დაოგუანგი იძულებული გახდა კიდევ ერთი ცოლი შეერთო სიაოცუანჩენგის სახით, რომელთა ქორწინებაც 1821 წლის 26 დეკემბერს შედგა. აღსანიშნავია, რომ სწორედ სიაოცუანჩენგთან შეეძინა დაოგუანგს მომავალი იმპერატორი — სიანფენგი, რომელიც ქვეყანას 1831 წელს მოევლინა. მიუხედავად ამისა, იმპერატორმა 1825 წელს კიდევ მეოთხე ცოლი შეირთო სიაოჯინგჩენგის სახით.

სიაოშენჩენგი იმპერატორის საყვარელ მეუღლედ რჩებოდა, რის გამოც იგი მისი ერთადერთი ოფიციალური კონსორტი იყო, ანუ მის სხვა ცოლებს არ ჰქონდათ ოფიციალური პოზიცია და წოდება.

1820 წლის 2 სექტემბერს სიაოშენჩენგის მამამთილი, იმპერატორი ჯიანცინი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იმპერატორი დაოგუანგი გახდა. 1822 წლის 28 დეკემბერს სიაოშენჩენგი მისი ოფიციალური კონსორტი გახდა, რის შემდეგაც ეწოდა მას ეს სახელი, მისი დაბადების სახელი კი ჩვენთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ სიაოშენჩენგი თავად განაგებდა იმპერატორის ჰარამხანას და სხვა ცოლებისგან განსხვავებით ქმრის ღალატზე პრობლემა არასდროს ჰქონია. 1833 წლის 16 ივნისს, 40 წლის სიაოშენჩენგი აკრძალულ ქალაქში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს დასავლეთ ცინის მავზოლეუმში. მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, 1834 წელს დაოგუანგმა თავის ოფიციალურ კონსორტად საკუთარი მესამე ცოლი, სიაოცუანჩენგი გამოაცხადა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Wan, Yi; Shuqing, Wang; Yanzhen, Lu; Scott, Rosemary E. (1988). Daily Life in the Forbidden City: The Qing Dynasty, 1644-1912 (Illustrated ed.). Viking. ISBN 0670811645.
  • Wei, Betty Peh-T'i (2006). Ruan Yuan, 1764-1849: The Life and Work of a Major Scholar-Official in Nineteenth-Century China Before the Opium War. Hong Kong University Press. p. 272. ISBN 962-209-785-5.
  • Zhao, Erxun (1928). Draft History of Qing (Qing Shi Gao) (in Chinese).