„სალიპარტიანო“ — ფეოდალური სამფლობელო ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში. მოიცავს თანამედროვე მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს. სალიპარტიანო თავდაპირველად ლიპარტიანთა ფეოდალურ გვარეულობის სამფლობელო იყო. გვარსახელი ლიპარტიანი ლიპარიტიდან მოდის. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ეს ლიპარიტი უნდა ყოფილიყო ბაღუაშთა საგვარეულოს წარმომადგენელი, რომლისგანაც მოდიოდა ლიპარტიანთა გვარეულობა IX საუკუნიდან.

სხვა მოსაზრებით, ლიპარიანტთა გვარეულობას ლიპარიტ I-მა დადიანმა ჩაუყარა საფუძველი. დაახლოებით XVI საუკუნიდან სალიპარტიანო ოდიშის მთავრებმა მიიტაცეს და საუფლისწულო მამულად აქციეს. XVII საუკუნის დასაწყისში ლიპარტიანობა ოდიშის სამთავროს უმაღლესი მოხელის ტიტული გახდა, ხოლო სალიპარტიანო ეწოდა სამფლობელოს, რომელსაც ეს მოხელე ფლობდა. პირველ მოხელე ლიპარტიანად ლევან II დადიანის ბიძა გიორგი დადიანი გვევლინება. გიორგის სიკვდილის შემდეგ ლიპარტიანობას და სალიპარტიანოს ფლობდნენ მისი ძე ვამეყი, შემდეგში ვამეყის ძე გიორგი.

1673 წელს ლევან III დადიანმა ეს სახელი კაცია ჩიქოვანს უბოძა. კაციას სიკვდილის შემდეგ ლიპარტიანი გახდა მისი ძე გიორგი. 1714—1728 წლებში ლიპარტიანი იყო ბეჟან დადიანის ძმა შამადავლე, 1732-1754 — გიორგი დადიანი. 1799 წელს გრიგოლ დადიანმა სალიპარტიანო თავის მეტოქე ძმას — მანუჩარ II დადიანს — გადასცა. ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლის შემდეგ, 1805 წლის იანვარში, გრიგოლისა და მანუჩარის დედამ ანამ სალიპარტიანოს მანუჩარისათვის დატოვება სთხოვა მთავარმმართველს ციციანოვს, მაგრამ უარი მიიღო. სალიპარტიანო ოდიშის მთავრის სახასო მამულად გამოცხადდა, შემდეგ კი სამოურავოდ გადაეცათ თავად დგებუაძეებს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბერაძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 693.
  • ჯღარკავა შ., სალიპარტიანოს ისტორიიდან, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, მაცნე № 6, თბ., 1970, გვ. 75-85