სამხრეთი ურალი (რუს. Южный Урал) — ურალის მთათა სისტემის სამხრეთი და ყველაზე განიერი ნაწილი რუსეთში. გადაჭიმულია 550 კმ-ზე მდინარე უფის განედური მონაკვეთიდან მდინარე ურალამდე. სიგანე 250 კმ-მდე. მაქსიმალური სიმაღლე 1640,4 მ (მთა იამანთაუ). შუა ურალს ზემოთ საფეხურად არის აღმართული. მის ჩრდილოეთ დაბოლოებას ქმნის მასიური მთა ბრტყელი მწვერვალებით — იურმა. სამხრეთი ურალის სამხრეთი საზღვარია მუღოჯარები.[1]

სამხრეთი ურალი
სამხრეთი ურალის თანამგზავრული ფოტოსურათი. NASA, 2008 წელი.
სამხრეთი ურალის თანამგზავრული ფოტოსურათი. NASA, 2008 წელი.
კოორდინატები: 54° ჩ. გ. 58° ა. გ. / 54° ჩ. გ. 58° ა. გ. / 54; 58
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ბაშკირეთი, ჩელიაბინსკის ოლქი, ორენბურგის ოლქი
უმაღლესი წერტილი იამანთაუ
სიმაღლე 1640,4 
სიგრძე 550 კმ
სიგანე 250 კმ
სამხრეთი ურალი — რუსეთი
სამხრეთი ურალი
სამხრეთი ურალი — ბაშკირეთი
სამხრეთი ურალი
სურათები ვიკისაწყობში

სამხრეთ ურალის მთები უფრო მაღალია ვიდრე შუა ურალის მეზობელი მთები. მისი ოროგრაფია ხასიათდება მარაოსებრი ფორმით: ჩრდილოეთი ნაწილიდან ქედები იშლებიან სამხრეთისაკენ. ღერძული ნაწილი, ისე როგორც მთელ ურალში, შექმნილია ორი ძირითადი მთაგრეხილით: აღმოსავლეთი და დასავლეთი მთაგრეხილები.[1]

აღმოსავლეთი მთაგრეხილი ურალთაუს ქედთან ერთად წარმოადგენს წყალგამყოფს, დასავლეთზე დაბალია და სიმაღლით 1000 მ აღემატება. დასავლეთი მთაგრეხილი შედგება კიდობანის ფორმის 1200–1600 მ სიმაღლის მთებისაგან. წარმოდგენილია საშუალომთიანი ზიგალგისა და მაშაკის ქედებითა და იამანთაუსა და დიდი ირემელის მასივებით.[2]

აგებულია კვარციტებით, გნაისებით, კრისტალური ფიქლებით. ურალის ამ ნაწილში, ისე, როგორც მთელ ურალში, წარმოდგენილია რელიეფის დანგრეული მყინვარული ფორმები, რომელნიც შეიძლება მივიჩნიოთ ძველი გამყინვარების კვალად. მთების კალთებზე კურუმების მინდვრებია. ყველაზე მაღალი ქედები და ცალკეული მასივები შექმნილია ურალთაუსა და ბაშკირეთის ანტიკლინორიუმებით. ცენტრალური ზოლიდან დასავლეთით და აღმოსავლეთით რელიეფი დაბლდება, ნაწევრდება, მაგრამ მთები ინარჩუნებენ თითქმის მერიდიანულ გაჭიმულობას.[1]

მკაფიოდ არის გამოხატული კალთების ასიმეტრია. მნიშვნელოვნად არის გავრცელებული ეროზიული ფორმები, რომლებიც დაკავშირებულია რელიეფის ტექტონიკურ ფორმებთან. აღმოსავლეთი კალთა, რომელიც შედგება ცალკეული დაბალმთიანი ქედებისაგან და მწვერვალებისაგან, რელიეფში შეესატყვისება ანტიკლინალებსა და ტაგილ-მაგნიტოგორსკის სინკლინორიუმის ინტრუზიულ მასივებს. მას ამ მონაკვეთზე აქვს ყველაზე დიდი განი.[1]

ინტრუზიული მასივების აღმოსავლეთით მდებარეობს იმიერურალის პენეპლენი, რომლის სიმაღლე შეადგენს ზღვის დონიდან 300 მ-ს. იმიერურალის პენეპლენიზებული ვაკე წარმოიქმნა დენუდაციური პროცესების შედეგად აღმოსავლეთ ურალის ანტიკლინორიუმისა და აღმოსავლეთ ურალის სინკლინორიუმის ადგილას. ამიტომ პენეპლენის საფუძველი აგებულია დისლოცირებული ქანებით, რომლებიც გაკვეთილია ფუძე და მჟავე ინტრუზიებით. ზედაპირზე ალაგ-ალაგ განვითარებულია მეზოზოური და კაინოზოური კონტინენტური დანალექები.[1]

მდინარე ბელაიას განედური დინებიდან სამხრეთით ქედები დაბლდება და ზილაირის სინკლინორიუმის, ურალთაუს ანტიკლინორიუმისა და სხვა დანგრეული მსხვილი სტრუქტურების ადგილას ქმნიან სამხრეთ ურალის პენეპლენს: მის ზედაპირს აქვს ბორცვიან-ტალღოვანი ამაღლებული ვაკის სახე, ცალკეული შთენილი მაღლობებით. ვაკე დანაწევრებულია ურალისა და საკმარის მდინარეთა და მათი შენაკადების ღრმა ხეობებით.[1]

კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. ზამთარი ხანგრძლივია, მკაცრი, ქარბუქებითა და ბურანით; იანვრის საშუალო ტემპერატურა –22°C. ზაფხული ზომიერად თბილია, იცის ჭექა-ქუხილი და თავსხმა; ივლისის საშუალო ტემპერატურა 19°C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში დასავლეთით 700–800 მმ-დან, აღმოსავლეთით 350 მმ-მდე. თითქმის ყველა მდინარე მიეკუთვნება კასპიის ზღვის აუზს; ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ჩაედინება მდინარეები უი და მიასი. ბევრია ტბა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მთისწინეთში.[2] არის კარსტული ტბებიც.[3]

სამხრეთი ურალი განირჩევა ნაირგვარი ლანდშაფტებით. სამხრეთ ურალის ჩრდილოეთ ნაწილში მთისწინეთში იჭრება ვაკის ტყესტეპი, რომელიც ზემოთ გადადის მთის ტყესტეპში და ფოთლოვან ტყეებში, მთის ტყის ნაცრისფერი ნიადაგებით. დაახლოებით 600 მ-დან 1000–1200 მ სიმაღლემდე, განვითარებულია მთის ტაიგის სარტყელი, რომელიც წარმოდგენილია ნაძვის ტყეებით, მას ერევა სოჭი, არყი, ხოლო უფრო ქვემოთ ფიჭვი, კორდიანი ტყის ნიადაგებით. ტაიგის ზემოთ ვრცელდება გოლცებისპირა ტყემდელოს სარტყელი, რომელიც გადადის მთის ტუნდრის სარტყელში. სამხრეთით მთისწინეთში იჭრება ვაკის სტეპი, რომელიც გადადის მთის სტეპსა და ტყესტეპში. ყველაზე მაღალი მწვერვალები და პლატოები დაფარულია მთის ტაიგით. მის ფარგლებშია ნაკრძალები და ეროვნული პარკები. განვითარებულია ტურიზმი.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 სსრკ ფიზიკური გეოგრაფია, განათლება, 1988. გვ. 525–526.
  2. 2.0 2.1 2.2 Южный Урал | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-05. ციტირების თარიღი: 2021-09-29.
  3. Южный Урал: Общее описание района