სერვერ-ბეგ ათაბაგი

ოსმან სერვერ-ბეგ ათაბაგი, სერვერ-ბეი ათაბეკოვ-ქვაბლიანსკი (დ. 20 აგვისტო, 1886 — გ. 13 დეკემბერი, 1962) — სამცხის ძველ მთავართა — გამაჰმადიანებულ ჯაყელთა შთამომავალი და მესხეთის მუსლიმთა პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი.

დაიბადა ახალციხეში, გავლენიანი მიწათმფლობლისა და რუსეთის იმპერიის არმიის გენერლის ოჯახში, რომლის მამულშიც სტუმრობდა და გარდაიცვალა იმპერატორ ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმა, დიდი მთავარი გიორგი. სერვერ-ბეგმა ევროპული განათლება მიიღო: გერმანიაში სამიწათმოქმედო და საბადოების ინჟინერიას, პეტერბურგში კი — სამართალს დაეუფლა. საქართველოში მისი დაბრუნება პირველი მსოფლიო ომის წლებს დაემთხვა. 1918 წელს მან მესხეთის მუსლიმთა ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა პან-თურქისტულ და სეპარატისტულ მოძრაობას, რომელიც მიზნად ისახავდა მესხეთის საქართველოსგან ჩამოშორებას და ე.წ. სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის (ყარსის) რესპუბლიკაში გაერთიანებას. გამოსვლებს თან სდევდა სისხლიანი შეტაკებები მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის. საბოლოოდ, 1919 წელს, საქართველოს არმიამ გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით გაანადგურა ამბოხებულთა რაზმები და ახალციხე და ართვინი საქართველოს შემოუმტკიცა. დამარცხებული სერვერ-ბეგი დედასთან და დებთან ერთად თურქეთში გაიქცა. საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისა და რუსეთ-თურქეთის 1921 წ. გარიგების შემდეგ ისტორიული მესხეთის დიდი ნაწილი, მ.შ. ართვინი და არტაანი (არდაჰანი) თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. სერვერ-ბეგი თურქეთის პარლამენტში აირჩიეს არდაჰანიდან. 1923 წელს, თურქეთში გვარების შემოღებასთან დაკავშირებით, მან ათაბეგის (Atabek) გვარი მიიღო. ამავე დროიდან იგი პოლიტიკას ჩამოშორდა და ინჟინრად მუშაობდა. დაიღუპა ავტოავარიაში, ქ. იზმირში.