საქართველოს ეროვნული არქივი

საქართველოს ეროვნული არქივიიუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ეროვნული არქივში ინახება წერილობითი დოკუმენტები, კინოფირები, ფოტოები, ფონოდოკუმენტები. არქივის საცავებში არსებული ექსპონატები IX-XXI საუკუნეებს მოიცავს. არქივში შედის: საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინოფოტოფონოდოკუმენტების, ქუთაისის ცენტრალური არქივები, ასევე, რეგიონული არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები.

საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველოს ეროვნული არქივი
უწყების შესახებ
შეიქმნა 12 მარტი, 2007; 17 წლის წინ (2007-03-12)
სათაო ოფისი ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო.
ზემდგომი უწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საიტი
archive.gov.ge

აქ ინახება IX საუკუნის სახარება, ანჩის სახარება (XII საუკუნე), მეფეთა სიგელები, პირადი წერილები, განაჩენები, სხვა სამართლებრივი ძეგლები, XIX საუკუნეში გადაღებული ფოტოები, პირველი კინონამუშევრები.

ეროვნული საარქივო ფონდი მოიცავს, ასევე, ოფიციალურ დოკუმენტებს, რომლის შენახვა დადგენილია კანონით. მაგალითად – პირველი რესპუბლიკის დოკუმენტებს, სხვადასხვა მეცნიერის არქივებს, საეკლესიო წიგნებს, სადაც მოცემულია ინფორმაცია მოქალაქეთა დაბადების, ნათლობის, ქორწინებისა თუ გარდაცვალების შესახებ, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის არქივს.

ეროვნული არქივის ისტორია რედაქტირება

ეროვნული არქივი ემსახურება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, მეცნიერულ და კულტურულ ინტერესებს და როგორც წინაპრების დოკუმენტური მემკვიდრეობა, ხელისუფლების აუცილებელი ატრიბუტია.

ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ხელნაწერებს ინახავდნენ და იცავდნენ მათი შემქნელები, საერო და სასულიერო ხელისუფალნი - სამეფო კარი და რელიგიური ცენტრები. ყოველი ხელისუფლება თავისთავად გულისხმობს საშინაო და საგარეო ურთიერთობაში გარკვეულ იურიდიულ ნორმებს და მათ ამსახველ დოკუმენტებს, საკანონმდებლო აქტებს, შემოსავალ-გასავლის დავთრებს, ხელშეკრულებეს, სიგელებს, დიპლომატიურ წერილებს და ა.შ.

 
ეროვნული არქივის საცავი

საქართველოს უძველესი პერიოდის არქივების შესახებ პირდაპირი და ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ არაპირდაპირი ცნობებით დასტურდება, რომ VI საუკუნეში არსებობდა სამეფო არქივი - საჭურჭლე, რომელიც განძთსაცავის გარდა, ასრულებდა საბუთსაცავის დანიშნულებასაც. იყო, ასევე, საეკლესიო და კერძო არქივები.

საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ.

1921 წლის 1 ივლისს, უკვე გასაბჭოებული საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი „საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის მიხედვით, თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში იმართებოდა საქართველოს სსრ საარქივო დარგი. 2004 წლიდან საარქივო დაწესებულება წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანების საფუძველზე კი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ეროვნული არქივი.

დღეისათვის მის უფლებამოსილებაშია საქართველოში საარქივო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა.

ეროვნული არქივის ფუნქციები რედაქტირება

საქართველოს ეროვნული არქივი სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საქართველოში საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას.

ეროვნული არქივის მიზნებია: ეროვნული საარქივო ფონდის შევსება; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების აღწერა და ცენტრალიზებული აღრიცხვა; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის უზრუნველყოფა, კონსერვაცია, დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაცია, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო ფონდის შექმნა; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების – ადგილობრივი არქივების მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდიკური უზრუნველყოფა; „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ეროვნული არქივი ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების, განურჩევლად მათი შენახვის ადგილისა (მათ შორის ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის, აგრეთვე საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.

საქართველოს ეროვნული არქივი აწარმოებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროულად და მოწესრიგებული სახით მიღებას; ახორციელებს საზღვარგარეთის არქივებში დაცული საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტების გამოვლენას, ამზადებს წინადადებებს ამ დოკუმენტების ან მათი პირების შესაძენად; ახორციელებს ეროვნულ არქივში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვას, მათი შენახვის პირობების მონიტორინგისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაინტერესებული პირების თავისუფალ დაშვებას კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში; დადგენილი წესით აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ; ახორციელებს ცენტრალური არქივებისა და ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების - ადგილობრივი არქივების საქმიანობის მეთოდიკურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს უწევს დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებას ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად. ხელს უწყობს დაწესებულებათა არქივების მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფასა და განვითარებას, მათში დოკუმენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფას; ატარებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას არქივმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობის, არქეოგრაფიისა და მომიჯნავე საისტორიო დისციპლინების დარგში, შეიმუშავებს მეთოდიკურ სახელმძღვანელოებს, აგროვებს, აანალიზებს და ავრცელებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას არქივმცოდნეობისა და დოკუმენტმცოდნეობის დარგში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში, მონაწილეობს პროფილური საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში.

ეროვნული არქივის მომსახურება რედაქტირება

ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

დოკუმენტების გასაცნობად ეროვნული არქივი მოქალაქეს სთავაზობს:

  • სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტების გაცნობას;
  • დოკუმენტების ქსეროასლების დამზადებსა და ციფრულ ფორმატზე გადატანას;
  • დოკუმენტების შესახებ საინფორმაციო ცნობისა და ანალიტიკური მიმოხილვის მომზადებას;
  • ფოტოდოკუმენტის ნეგატივიდან ანაბეჭდის დამზადებას;
  • კინოდოკუმენტების ეკრანზე ჩვენებასა და ციფრულ ფორმატზე გადატანას;
  • ფონოდოკუმენტის მოსმენას და ციფრულ ფორმატზე გადატანას.

საინფორმაციო მომსახურება რედაქტირება

ეროვნულ არქივში მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სოციალურ-უფლებრივი სახიათის ცნობები:

  • დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების ცნობა;
  • რეპრესიისა და რეაბილიტაციის ცნობა;
  • სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობა;
  • გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ცნობა;
  • ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა და სხვ.

სხვა სახის მომსახურება რედაქტირება

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში თემატური გამოფენებისა და ექსპოზიციების დათვალიერება; მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული დოკუმენტების რესტავრაცია-კონსერვაცია; მოქალაქეთა პირადი ფონდების დამუშავება და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება; დაწესებულებათა დოკუმენტების დამუშავება და შემფასებელი ექსპეტიზის ჩატარება; დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების“ საკვალიფიკაციო სემინარებში მონაწილეობა.

ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა რედაქტირება

 
ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა. 2016 წელი

2016 წლის ივლისში გაიხსნა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა. გალერეა პირველი შენობაა ეროვნული არქივისათვის, სადაც საარქივო დოკუმენტების გამოფენისათვის შეიქმნა თანამედროვე სივრცე. გალერეაში, გამოფენებთან ერთად, იმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები, წიგნების პრეზენტაციები და სხვა.

ცენტრალური არქივები რედაქტირება

საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივი რედაქტირება

საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის შექმნა უკავშირდება 1878 წელს, კავკასიის არმიის შტაბთან ე.წ. სამხედრო საისტორიო განყოფილებისა და მასთან 1908 წელს დაარსებული კავკასიის სამხედრო არქივის საქმიანობას.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში გაფანტულმა საარქივო მასალებმა თავი მოიყარა ერთ საარქივო დაწესებულებაში და მას 1920 წელს ცენტრალური სამეცნიერო არქივი, ხოლო 1939 წელს - საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივი ეწოდა.

ცენტრალური საისტორიო არქივი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. აქ დაცული ძვირფასი დოკუმენტები საუკეთესო მასალაა როგორც საქართველოს, ისე კავკასიის ხალხების ისტორიის შესასწავლად.

ძველ საბუთთა განყოფილება რედაქტირება

ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივში თავმოყრილია უამრავი დოკუმენტური მასალა და წერილობითი ძეგლი, რაც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ჩვენი ქვეყნის ისტორიას ასახავს.

განსაკუთრებით ღირებულია ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული უნიკალური მასალა, რომელიც მოიცავს IX – XIX ს-ის პირველ ნახევარს.

განყოფილებაში ქართული ისტორიული საბუთების 4 კოლექციაა დაცული. დოკუმენტებში ასახულია საქართველოს ფეოდალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების, მიწათმფლობელობისა და ცალკეულ წოდებათა ურთიერთდამოკიდებულების საკითხები, სათავადოების ისტორია, სასამართლო ორგანიზაცია, ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, საგლეხო ბეგარა-გადასახდები, საბაჟო სისტემის, ეკლესიის მდგომარეობის და სხვა მრავალი საინტერესო საკითხი.

ქართული ძველი საბუთების დედნების კოლექცია 11 000-მდე დოკუმენტს მოიცავს. საბუთის მასალად გამოყენებულია ეტრატი (მცირე რაოდენობით) და ქაღალდი (თეთრი, რუხი, ცისფერი და ღია ყავისფერი). ხელის მიხედვით სჭარბობს მხედრული, მცირე რაოდენობით - ნუსხური.

 
დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

კოლექციაში დაცულ საბუთებს შორის ყველაზე ადრეული საბუთი დათარიღებულია 1029-1033 წლებით და წარმოადგენს მელქისედეკ კათალიკოსის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისადმი სამკაულების, საეკლესიო ნივთებისა და ყმა-მამულის შეწირულების დაწერილს. ეტრატი.

თავისი სიძველით, შინაარსითა და მნიშვნელობით ყურადღებას იქცევენ შემდეგი საბუთები: 1072 წ. გიორგი II-ის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი მიცემული სოფლების შეწირულების განახლების სიგელი, ფრაგმენტი, ეტრატი.

დავით აღმაშენებლის მიერ გაცემული ორი საბუთი: 1. მამულის წყალობის სიგელი, მიცემული დავით აღმაშენებლის მიერ ნიანია ნიანიასძისადმი; 2. 1123 წ. ანდერძი დავით აღმაშენებლისა, მიცემული შიომღვიმის მონასტრისადმი, შესწირა ქართლის სოფლები და სპარსეთიდან წამოღებული ქონება. ფრაგმენტი, ეტრატი.

 
ანჩის სახარება და თამარ მეფის სიგელი

1187 წ. თამარ მეფის მიერ გაცემული, სოფელ ჭორვილას შეწირულების წიგნი გელათის ღმრთისმშობლის ეკლესიისადმი. მეფემ ჭორვილას შემოსავლის ნაწილი შესწირა გელათის მონასტერს, თორმეტი უსახსრო მწირის გამოსაკვებად. ეტრატი.

1222 წ. ლაშა გიორგის მიერ გაცემული გაშვებულობის სიგელი, შიომღვიმის მონასტრისადმი. მეფემ მონასტრის კუთვნილი სოფელი აგარა გადასახადებისგან გაათავისუფლა. ფრაგმენტი. ეტრატი.

კოლექციაში წარმოდგენილია მეფეების: კონსტანტინე I-ის, ალექსანდრე დიდის, ლეონის, არჩილის, ვახტანგ VI-ის, თეიმურაზ I-ის, თეიმურაზ II-ის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის და ქართველი დიდებულების მიერ გაცემული საბუთები, აგრეთვე, კათალიკოს-პატრიარქებისა და სხვა სასულიერო პირთა სიგელები.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ძველ საბუთთა პირთა სამი კოლექცია, რომელიც მოიცავს XI – XIX სს. ეს დოკუმენტები დედნებიდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ არის გადაწერილი. გადამწერებს შორის ბევრი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, სასულიერო და კერძო პირია. გადაწერილი პირები ისეთივე ღირებულია, როგორც დედნები, რადგან გადაწერილი დოკუმენტების უდიდეს ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია.

 
ლოცვანი ზიარებისანი, მე-18 საუკუნე

ქართული ხელნაწერი წიგნების კოლექცია, რომელშიც 1000-მდე ხელნაწერი ინახება, მოიცავს IX – XIX საუკუნეებს. მასალად, ძირითადად, გამოყენებულია ქაღალდი, ნაწილი შესრულებულია ეტრატზე. დამწერლობის მიხედვით სჭარბობს მხედრული და ნუსხური, მცირე რაოდენობითაა ასომთავრული. ხელნაწერები შინაარსით მრავალ დარგს მოიცავს: ისტორია, ფილოლოგია, აგიოგრაფია, საერო და საეკლესიო სამართალი, ძველი და ახალი აღთქმა, გეოლოგია, ფიზიკა, ლექსიკოგრაფია, მითოლოგია, მედიცინა, პროზა, პოეზია და სხვა.

ხელნაწერ წიგნებს შორის დაცულია: ვახუშტი ბატონიშვილის, დავით თუმანიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილოს, გიორგი ერისთავისა და რაფიელ ერისთავის ავტოგრაფები.

კოლექციაში მრავლადაა უთარიღო ხელნაწერი წიგნები, რომლებიც მიახლოებით დათარიღებულია ხელის მიხედვით.

 
ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული უნიკალური დოკუმენტები

უძველესი ხელნაწერია IX საუკუნის სახარება/ანბანდიდი სახარება, ოთხთავი, შესრულებულია ეტრატზე ასომთავრულით. მნიშვნელობით უტოლდება ჯრუჭისეულ სახარებას.

IX-X ს.ს. მიეკუთვნება საგალობელი სანოტო ნიშნებით, შესრულებული ეტრატზე ნუსხურით. ფრაგმენტი. აღსანიშნავია XII ს.-ის თამარ მეფის დროინდელი სახარება, იგივე ანჩის სახარება (ოთხთავი), რომლის ყდა მოჭედილია ვერცხლით და მწვანე დიდი თვლით ბექა ოპიზარის მიერ. აქვს მხატვრობა მათე მახარებელი. ხელნაწერი წყაროსთავის ეკლესიიდან (კლარჯეთი) ჩამოუტანიათ თამარ მეფის ბრძანებით და ანჩისხატის ტაძარში დაუსვენებიათ.

XVI ს.-ის გულანი (ლოცვების კრებული) გამოირჩევა თავისი მინიატურებით. მას ფერთა სიმრავლით გამორჩეული 12 ნახატი ახლავს. მხატვარი უცნობია. ხელნაწერი სქელტანიანია. გადაწერილია სამგრელოში ლევან დადიანის ბრძანებით.

თარიღიან ხელნაწერებს შორის ყველაზე ადრეულია 1534 წლის სახარება, რომლის ტყავის ყდა მოჭედილია ვერცხლის ჯვრით.

ხელნაწერ წიგნებს შორისაა: ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ისტორია და გეოგრაფია და ატლასი (ავტოგრაფები), სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი, რუსუდანიანი, ვეფხისტყაოსანი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნები, დავით თუმანიშვილის მსოფლიო ისტორია, თეიმურაზ I-ის ლექსები, სამკურნალო წიგნები, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (იტალიელი მხატვრის კორადინის ნახატებით), ანტონ კათალიკოსის „რიტორიკა“ და მრავალი სხვა.

განყოფილებაში დაცულია, აგრეთვე, სასულიერო პირთა და ისტორიკოსთა პირადი ფონდები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მათ შორისაა კირიონ II-ის, პოლიევქტოს კარბელაშვილის, გიორგი ბოჭორიძის, თედო ჟორდანიას პირადი ფონდები. ყველა ამ პიროვნებას დიდი ღვაწლი მიუძღვით ისტორიული საბუთების შეგროვების, კვლევისა და გამოქვეყნების საქმეში.

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი რედაქტირება

საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი 1927 წელს დაარსდა. იგი ერთ-ერთი უდიდესი ფონდსაცავია, სადაც თავმოყრილია სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი ორგანოების, სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, პროფკავშირული, ნებაყოფლობითი ორგანიზაციების, სპორტული საზოგადოებებისა და სხვა დაწესებულებათა საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები. არქივში თავმოყრილია 1618 ფონდის 1 მილიონამდე შესანახი ერთეული, 1921 (1918) წლიდან დღემდე.

გარდა ამისა, დაცულია გამოჩენილი ადამიანების, მეცნიერების, კულტურის, განათლების სფეროს მოღვაწეთა პირადი ფონდები (სულ 376 ფონდი, 15312 შესანახი ერთეული).

არქივი ახორციელებს საზედამხედველო ფუქნციებს უმაღლესი ხელისუფლების რგოლებში საქმისწარმოებისა და საარქივო დარგში.

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის სამეცნიერო-ტექნიკურ განყოფილება რედაქტირება

აქ დაცულია მმართველობითი, საპროექტო, საკონსტრუქტორო, კვლევითი, ტექნოლოგიური და საპატენტო ხასიათის დოკუმენტები.

არქივში თავმოყრილია: „თბილქალაქპროექტის“, „საქქალაქმშენსახპროექტის“, „საქკვებმრეწვსახპროექტის“, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „ჰიდროენერგოპროექტი“, ანალიტიკური ხელსაწყოს სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროსა და სხვათა ტექნიკური დოკუმენტები, რომლებიც ეხება ქალაქების დაგეგმარებას, ადმინისტრაციულ შენობებს, საბინაო მშენებლობებს, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებს, ენერგეტიკულ ქსელებსა და წყალთამეურნეობის ობიექტებს, საავიაციო, სამდინარო და საზღვაო ნავსადგურებს, გვირაბებს, ხიდებს და სხვ.

 
სოლიკო ვირსალაძის შესრულებული ესკიზი ბალეტისათვის ”დონ კიხოტი”

სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილება მდიდარია საქართველოს მენიერებისა და ტექნიკის გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი ფონდებით. განყოფილებაში დაცულია 133 553 შესანახი ერთეული, მათგან 95 952 - ტექნიკური.

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილება რედაქტირება

აქ დაცულია შემოქმედებითი კავშირების, საზოგადოებების, გამომცემლობების, რედაქციების, სასწავლებლების მასალები, ასევე, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა პირადი ფონდები.

ლიტერატურისა და ხელოვნების არქივი 1970 წელს შეიქმნა, რასაც გამოეხმაურნენ ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები, რომელთაც არქივს უსასყიდლოდ გადასცეს საოჯახო ფონდები. სწორედ ასე შეიქმნა ერეკლე ჯაბადარის, ზურაბ ანჯაფარიძის, ლეილა აბაშიძის, კიტა ბუაჩიძის, ლევან გოთუას, ანზორ ერქომაიშვილის, მედეა კახიძის, მიხეილ ქვლივიძის, ვაჟა აზარაშვილის, ბესარიონ ჟღენტის, აკაკი ხორავას, აკაკი შანიძის, რევაზ ჯაფარიძისა და სხვათა პირადი ფონდები.

ლიტერატურისა და ხელოვნების არქივი მდიდარია ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოღვაწეების პირადი არქივებითაც. მასში დაცულია ალექსანდრე სულხანიშვილის, ილია კუჭუხიძის, გიორგი ნაკაშიძის, ვახტანგ ჟორდანიას და სხვათა ფონდები, ემიგრანტული მწერლობის მდიდარი მასალები, კოლექციები.

არქივში დღეისათვის 1780-2006 წლების 321 ფონდის 131 851 საქმე ინახება.

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი რედაქტირება

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი 1944 წელს ჩამოყალიბდა. მასში შედის კინო, ფოტო, ფონოდოკუმენტების, კინოფოტოფონოდოკუმენტების გამოყენებისა და პუბლიკაციის და ციფრული ტექნოლოგიების განყოფილებები.

არქივში თავმოყრილია: 34 904 - კინოდოკუმენტი; 439 063 - ფოტო და 19 063 ფონოჩანაწერი.

არქივში შექმნილია დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემა, კინოდოკუმენტებზე: სისტემატური, სახელობითი, ფილმობრივი და საჟურნალო კატალოგები; ფოტოდოკუმენტებზე: სისტემატური, სახელობითი და საავტორო კატალოგები; ფონოტოკუმენტებზე: ჟანრობრივ-თემატური და საშემსრულებლო-საავტორო აკატალოგები, არქივის მეგზური.

კინოარქივი რედაქტირება

პირველი დოკუმენტური კინოსიუჟეტები, რომლებიც არქივშია დაცული, თარიღდება 1909 წლით, ეს არის „თბილისის ქალაქის თავის ა. მარტინოვის დაკრძალვა“; 1910 წელს არის გადაღებული „თბილისის გარნიზონის ჯარების აღლუმი სამხედრო ტაძრის წინ, აღლუმს იღებს მეფისნაცვალი კავკასიაში, გრაფი ი. ვორონცოვ-დაშკოვი“; 1910 წელს განეკუთვნება „ბანკის ახალი შენობის კურთხევა“; 1911 წლითაა დათარიღებული გამოჩენილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის დაკრძალვა.

ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“. ეს პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური კინონაწარმოებია.

შემონახულია 1918-1920 წლების ქრონიკა: ეროვნული გვარდიის აღლუმი თბილისში. 1920 წლის 26 მაისს სპორტული კლუბის „შევარდენი” წევრთა აღლუმი ვაკის ველზე. აქვეა II ინტერნაციონალის ხელმძღვანელთა ჩამოსვლა საქართველოში.

ერთმა პატარა სიუჟეტმა შემოგვინახა სომეხი მხატვარ-დეკორატორის სამოქალაქო პანაშვილი თბილისში, რომელსაც ესწრებიან: შალვა ელიავა, სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი და სხვები.

 
იუნკერები გოლოვინის პროსპექტზე (რუსთაველის გამზირი), 1917 წელი

არქივში დაცული კინოდოკუმენტები ასახავენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ეკონომიკური განვითარების, კულტურის, მეცნიერების, რელიგიის, ყოფის დარგში მიმდინარე პროცესებს.

ფოტოარქივი რედაქტირება

პირველი ფოტოგრაფიული სურათები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია გადაღებულია ალექსანდრე ივანიცკის მიერ 1858 წელს, სადაც ასახულია თბილისისა და მცხეთის ხედები.

არქივში, ძირითადად, თავმოყრილია: ალექსანდრე როინაშვილის, კონსტანტინე ზანისის, ნიკოლოზ საღარაძის, ედუარდ კლარის, დიმიტრი ერმაკოვისა და სხვათა ნამუშევრები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრები: ბათუმის, ფოთის, სოხუმის, ბორჯომის ხედები, ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის მშენებლობა, საქართველოს ეკლესია-მონასტრები. დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები ძვირფას ეთნოგრაფიულ მასალას წარმოადგენს.

არქივის კოლექციებში გაერთიანებულია რუსეთ-თურქეთის ომების, ჰიდროელექტროსადგურის, ფერომანგანუმის პირველი საცდელი ქარხნის მშენებლობის მიმდინარეობის (1928 წელი) ამსახველი ფოტოდოკუმენტები.

ფონოარქივი რედაქტირება

არქივის ფონოსაცავში დაცულია უნიკალური ხმის ჩანაწერები. 1912 წლით დათარიღებული აკაკი წერეთლის სიტყვა - მიმართვა მომავალი თაობებისადმი. არქივის „ოქროს ფონდი“ ინახავს აკაკი წერეთლის წარმოთქმულ ლექსებს: „მგოსანი“, „განთიადი“; ამავე ფონდშია „საქართველოს ბულბულის“ ვანო სარაჯიშვილის მიერ შესრულებული რომანსები; მსახიობების: ბ. აბაშიძისა და ნ. გოცირიძის მიერ შესრულებული „კუპლეტები ძველი თბილისის ცხოვრებიდან“.

არქივი ინახავს გრამფირფიტების მდიდარ კოლექსიას, სადაც თავმოყრილია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის იტალიური საოპერო მუსიკის შედევრები.

აქვეა ქართული ხალხური მუსიკის ფონოჩანაწერები მარო თარხნიშვილის, სანდრო კავსაძის, კ. პაჭკორიას, ძ. ლოლუას და სხვათა ეთნოგრაფიული ანსამბლებისა და გუნდების შესრულებით.

ლიტერატურულ-დრამატული ჩანაწერებიდან აღსანიშნავია მსახიობ უშანგი ჩხეიძის მიერ წაკითხული მონოლოგები; ფრაგმენტები ქართული სპექტაკლებიდან: შ. ღამბაშიძის, თ. ჭავჭავაძის, მ. დავითაშვილის, ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძისა და სხვათა შესრულებით.

ფონოარქივის სიმდიდრეს წარმოადგენს გამორჩნეულ ქართველ მეცნიერთა: კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, გიორგი ახვლედიანის, ივანე ბერიტაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, შალვა ჩხეტიას და სხვათა საინტერესო ხმის ჩანაწერები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება