საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სახელმწიფო საბჭო.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო (10 მარტი, 199216 ოქტომბერი, 1992) — დროებითი (არალეგიტიმური) მთავრობა საქართველოში. შეიქმნა საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ძალაუფლების უზურპაციის გზით მოსული საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრების მიერ. სახელმწიფო საბჭოს პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარე იყო ედუარდ შევარდნაძე.

ისტორია რედაქტირება

1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. პარალელურად დაიწყო შემუშავება დროებითი მთავრობის სტრუქტურისა, რომელიც უნდა გაუძღოლოდა ქვეყანას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. დემოკრატიული კავშირის ადრინდელ განცხადებებში ნახსენები იყო „სამოქალაქო ხსნის კომიტეტი“. კონსულტაციებისა და ანალიზის შემდეგ ეს სახელოწოდება შეცვალა „სახელმწიფო საბჭომ“.

სამხედრო საბჭოს ლიდერთა წარმოდგენით პარლამენტის არჩევნებამდე უნდა შექმნილიყო სახელმწიფო საბჭო, როგორც ხელისუფლების უმაღლეს ორგანო — აღმასრულებელი და დეკრეტების გამომცემი ფუნქციებით. ასევე, სახელმწიფო საბჭოს შექმნის შექმნის მექანიზმი უნდა ყოფილიყო: სამხედრო საბჭო აყალიბებს სახელმწიფო საბჭოს საწყის, პირვანდელ შემადგენლობას — დემოკრატიისა და აღორძინების საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი — თენგიზ სიგუა, სამხედრო საბჭოს წევრები — ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი. ამის შემდეგ სამხედრო საბჭო აცხადებს თვითლიკვიდაციას. სახელმწიფო საბჭოს საწყისი შემადგენლობის პირველ სხდომაზე დადგინდება საბჭოს წევრთა სრული რაოდენობა დ დაინიშნება სრული შემადგენლობა ფართო კოალიციურ საფუძველზე (პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გზით)[1].

10 მარტის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით: ედუარდ შევარდნაძე დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ; ჯაბა იოსელიანი დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმი. 11 მარტს შედგა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პირველი სხდომა[2].

სახელმწიფო საბჭომ მოახდინა არმიის რეორგანიზაცია და გაერთიანება, უშიშროების სამინისტრო შეიცვალა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურით, რომელსაც მოქალაქეებზე მიყურადება შეზღუდული ჰქონდა, საბჭომ მოითხოვა ყველა იარაღის რეგისტრაცია და საბჭოთა სამხედრო საკუთრების ნაციონალიზაცია, თუმცა რუსეთის არმიამ საბჭოს მოთხოვნის იგნორირება მოახდინა და აღჭურვილობა, რომელიც ვერ გაიტანა გაყიდა ან გაანადგურა. სახელმწიფო საბჭომ გააუქმა გამსახურდიას მიერ შემოღებული შემზღუდავი კანონები და დემონსტრაციებისთვის შემოიღო უფრო ლიბერალური რეგულაციები. 2 აგვისტოს სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა „შერიგების მანფესტი“ და ამნისტიით გაათავისუფლა 1992 წლის იანვრიდან ივნისამდე დაპატიმრებული ყველა ოპოზიციონერი, აგვისტოში თბილისში გააუქმა საგანგებო მდგომარეობა.

16 ოქტომბერს, თვითლიკვიდაციამდე, სახელმწიფო საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვით უნდა ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები და შექმნილიყო სამწლიანი გარდამავალი პარლამენტი.

სტრუქტურა რედაქტირება

თავდაპირველად სახელმწიფო საბჭო 60 წევრისგან შედგებოდა, თუმცა შემდეგ მის წევრთა რიცხვი 85-მდე ავიდა. საბჭოს წევრები იყვნენ 44 პარტიის წარმომადგენლები, პროფესორები, მწერლები, გაზეთების რედაქტორები. საბჭოს წევრთა შორის იყვნენ აკაკი ბაქრაძე, ლანა ღოღობერიძე, რომან გოცირიძე, გურამ მუჩაიძე, ირაკლი ქადაგიშვილი, თედო პაატაშვილი, ზურაბ ჟვანია, ვაჟა ლორთქიფანიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ავთანდილ მარგიანი, ჟიული შარტავა. დაარსდა კომიტეტები და კომისიები, მაგრამ პოლიტიკური სიჭრელის გამო საბჭოს მუშაობა პროდუქტიული არ იყო.

საბჭოს ძალაუფლება ფორმალური იყო, რეალურ ძალაუფლებას ფლობდა 4 წევრისგან შემდგარი პრეზიდიუმი, რომელთაგან თითოეულს ვეტოს უფლება ჰქონდა. პრეზიდიუმის წევრები იყვნენ ედუარდ შევარდნაძე (თავმჯდომარე), ჯაბა იოსელიანი (თავმჯდომარის მოადგილე), თენგიზ კიტოვანი და თენგიზ სიგუა[3]საბჭოს დღის წესრიგს განსაზღვრავდა თავმჯდომარე, ის აწერდა ხელს მიღებულ აქტებს. პრეზიდიუმი აკონტროლებდა შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო პოსტებზზე დანიშვნას.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „საქართველოს რესპუბლიკა“, N42, 10 მარტი, 1992
  2. „საქართველოს რესპუბლიკა“, N44, 14 მარტი, 1992
  3. „საქართველოს რესპუბლიკა“, N43, 11 მარტი, 1992