სეპიკი (ინგლ. Sepik River) — ყველაზე უფრო გრძელი მდინარე კუნძულ ახალი გვინეაზე და იმავდროულად სახელმწიფო პაპუა-ახალ გვინეაში. მდინარის დიდი ნაწილი მიედინება სანდაუნის და აღმოსავლეთი სეპიკის პროვინციების ტერიტორიაზე; მხოლოდ მცირე ნაწილი მდებარეობს ინდონეზიის პროვინცია პაპუას ტერიტორიაზე. მდინარე სეპიკი ეკუთვნის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მდინარეთა სისტემას, რომელსაც აქვს მდინარის აუზის დიდი ფართობი. ლანდშაფტი, რომელზეც მდინარე მიედინება, საკმაოდ მრავალფეროვანია: ჭაობიანი ადგილებიდან მთიან რაიონებამდე, რომლებიც დაფარულია ხშირი ტროპიკული ტყეებით. ეკოლოგიური თვალსაზრისით, მდინარე სეპიკი, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი წყალ-ჭაობიანი სავარგულია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც არ განიცდის დამღუპველ ანთროპოგენურ ზემოქმედებას.[1]

სეპიკი
ინგლ. Sepik River

მდინარის ხედი კოსმოსიდან
ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეა
სათავე 5°13′00″ ს. გ. 141°49′00″ ა. გ. / 5.21667° ს. გ. 141.81667° ა. გ. / -5.21667; 141.81667
სათავის მდებარეობა ვიქტორ-ემანუილის მთები
შესართავი ბისმარკის ზღვა
3°50′30″ ს. გ. 144°32′30″ ა. გ. / 3.84167° ს. გ. 144.54167° ა. გ. / -3.84167; 144.54167
სიგრძე 1126 კმ
აუზის ფართობი 80 321 კმ²
სეპიკი (მდინარე) — პაპუა-ახალი გვინეა
სეპიკი (მდინარე)
სეპიკი (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
სეპიკი ვიკისაწყობში

გეოგრაფია რედაქტირება

 
მდინარე სეპიკი პაპუა-ახალი გვინეის რუკაზე

მდინარის სათავე მდებარეობს ვიქტორ-ემანუილის მთებში, კუნძულ ახალი გვინეის ცენტრალურ მაღალმთიან რაიონში. დასახლებულ პუნქტ ტელეფომინიდან სიახლოვეს მდებარე მაღალმთიანი რაიონიდან მდინარე სეპიკი მიედინება ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით. სოფელ იაპსეისთან სიახლოვეს მდინარე ტოვებს მთიან ადგილებს და აგრძელებს დინებას ინდონეზიის პაპუას პროვინციაში, სადაც ხელმეორედ იცვლის თავის დინებას, უკვე ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით და მიედინება კუნძულის დიდ ღრმულში. ამ რაიონში მდინარე სეპიკში ჩაედინება მცირე მდინარეების დიდი რაოდენობა, რომელთა სათავეები ბევანის და ტორიჩელის მთებშია.

მთელი თავისი დინების მანძილზე მდინარე სეპიკს აქვს დაკლაკნილი ფორმა, მსგავსი მდინარე ამაზონისა სამხრეთ ამერიკაში. მდინარე საბოლოოდ ჩაედინება ბისმარკის ზღვაში, პაპუა-ახალი გვინეის ჩრდილოეთ ნაწილში. სხვა დიდი მდინარეებისგან განსხვავებით მდინარე სეპიკს არ გააჩნია დელტა, ამიტომ ის ჩაედინება პირდაპირ ზღვაში დაახლოებით 100 კმ-ში ქალაქ ვევაკიდან. მთელი თავისი დინების მანძილზე მდინარე სეპიკი სანაოსნოა.

მდინარე სეპიკის საერთო სიგრძე შეადგენს 1126 კმ-ს, ხოლო მდინარის აუზის ფართობია — 80 321 კმ².[2] მდინარეზე მდებარეობს მთავარი კლაკნილი ფორმის ზოლი, ანუ მეანდრი, სიგანით 5—10 კმ, რომლებიც იქმნება მდინარის მთელი დინების გასწვრივ. ამას გარდა, მდინარემ წარმოქმნა ჭალის ფართე ვაკე სივრცეები ჭაობიანი ჭალებით, სიგანით 70 კმ-მდე.[1] ამავე ვაკე ადგილებზე მდებარეობენ მრავალრიცხოვანი (დაახლოებით 1500) ნამდინარევები და სხვა ტბები, რომელთაგან ყველაზე დიდია — ჩამბრის ტბა.[1]

მდინარე სეპიკის აუზს პრაქტიკულად არ განუცდია ანთროპოგენური ფაქტორები, რადგანაც მის რაიონში არ არსებობს მსხვილი ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტები ან სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავება.

ისტორია რედაქტირება

 
ავსტრალიელი ანთროპოლოგი ერნესტ ჩინერი ერთ-ერთ სოფელში თავისი კვლევების დროს.

ევროპელებიდან მდინარის კვლევა 1885 წელს დაიწყეს გერმანელმა კოლონისტებმა, რომლებიც დაკავებულები იყვნენ გერმანიის ახალი გვინეის მოწყობით. გერმანელმა მკვლევარმა ოტო ფინშმა მდინარეს დაარქვა «კაიზერინ-აუგუსტა» (გერმ. Kaiserin Augusta), გერმანიის იმპერატრიცა აუგუსტას პატივსაცემად.[3] მდინარის აღმოჩენის შემდეგ, ოტო ფინშმა მდინარის ბისმარკის ზღვასთან შეერთების ადგილიდან შეცურა კუნძულ ახალი გვინეის სიღრმეში დაახლოებით 50 კმ-ზე.[3]

1886 წლიდან 1887 წლამდე პერიოდში გერმანელი მკვლევარების მიერ შესწავლილი იქნა მდინარე სეპიკის კიდევ დაახლოებით 600 კმ.[3] შემდეგი ექსპედიციები მოეწყო 1912 და 1913 წლებში. შედეგად შეიკრიბა ადგილობრივი ფლორის და ფაუნის ბევრი ნიმუში, შესწავლილი იქნა ადგილობრივი ტომები და შედგა ტერიტორიის პირველი რუკები. მდინარის ქვედა დინებაში შემდგომი ექსპედიციების მოსამზადებლად ბაზის სახით დაარსდა ქალაქი ანგორამი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მდინარე სეპიკის რაიონში ყველა სახის კვლევები შეწყდა.[3]

პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კონტროლი გერმანიის ყოფილ კოლონიაზე დაამყარა ავსტრალიამ და შექმნა ახალი გვინეის ტერიტორია. შედეგად, მდინარე სეპიკი ასევე გადავიდა ავსტრალიის ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ. დროის ამ პერიოდში ავსტრალიელებმა შემდგომი კვლევების მოსამზადებლად დააარსეს ქალაქი მდინარის შუა დინებაში, რომელსაც ამბუნტი დაარქვეს.[3]

1935 წელს ახალი გვინეის ტერიტორიის ახალმა ხელმძღვანელმა სერ უოლტერ მაკნიკოლმა, მოაწყო მოგზაურობა მდინარე სეპიკზე, რომ «დაკვირვებოდნენ და ენახათ მდინარის მაცხოვრებლები და ნაპირის გასწვრივ არსებული ბუნება».[4]

მეორე მსოფლიო ომის წლებში ტერიტორია, სადაც მდინარე სეპიკი მიედინება, გადავიდა იაპონიის კონტროლ ქვეშ. მაგრამ ომის დამთავრებისას, როდესაც ამერიკელებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ ჯაიაპურაზე, ახალი გვინეის ნიდერლანდების ნაწილზე, იაპონელები აღმოჩნდნენ ალყაში და 1944 წლის აგვისტოსთვის მათი დიდი ნაწილი განადგურდა. 1945 წლის ივლისში ავსტრალიის ჯარმა განდევნეს იაპონელი სამხედროები მდინარე სეპიკის შუა ნაწილში — სოფელ ტიმბუნკესკენ, ხოლო 1945 წლის სექტემბერში იაპონური ქვედანაყოფები მთლიანად იქნა განადგურებული.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Sepik River - Papua New Guinea. Adrian R. Tappin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-24. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  2. Sepik. Watersheds of Asia and Oceania. International Union for Conservation of Nature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-14. ციტირების თარიღი: 2010-04-04.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Lipscomb, Adrian; et al. (February 1998). Papua New Guinea, 6, Lonely Planet, გვ. 249–252. ISBN 0-86442-402-7. 
  4. McCarthy, J.K. (1963). Patrol into yesterday. Melbourne: F.W Cheshire Pty Ltd, გვ. 139–149. ISBN 0701503270.