სანჩია არაგონელი (იტალ. Sancia d'Aragona; დ. 1478 — გ. 1506) — ტრასტამარას დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ის უკანონო ქალიშვილი. რომის პაპ ალექსანდრე VI-ის ნაბოლარა ვაჟის, ჯოფრედო ბორჯიას პირველი ცოლი.

სანჩია არაგონელი
წოდებები
სკვილეჩის ჰერცოგინია
დაიბადა 1478
ლაციო, იტალია
გარდაიცვალა 1506, (27-28 წლის)
ნეაპოლი, იტალია
საგვარეულო ტრასტამარები
მეუღლე(ები) ჯოფრედო ბორჯია
მამა ალფონსო II, ნეაპოლის მეფე
დედა ტროჯა გაცელა
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

სანჩია დაიბადა 1478 წელს გაეტაში. იგი იყო ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ისა და მისი საყვარლის, ტროჯა გაცელას უკანონო ქალიშვილი. 1494 წელს, 16 წლის სანჩია მიათხოვეს რომის პაპ ალექსანდრე VI-ის 12 წლის ვაჟ ჯოფრედო ბორჯიას, რის შემდეგაც მათ გადაეცათ სკვილეჩის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის წოდება. ქორწინება მთლიანად პოლიტიკური, უნაყოფო და უბედური იყო, რა დროსაც სანჩია ქმართან ერთად ვატიკანის კარზე ცხოვრობდა. აქ მას სხვა მრავალი დიდებულის გარდა, რომანი ჰქონდა თავის მაზლებთან — ჩეზარე და ჯოვანი ბორჯიებთან. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე ახლო მეგობარი იყო თავისი მულის, ლუკრეცია ბორჯიასი. როგორც ცნობილია, სწორედ სანჩიასთან არსებული რომანი გახდა მიზეზი, რის გამოც 1497 წელს ჩეზარე და ჯოფრედო ბორჯიებმა მოკლეს და შემდეგ ტიბრში გადააგდეს ჯოვანი ბორჯია.

1498 წელს ლუკრეცია ბორჯია ცოლად სანჩიას ნახევარ-ძმას, პრინც ალფონსო არაგონელს გაჰყვა. სანჩას ცხოვრება ბორჯიების კარზე მეტად მშფოთვარე იყო. მას ჩეზარეს ფრანგ დიდებულ შარლოტ დ'ალბრეზე ქორწინების შემდეგაც კი არ განუტწვეტია მასთან რომანი. იქიდან გამომდინარე, რომ 1494 წელს დაწყვებული იტალიური ომების მთავარი სამიზნე სწორედ სანჩიას მშობლიური ნეაპოლი იყო, იგი ვატიკანში მეტად მნიშვნელოვან ფიგურად აღიქმებოდა, რის გამოც ეპატია ყველა მისი რომანი.

1500 წელს, მას შემდეგ რაც ჩეზარე ბორჯიამ, რომელსაც თავის დასთან, ლუკრეციასთან ჰქონდა რომანი, სასტიკად მოკლა მისი ქმარი ალფონსო არაგონელი, რომელიც სანჩიას საყვარელი ძმა იყო. ამით განრისხებულმა სანჩიამ დაუყოვნებლივ რომის დატოვება მოისურვა, მაგრამ იგი მისმა მამამთილმა, პაპმა ალექსანდრე VI-მ დააპატიმრა და სანტ'ანჯელოს კოშკში გამოკეტა. მისი ტყვეობა მხოლოდ 1503 წელს, პაპის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა, რის შემდეგაც სანჩიამ და ჯოფრედომ დატოვეს რომი და ნეაპოლში გადასახლდნენ, სადაც გარდაიცვალა იგი 1506 წელს. ამის შემდეგ ჯოფრედომ მეორედ იქორწინა თავის ბიძაშვილ მარია დე მილაზე, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა და რომელთა შთამომავლებიც 1735 წლამდე მართავდნენ სანჩიას მზითვით მიღებულ სკვილეჩის საჰერცოგოს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bradford, Sarah (2005). Lucrezia Borgia. La storia vera. Milan: Mondadori. pp. 85–88. ISBN 88-04-55627-7.
  • Commire, Anne; Deborah Klezmer (2000). Women in world history: a biographical encyclopedia. 2. Yorkin Publications. p. 773. ISBN 0-7876-4061-1.