საკაჟიაკარსტული მღვიმე საქართველოში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგნის მიდამოებში. მდებარეობს მდინარე წყალწითელას ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ, სიღრმე 20 მ, სიგანე 6 მ, სიმაღლე 4 მ. აღმოაჩინეს 1914 წელს (რუდოლფ შმიდტი, ლეონ კოზლოვსკი).

საკაჟია
კოორდინატები: 42°16′47″ ჩ. გ. 42°45′26″ ა. გ. / 42.279944° ჩ. გ. 42.757333° ა. გ. / 42.279944; 42.757333
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თერჯოლის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 150 მ
შეფარდებითი სიმაღლე 70 მ
სიგრძე 35 მ
სიღრმე 20 მ
აღმოჩენის წელი 1914
საკაჟია — საქართველო
საკაჟია
საკაჟია — იმერეთის მხარე
საკაჟია

საკაჟია ამიერკავკასიაში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. მღვიმეს რუდოლფ ვირხოვის სახელი ეწოდა. 1936 წელს გათხრები განახლდა (ხელმძღვანელი მ. ნიორაძე), აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება — „საკაჟია“. 1973 წელს გათხრების დროს (ხელმძრვანელი გიორგი ნიორაძე) ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 მ. სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენები. აღმოჩნდა ქვის ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის წვეტანები, სახოკები, დანები და სხვა ნივთები. ამ ფენებში ნაპოვნია მღვიმური დათვის, მარტორქის, ლოსის, კეთილშობილი ირმის, ბიზონის, კავკასიური ჯიხვის, ტახისა და სხვა ცხოველთა ძვლები. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ყბის ფრაგმენტი და კბილები. აღნიშნული მასალა შუა და გვიანდელი მუსტიეს ხანით თარიღდება.

ზედაპალეოლითური ხანის მასალიდან აღსანიშნავია კაჟისა და ობსიდიანის ლამელებზე და ანატკეცებზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის მსგავსი დანები და სხვა ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი: მრგვალგანივკვეთიანი ძვლის შუბისპირები, სადგისები, ირმის რქისგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი თოხისმაგვარი იარაღი. აქვეა ნაპოვნი კრომანიონელი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები. ამავე ფენებში აღმოჩენილია დომბის, კეთილშობილი ირმის, ქურციკის, ჯიხვის, ტახის, ცხენის, მღვიმური დათვის, მურა დათვის, მღვიმის ლომის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველთა ძვლები. ზედაპალეოლითური მასალა ორინიაკულია და განეკუთვნება საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის შუა (განვითარებულ) საფეხურს.

1914 წლიდან კოლექცია დაცულია სანქტ-პეტერბურგში, მიკლუხო-მაკლაის სახელობის ანთროპოლოგიისა და ათნოგრაფიულ მუზეუმებში, 1936 წლიდან მასალა — სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ბუნების ძეგლია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ტინტილოზოვი, თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 669.
  • „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 44.
  • ნიორაძე გ., ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბ., 1953;
  • ნიორაძე მ., ახალი აღმოჩენები საკაჟიას მღვიმეში, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1974, ტ. 75, № 3;
  • მისივე, Археологические работы в пещере Сакажия, იქვე, 1976, ტ. 84, № 1;
  • Габуния Л. К., Ниорадзе М. Г., Векуа А. К., О мустьерском человеке из Сакажия (Западная Грузия), «Вопросы антропологии», 1978, в. 59;