სამეკლესიიანი ბაზილიკა

სამეკლესიიანი ბაზილიკასაქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა). საქართველოს გარეთ უცნობია. გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია არა ბოძებით, არამედ კედლებით, ე. ი. არსებითად აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული 3 სამლოცველო ეკლესია, რომლებშიც დღის განმავლობაში ცალ-ცალკე რამდენიმეჯერ იხდიდნენ წირვას.

სამეკლესიიანი ბაზილიკის პირველი ნიმუშები VI საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება. თანდათან მან უფრო ჩამოყალიბებული და რთული სახე მიიღო. გვერდის ეკლესიები (ნავები) ერთმანეთს დაუკავშირდა დასავლეთი შემაერთებელი გალერეით და შუა ეკლესიაში (ნავში) შესასვლელიც ამ გალერეიდანაა. ამავე დროს ჩნდება ახალი მოტივი - გვერდის ეკლესიების ორი ან სამთაღიანი ღია შესასვლელები.

სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის საკულტო ნაგებობები X საუკუნემდეე არსებობდა, შემდეგ აქა-იქ გვხვდება. სამეკლესიიანი ბაზილიკის ცნობილი ნიმუშებია VI-VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ნეკრესის მონასტერში, ქვემო ბოლნისში, დმანისსა და სხვა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 8, გვ. 717, თბ., 1984