პრინცესა სესილია ავგუსტა ბადენელი (გერმ. Prinzessin Cäcilie Auguste von Baden), აგრეთვე ცნობილია, როგორც ოლღა ფიოდოროვნა (რუს. Ольга Фёдоровна; დ. 20 სექტემბერი, 1839, კარლსრუე, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანია ― გ. 12 აპრილი, 1891, ხარკივი, რუსეთის იმპერია) ― ცერინგენების დინასტიის წარმომადგენელი. ბადენის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდის ქალიშვილი. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ძის, დიდ მთავარ მიხეილის მეუღლე 1857 წლიდან. დანიის დედოფალ ალექსანდრინას ბებია.

სესილია ბადენელი
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი
ბადენის პრინცესა
დაიბადა 20 სექტემბერი, 1839
კარლსრუე, ბადენის დიდი საჰერცოგო, გერმანია
გარდაიცვალა 12 აპრილი, 1891, (51 წლის)
ხარკივი, რუსეთის იმპერია
საგვარეულო ცერინგენები
მეუღლე(ები) დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩ რომანოვი
(ქ. 1857)
შვილ(ებ)ი დიდი მთავარი ნიკოლოზი
ანასტასია, მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგინია
დიდი მთავარი მიხეილი
დიდი მთავარი გიორგი
დიდი მთავარი ალექსანდრე
დიდი მთავარი სერგეი
დიდი მთავარი ალექსი
მამა ლეოპოლდი, ბადენის დიდი ჰერცოგი
დედა სოფია შვედი
რელიგია ჯერ ლუთერანობა
შემდეგ მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია რედაქტირება

სესილია დაიბადა 1839 წლის 20 სექტემბერს კარლსრუეში. იგი იყო ბადენის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდისა და მისი მეუღლის, შვედეთის პრინცესა სოფიას ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფის შვილიშვილი და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-ის შთამომავალი იყო. ასევე დედის ხაზით იგი საფრანგეთის დედოფალ ანა კიეველის, მისი ხაზით კი რუსეთის მმართველი რიურიკების დინასტიის წარმომადგენელ იაროსლავ ბრძენის შთამომავალი იყო.

როდესაც სესილია ჯერ კიდევ პატარა იყო, 1848 წელს ბადენში რევოლუცია მოხდა და მისი ოჯახი იძულებული გახდა კარლსრუედან კობლენცში გადასულიყვნენ. 1852 წელს დაიღუპა მამამისიც, რის შემდეგაც დედამისმა მის გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. 1856 წელს მისმა ძმამ, დიდმა ჰერცოგმა ფრიდრიხ I-მა ცოლად გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ I-ის ასული, ლუიზა პრუსიელი შეირთო, რის შემდეგაც დადგა სესილიას გათხოვების ჯერიც.

 
პრინცესა სესილია ქმართან და ორ უფროს შვილთან ერთად

1857 წლის 28 აგვისტოს ზამთრის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში პრინცესა სესილია დააქორწინეს რუსეთის დიდ მთავარ მიხეილ რომანოვზე, იმპერატორ ნიკოლოზ I-ისა და იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას (ქალიშვილობაში შარლოტა პრუსიელი, სესილიას რძლის ღვიძლი მამიდა) ნაბოლარა ვაჟზე. 1861 წელს სანქტ-პეტერბურგში დასრულდა სპეციალურად მათთვის აგებული ახალი მიხაილოვსკის სასახლის მშენებლობა, რომელიც მათ რეზიდენციად იქცა. მათ ასევე რამდენიმე საზაფხულო რეზიდენცია ჰქონდათ სამხრეთ უკრაინაში, შავი ზღვისპირას.

აღსანიშნავია, რომ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე სესილია მართლმადიდებლობაზე მოექცა, რის შემდეგაც რუსებმა მას სახელი შეუცვალეს და ოლღა ფიოდოროვნა დაარქვეს.

1860 წელს სესილია თავის ქმართან ერთად ეწვია ლონდონს, სადაც ისინი დიდი პატივით მიიღო დედოფალმა ვიქტორიამ. მოგვიანებით დედოფალი თავის ქალიშვილთან, იმპერატრიცა ვიქტორიასთან გაგზავნილ წერილში სესილიას დადებითად ახასიათებდა.

1862 წელს მისმა ძმამ, იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დიდი მთავარი მიხეილი კავკასიის მეფისნაცვლად დანიშნა, რის გამოც სესილია ქმარ-შვილთან ერთად თბილისში გადადის საცხოვრებლად. წყვილმა თბილისში 20 წლამდე იცხოვრა. ამ პერიოდში მათ იმპერატორ ალექსანდრეს დავალებით აქ არაერთი ლიბერალური რეფორმა გაატარეს. თავად სესილია დიდ ყურადღებას აქცევდა ქალთა განათლების პრობლემას, რომლის აღმოსაფხვრელადაც 1864 წელს თბილისში დააარსა ქალთა პირველი სკოლა. მოგვიანებით მას მის პატივსაცემად „დიდ მთავარ ოლღა ფიოდოროვნას ქალთა გიმნაზია“ ეწოდა. ასევე, მეფისნაცვლის მეუღლის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისთვის თბილისში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთ ქუჩას ოლღინსკაია ერქვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სესილიასა და მიხეილის შვიდი შვილიდან ოთხი საქართველოში დაიბადა, აქედან სამი თბილისში.

1881 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობასთან ერთად დასრულდა მიხეილის მეფისნაცვლობაც, რის გამოც ის და სესილია სანქტ-პეტერბურგში თავიანთ რეზიდენციაში დაბრუნდნენ. რუსეთში დაბრუნებიდან მალევე სესილიამ თავისი ერთადერთი ქალიშვილი, ანასტასია მიხაილოვნა, მოახერხა და დააქორწინა მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც III-ზე. ამ საქმეში მას მისი ქმრის ბიძაშვილის ცოლი, მარია მეკლენბურგ-შვერინელი დაეხმარა, რომელიც ფრიდრიხ ფრანცის და იყო. აღსანიშნავია, რომ მისმა ქალიშვილმა დედის პატივსაცემად თავის ქალიშვილს სესილია დაარქვა.

1891 წლის 2 მარტს სანრემოში სესილიას ნაბოლარა ვაჟი, დიდი მთავარი ალექსი 19 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით, რამაც მასზე საშინელი გავლენა იქონია. ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე მისმა ვაჟმა, მიხეილმა მალულად იქორწინა თავის საყვარელზე, რამაც რუსეთის საიმპერატორო ოჯახში დიდი სკანდალი გამოიწვია, რასაც ასევე დიდი გავლენა ჰქონდა სესილიაზე. ამ ყველაფრის გამო იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და სულ მალევე დაეწყო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც. ექიმებმა გამოსაჯანმრთელებლად მას შედარებით უფრო მზიან ადგილას გამგზავრება ურჩიეს, ამიტომაც იგი 1891 წლის 9 აპრილს ხარკივში მდებარე თავის რეზიდენციაში ჩავიდა მატარებლით, თუმცა ხანგრძლივმა მგზავრობამ უარესად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე და იმავეწლის 12 აპრილს სესილია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს სანქტ-პეტერბურგში, წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში. ამის შემდეგ მისი ქმარი აღარ დაქორწინებულა და გარდაიცვალა 1909 წელს, 77 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

სურათი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
  ნიკოლოზი 26 აპრილი, 1859

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

28 იანვარი, 1919

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(59 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. დახვრიტეს ბოლშევიკებმა. გარდაიცვალა დაუქორწინებელი

და უშვილო.

  ანასტასია 28 ივლისი, 1860

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

11 მარტი, 1922

ეზი, საფრანგეთი

(61 წლის)

ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-შვერინის დიდ ჰერცოგ ფრიდრიხ ფრანც III-ს, რომელთანაც

შეეძინა სამი შვილი: დანიის დედოფალი ალექსანდრინა, მეკლენბურგ-შვერინის

უკანასკნელი დიდი ჰერცოგი ფრიდრიხ ფრანც IV და გერმანიის კრონპრინცესა სესილია.

  მიხეილი 16 ოქტომბერი, 1861

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

26 აპრილი, 1929

ლონდონი,

დიდი ბრიტანეთი

(67 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო გრაფინია სოფია ფონ მერენბერგი,

რომელთანაც შეეძინა სამი შვილი.

  გიორგი 23 აგვისტო, 1863

თბილისი,

საქართველო

28 იანვარი, 1919,

სანქტ-პეტერბურგი,

რუსეთი

(55 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო პრინცესა მარია ბერძენი, რომელთანაც

შეეძინა ორი გოგონა: ნინა და ქსენია. დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

  ალექსანდრე 13 აპრილი, 1866

თბილისი,

საქართველო

26 თებერვალი, 1933

ვილა-სენ-ტერეზი,

საფრანგეთი

(66 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, დიდი მთავარი ქსენია

ალექსანდროვნა რომანოვა, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი.

  სერგეი 7 ოქტომბერი, 1869

ბორჯომი,

საქართველო

18 ივლისი, 1918

ალაპაევსკი, რუსეთი

(48 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. დახვრიტეს ბოლშევიკებმა. გარდაიცვალა დაუქორწინებელი

და უშვილო.

  ალექსი 28 დეკემბერი, 1875

თბილისი,

საქართველო

2 მარტი, 1895

სანრემო, იტალია

(19 წლის)

რუსეთის დიდი მთავარი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო,

ტუბერკულოზით.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Beéche, Arturo. The Grand Dukes, Eurohistory, 2010. ISBN 978-0-9771961-8-0
  • Alexander, Grand Duke of Russia, Once a Grand Duke, Cassell, London, 1932.
  • Cockfield, Jamie H, White Crow, Praeger, 2002, ISBN 0-275-97778-1
  • King, Greg, Wilson, Penny. Gilded Prism, Eurohistory, 2006, ISBN 0-9771961-4-3
  • Perry, John and Pleshakov, Konstantin. The Flight of the Romanovs, Basic Books, 1999, ISBN 0-465-02462-9.
  • Zeepvat, Charlotte. The Camera and the Tsars, Sutton Publishing, 2004, ISBN 0-7509-3049-7.