სვებების სამეფო (ლათ. Regnum Suevorum), გალისიის სამეფო (ლათ. Galliciense Regnum) — სახელმწიფო პირენეს ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 410–584 წლებში.

სვებების სამეფო
Regnum Suevorum

410/411–585
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
სვებების სამეფო დაახლ. 455 წელს
დედაქალაქი ბრაკარა-აუგუსტა (დღ. ბრაგა)
ენები ლათინური (ადმინისტრაციული/ლიტურგიული)
რელიგია გერმანული წარმართობა, არიანელობა, კათოლიციზმი
მთავრობა მონარქია
მეფე
 -  409–438 ჰერმერიკი
 -  585 მალარიკი
ისტორია
 -  ჰერმერიკის მიერ გალისიის დაპყრობა 409
 -  შეთანხმება იმპერატორ ჰონორიუსთან 410/411
 -  ვესტგუთების სამეფოს მიერ დაპყრობა 585
დღეს ამ ტერიტორიაზე გიბრალტარის დროშა გიბრალტარი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
პორტუგალიის დროშა პორტუგალია

ნახევარკუნძულზე სვებების შეღწევის შემდეგ, მათმა მეფე ჰერმერიკმა (409–438) 410/411 წელს სცნო რომის იმპერატორ ჰონორიუსის ბატონობა და მასთან შეთანხმება გააფორმა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა სვებების სამეფო დედაქალაქით ბრაკარა-აუგუსტა (დღ. ბრაგა). 438 წელს ზავი დადო გალაიკებთან და ტახტიდან გადადგა საკუთარი ვაჟის სასარგებლოდ. თავისი უდიდესი გაფართოების მომენტში (438–456) სვებების სამეფო იკავებდა რომის პროვინცია გალეციის ტერიტორიას და ლუზიტანიის უდიდეს ნაწილს. მეფე რეკვილამ (438–448) 438 წელს ბეტიკის წინააღმდეგ ბრძოლის დროს გაანადგურა ადგილობრივ დიდებულთა არმია, 441 წელს დაიკავა ჰისპალისი (დღ. სევილია), 446 წელს დაამარცხა ფედერატი ვესტგუთები. მისმა მემკვიდრემ რექიარმა (448–456) გააძლიერა სამეფო, 449 წელს მიიღო კათოლიკობა, მოჭრა საკუთარი ოქროსა და ვერცხლის მონეტები.

V–VI საუკუნეში სვებების მიერ მართულ ტერიტორიას გალისია ეწოდებოდა, ამ დროს ნახევარკუნძულის დანარჩენ, ვესტგუთურ ტერიტორიას ესპანეთად მოიხსენიებდნენ. მდინარე ორბიგოზე გამართულ ბრძოლაში (6 ოქტომბერი, 456) სვებების სამეფოს ჯარებმა დამარცხება განიცადეს ვესტგუთებისაგან. მათ აიღეს და გაძარცვეს ბრაკარა-აუგუსტა, რექიარი სიკვდილით დასაჯეს. მეფე რექიმუნდის (464–469) დროს 466 წელს ვესტგუთების გავლენით გადავიდნენ არიანელობაზე. 468 წელს მეფემ მშვიდობიანად დაიკავა ელისიპო (დღ. ლისაბონი), რომელიც ქალაქის დიდებულებმა გადასცეს, ამავე წლის გაზაფხულზე გაძარცვა კონიმბრიგა (დღ. კოიმბრა). 469–550 წლები სვებების სამეფოს ისტორიაში უცნობი პერიოდია, რაც განპირობებულია წყაროების თითქმის არარსებობით.

საერთო ჯამში სვებებმა შეცვალეს (ერთობ მნიშვნელოვნად) იმ საზოგადოების სტრუქტურა და კულტურა, რომელიც მათ დაიქვემდებარეს. სამეფოს მცირერიცხოვანი გერმანული მოსახლეობა განუხრელად შეერია ავტოქთონურს და ძალიან სწრაფად აითვისა ადგილობრივი იბერიულ-რომაული ენები (გალისიურ და პორტუგალიურ ენებში გერმანული ენობრივი მოწმობები შედარებით მცირედაა შემორჩენილი). სვებებისა და გალისიელ-რომაელთა შერწყმის საბოლოო ნაბიჯი აღმოჩნდა დაახლოებით 550 წელს მეფე ქარარიკისა (550–558/559) და მისი სამეფო კარის მიერ კათოლიციზმის მიღება. მეფის მიერ მხარდაჭერილი ქრისტიანიზაცია მიმართული იყო სასოფლო რაიონებისაკენ, სადაც ძლიერი იყო წარმართობისა და პრისცილიანეს ერესის გავლენა (ქალაქების მოსახლეობა უკვე V საუკუნის შუა ხანებისთვის უპირატესად კათოლიციზმის მიმდევარი იყო). 569 წელს ლუგოში გამართულ კრებაზე გვიანდელი რომისაგან მემკვიდრეობით მიღებული საეკლესიო ორგანიზება გარდაიქმნა, 134 მრევლი გაერთიანდა 13 დიოცეზში, მათ შორის იყო 4 ახალი დიოცეზი მდინარე დორიის (დორუს) სამხრეთით.

576 წელს ვესტგუთების მეფე ლეოვიგილდი სვებების სამეფოში შეიჭრა. 580 წელს ვესტგუთების სამეფოში აჯანყება დაიწყო. აჯანყებულთა ხელში მყოფი ლუზიტანიისა და ბეტიკის დასაბრუნებლად ბრძოლის დროს ლეოვიგილდმა აიღო ლუზიტანიის დედაქალაქი ემერიტა-აუგუსტა (დღ. მერიდა), 583 წელს ალყა შემოარტყა ჰისპალისს. სვებების მეფე მირო (570–583) ჩაება ბრძოლაში და ჰისპალისზე ლაშქრობა მოაწყო. მისი მემკვიდრე ებორიკი (583–584) ამავე წელს დამარცხდა ვესტგუთებთან. აჯანყების, აგრეთვე სვებების მეფეთა პოლიტიკური დამოუკიდებლობის ბოლოს მოღებისათვის ლეოვიგილდი შეიჭრა სვებების სამეფოში, დაამხო და მონასტერში განაწესა ებორიკი; ვიზეუში, ტუიში, ლუგოსა და ოპორტოში არიანელი ეპისკოპოსები დასვეს. სვებების სამეფო ტერიტორია ვესტგუთების სახელმწიფოს პროვინცია გახდა.

ლიტერატურა რედაქტირება