საღვთო კავშირი

(გადამისამართდა გვერდიდან საღვთო ალიანსი)

საღვთო კავშირი — კოალიცია რუსეთის იმპერიას, ავსტრიასა და პრუსიას შორის 1815-1825 წლებში. საღვთო კავშირი იყო პირველი თანამედროვე ტიპის საერთაშორისო ორგანიზაცია.

საღვთო კავშირის ქვეყნები: პრუსია (ნაცრისფერი), ავსტრია (ყვითლად) და რუსეთი (მწვანე).

შეიქმნა 1815 წელს რუსეთის მეფე ალექსანდრე I-ის ინიციატივით, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებათა დაცვის მიზნით. ხელშეკრულებას ვენაში 26 სექტემბერს ხელი მოაწერეს ალექსანდრე I-მა, ავსტრიის იმპერატორმა ფრანც I-მა და პრუსიის მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III-მ. 1815 წლის 19 ნოემბერს კავშირს შეუერთდა საფრანგეთის მეფე ლუი XVIII, შემდეგ კი ევროპპის მონარქთა უმრავლესობა.

კავშირის გაცხადებული მიზანი იყო ქველმოქმედებისა და მშვიდობის ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრება ევროპულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა პრაქტიკულად კლემენს ვენცელ ფონ მეტერნიხმა იგი რევოლუციის საწინააღმდეგო ბასტიონი გახადა. სამი ქვეყნის მონარქმა ეს კავშირი მათ ქვეყნებში რევოლუციური გავლენის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევისთვის გამოიყენა (განსაკუთრებით საფრანგეთის რევოლუციის ტალღისგან დასაცავად). შესაბამისად, ეს კავშირი დემოკრატიის, რევოლუციისა და სეკულარიზმის წინააღმდეგი იყო. შემდგომში მათ შეუერთდა დანარჩენი ევროპული მონარქიებიც გარდა დიდი ბრიტანეთის, ვატიკანისა და ოსმალეთის იმპერიისა. დიდი ბრიტანეთი მაინც ჩართული იყო საღვთო კავშირის პირველი კონგრესის მუშაობაში.

1818 წელს აახენის კონგრესზე გადაწყდა საფრანგეთიდან საოკპუაციო ჯარების ვადაზე ადრე გაყვანა და დაისახა ღონისძიებები ვენის კონგრესის მიერ დაწესებული საზღვრების განსამტკიცებლად. 1820 წლის ტროპაუს კონგრესის ოქმით რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ ევროპის სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება მოიპოვეს. 1820-1821 წლებში ავსტრიამ ჩაახშო ნეაპოლის და პიემონტის (1821) რევოლუცია, 1821 წლის ლაიბახის კონგრესით კი მიიღო ამ ქვეყნებში ინტერვენციის უფლება. 1822 წლის ვერონის კონგრესის დაადგენილებით საფრანგეთი 1823 წელს შეიჭრა ესპანეთში და აღადგინა აბსოლუტური მონარქია. ვერონის კონგრესზე გამოვლინდა წინააღმდეგობანი საღვთო კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ასევე წინააღმდეგობანი კავშირის წევრებს, რუსეთის იმპერიასა და ავსტრიის იმპერიას შორის კონგრესის მიერ დაგმობილი საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყებისადმი (1821-1829) დამოკიდებულების საკითხზე.

კავშირი 1825 წელს დაიშალა ალექსანდრეს გარდაცვალებასთან ერთად.

კავშირი ასევე ცდილობდა გავლენა ექონია ლათინურ ამერიკაზე, თუმცა მას ხელი შეუშალა ბრიტანეთის წინააღმდეგობამ და აშშ-ის პრეზიდენტი ჯეიმზ მონროს ე.წ. მონროს დოქტრინამ.

ლიტერატურა რედაქტირება