სეგუ (ფრანგ. Ségou) — ქალაქი მალის სამხრეთი ნაწილის ცენტრში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოდან 235 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთში მდინარე ნიგერზე, სეგუს რეგიონში. იგი 1620 წელს დააარსეს ბოსოს ხალხის დასახლებულებმა. 2009 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქს ქვეყანაში მეოთხე ადგილი უკავია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, რომელიც შეადგენს 133 501 ადამიანს.[1]

ქალაქი
სეგუ
ფრანგ. Ségou

ქალაქის მშრომელები
ქვეყანა მალის დროშა მალი
რეგიონი (მალი)|მალის რეგიონები|რეგიონი სეგუ
კოორდინატები 13°27′00″ ჩ. გ. 6°16′00″ დ. გ. / 13.45000° ჩ. გ. 6.26667° დ. გ. / 13.45000; -6.26667
დაარსდა 1620
ფართობი 37 კმ²
ცენტრის სიმაღლე 294
მოსახლეობა 133 501 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC-0
სეგუ — მალი
სეგუ

ძველად ქალაქი ბამბარის იმპერიის დედაქალაქი იყო, დღეისათვის სეგუ მალის ერთ-ერთი რეგიონის (სეგუს რეგიონი) ადმინისტრაციული ცენტრია. სეგუ ასევე ცნობილია, როგორც ბალანზანი, ადგილობრივი ხის (Faidherbia albida, მოთეთრო აკაცია) პატივსაცემად. სეგუ განიცდიდა მრავალრიცხოვან თავდასხმებს და მმართველების ცვლას, მაგრამ სხვა ქალაქებისთვის მუდამ რჩებოდა სავაჭრო ცენტრად, სადაც ყოველთვის შეიძლებოდა მარცვლეულის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყიდვა ან გაყიდვა.

ეტიმოლოგია რედაქტირება

ზოგიერთის აზრით სახელწოდება სეგუ-კორო წარმოდგება სიტყვისგან «Sikoro» — რაც ნიშნავს შის ხის ნაყოფს, ხოლო ზოგიერთის აზრით სოფელს სახელი დაერქვა მის დამაარსებელ მურაბიტ სეიკუს პატივსაცემად, მაგრამ უმრავლესობა თვლის, რომ სეგუ დააარსეს ბოსოს ტომის მეთევზეებმა, რომლებიც საკუთარ დასახლებებს აშენებდნენ მდინარე ნიგერის გასწვრივ.

XI საუკუნეში ამ ადგილებში მასიურად ჩამოსახლდნენ სონინკები, რომლებიც გამოექცნენ განის იმპერიის თავდასხმებს. ითვლება, რომ კულიბალის დინასტიის დამაარსებელმა კალადიან კულიბალიმ აქ მუდმივი დასახლების დაარსების ბრძანება გასცა. მოგვიანებით დიარას დინასტიამ ბამბარის იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა სეგუში.

ისტორია რედაქტირება

ქალაქის აყვავების პერიოდი დაიწყო 1712 წლიდან, როდესაც ბიტონ კულიბალიმ დააარსა ბამბარის იმპერია და მისი იმპერატორი გახდა. 1796 წელს სეგუს ეწვია პირველი ევროპელი — მუნგო პარკი. 1861 წელს ქალაქი დაიპყრო ელ-ჰაჯ უმარ ტალიმ და შეუერთა ტუკულორის იმპერიას, სანამ 1892 წელს საფრანგეთის ჯარი პოლკოვნიკ ლუი არშინარის მეთაურობით არ შეიჭრა სეგუში.

სეგუ-კორო მდებარეობს სეგუდან 15 კმ-ში, ბამაკოს გზაზე. ის დააარსა კალადიან კულიბალიმ 1600-იან წლებში, როდესაც ბამბარას ტომის ხალხმა დატოვა ჯენე. კალადიანის ვაჟმა დანფასარი კულიბალიმ გააგრძელა მამის დაწყებული საქმე — გაამაგრა და გააფართოვა ქალაქი. კალადიანის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უფროსმა შვილიშვილმა მამარიმ, აგრეთვე ცნობილი როგორც ბიტონი, შეძლო ქალაქის აყვავების გაგრძელება. დღეისათვის ქალაქი პრაქტიკულად არ შეცვლილა, მასში შენარჩუნებულია ძველი არქიტექტურა და ტრადიციები.

კალადიან კულიბალიმ ბამბარას ტომის ხალხი გააძევა ჯენედან, რათა დაეარსებინა ქალაქი საკუთარი ხალხისათვის. თანდათანობით ქალაქმა, რომელსაც სახელად ეწოდა სეგუ-კორო, უბრალო სოციალური სტრუქტურით, რომელიც ეფუძნებოდა მიწადმოქმედებას და ნადირობას, დაიწყო უფრო რთული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება, დინასტიის დომინირებით. კულიბალის ერთ-ერთი შთამომავალი — ბიტონ კულიბალი გახდა Bi-Ton-ის ხელმძღვანელი, ხოლო შემდეგ სახელად დაირქვა ბიტონი. მან შექმნა ორგანიზებული ჯარი, გააფართოვა სეგუს ტერიტორია ტომბუქტუს სამფლობელოემდე და ეს ტერიტორიები გამოაცხადა ბამბარის იმპერიის ნაწილად, ხოლო საკუთარი თავი — იმპერატორად. მისი მმართველობის დროს იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ ქალაქები მაკინა და ჯენე. 1755 წელს ბიტონ მამარის გარდაცვალების შემდეგ ნგოლო დიარამ მიიღო უფლება ემართა ბამბარის იმპერია და დაააესა დიარების დინასტია. ნგოლო დიარა მართავდა ბამბარის იმპერიას XIX საუკუნემდე. მან იმპერიის დედაქალაქი სეგუ-კოროდან გადაიტანა სეგუში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა. ნგოლო დიარამ გააგრძელა ბიტონის დაპყრობითი პოლიტიკა და იმპერიის საზღვრები გააფართოვა გვინეამდე.

1861 წელს ელ-ჰაჯ უმარ ტალიმ დაიპყრო ქალაქი, გავლენა მოახდინა მოსახლეობის აღმსარებლობაზე და ყველა აიძულა მიეღო ისლამი. მისი ვაჟი აჰმადუ ტოლი სეგუს მართავდა 1892 წლამდე. საფრანგეთის კოლონიალური ჯარი სეგუში შეიჭრა და 1932 წლამდე იგი გახადა ნიგერის მართვის ადმინისტრაციულ ცენტრად.

გეოგრაფია რედაქტირება

სეგუ მდებარეობს ბამაკოდან 235 კმ-ში მდინარე ნიგერზე, არის იმავე დასახელების რეგიონის, რომლის ფართობიც შეადგენს 64 821 კმ²-ს, ადმინისტრაციული ცენტრი. რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბურკინა-ფასოს და ჩრდილოეთიდან მავრიტანიას, ასევე ესაზღვრება მალის სხვა რეგიონებს — აღმოსავლეთიდან მოპტის, დასავლეთიდან კულიკოროს და სამხრეთიდან სიკასოს.

კლიმატი რედაქტირება

სეგუს რეგიონი ხასიათდება ნახევრადმშრალი კლიმატით, მიწის სავარგულების სარწყავად გამოიყენება წყლის ორი არტერია — მდინარეები ნიგერი და ბანი. ამინდის ორი ძირითადი სეზონია: წვიმიანი სეზონი და მშრალი სეზონი. წვიმიანი სეზონი იწყება ივნისში და გრძელდება დაახლოებით 4 თვესექტემბრამდე. მშრალი სეზონი შედგება ცივი და ცხელი პერიოდებისგან. ნალექების წლის საშუალო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 513 მმ-ს.

დემოგრაფია რედაქტირება

რეგიონის მოსახლეობა 2009 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 2 338 349 ადამიანს. სოფლის მოსახლეობა ძირითადად დაკავებულია მომთაბარე ან მიწაზე დამაგრებულ ცხოვრებას და შედგება ბევრი ეთნიკური ჯგუფისაგან: ბამბარა, ბოსო, ფულბე, სონინკები, მანდინკა და ტუკულორი. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფია ბამბარა, რომლებიც ძირითადად დაკავებულები არიან ფერმერული საქმიანობით. რაოდენობით მეორეა ბოსო, რომლებიც როგორც წესი სახლობენ მდინარე ნიგერის სანაპიროებზე და დაკავებულები არიან თევზჭერით. მათ ასევე გადაჰყავთ ხალხი და გადააქვთ საქონელი მდინარე ნიგერზე, რადგანაც იციან მდინარის ყველა ამაღლებული ადგილი და სეზონური ადიდებები. დანარჩენი ეთნიკური ჯგუფი არც თუ ისე მრავალრიცხოვანია და ძირითადად დაკავებულები არიან ვაჭრობით და მომთაბარეობით, ინარჩუნებენ წინაპართა ტრადიციებს.

ეკონომიკა რედაქტირება

სეგუს ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეობებია სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა და თევზჭერა. მთელი წარმოება ძირითადად ორიენტირებულია ადგილობრივ მოსახლეობაზე. მსხვილი გადამამუშავებელი საქმიანობით დაკავებულია 3 ფაბრიკა: COMATEX, CMDT და SUKALA.

ხელოვნება და კულტურა რედაქტირება

ბამბარას ტომის ხალხი საკუთარ ცოდნას ერთმანეთს ზეპირსიტყვიერებით გადასცემდა, ამიტომ მათი კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი უცნობია. შენარჩუნებული კულტურული სახეები მოიცავს ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, შესანიშნავ ბარდებს-გრიოტებს, ფოლკლორულ ანსამბლებს, ასევე ნიღბებს და მარიონეტებს.

მათი რელიგიური რწმენა საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანია. ბამბარას ხალხი ანიმისტია, მაგრამ ამავდროულად კულტურულ ჩვეულებებში განიცდიან ფეტიშიზმს, ტოტემიზმს და მონიზმს. სეგუში ყველაზე უფრო ცნობილი ხელსაქმეობებია: კერამიკის ნაკეთობები, ქსოვა (გადასაფარებლები, მოსასხამები და ხალიჩები), ბოგოლანფინის (მალის ეროვნული სამოსი) დამზადება, ასევე მხატვრობა და ძერწვა. სეგუ ასევე ითვლება მალის მეთუნეობის ცენტრად.

სეგუში გავრცელებულია ორი არქიტექტურული სტილი: კოლონიალური ფრანგული და ტრადიციული — სუდანური და არასუდანური. სუდანური სტილით გაფორმებულია შენობები და მთავარი რეზიდენციები. ძეგლები და დიდი მეჩეთი ასევე ამ სტილით შენდება. მშენებლობისათვის ადრე გამოყენებული მასალები საკმაოდ დაბალი ხარისხის იყო და დღეისათვის საჭიროა მათი აღდგენაა, რათა არ დაიკარგოს წინაპრების მემკვიდრეობა. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა სეგუს ცენტრში მდებარე წყალდამწნევი კოშკი.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სეგუ&oldid=4552282“-დან