საერთაშორისო საზღვაო სამართალი

საერთაშორისო საზღვაო სამართალი — საერთაშორისო საჯარო სამართლის ნაწილი, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა იურისდიქციის ფარგლებს საერთაშორისო ზღვებსა და ოკეანეებში. კერძო პირთა შორის ურთიერთობებს საზღვაო სივრცეში კი კერძო საზღვაო სამართალი (Admiralty law) არეგულირებს.

ისტორია რედაქტირება

1494 წელს ტორდესილასის ხელშეკრულებით მსოფლიო ოკეანე ორმა უდიდესმა საზღვაო სახელმწიფომ, ესპანეთმა და პორტუგალიამ გაიყო. ესპანეთმა მიიღო ექსკლუზიური ნაოსნობის უფლება დასავლეთ ატლანტიკაში, მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეში, პორტუგალიას კი ატლანტის აღმოსავლეთი ნაწილი და ინდოეთის ოკეანე ერგო.

XVI–XVII საუკუნეებში წარმოიშვა ახალი დიდი საზღვაო სახელმწიფოები — ინგლისი და ნიდერლანდები, რომელთაც თავისუფალი ნაოსნობის საკუთარი ამბიციური მოთხოვნები გაუჩნდათ. ნიდერლანდურმა „დაჩ ისტ ინდიან“ კომპანიამ ახალგაზრდა იურისტს, ჰუგო გროციუსს ამ მოთხოვნათა გასამართლებლად თეორიული ნაშრომის მომზადება დაავალა. თავის ნაშრომში ჰუგო გროციუსი ბუნებითი სამართლის კონცეფციას დაეყრდნო და განაცხადა, რომ „როგორც ჰაერია საერთო, რადგან იგი არ შეიძლება იყოს ვინმეს მიერ მითვისებული და რადგან იგი არ ამოიწურება მოუწესრიგებელი სარგებლობის შედეგად და შესაბამისად იგი ეკუთვნის მთელ კაცობრიობას, ასევე ზღვაა საერთო ყველასათვის“. ამ ნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა თავისუფალი ზღვის (Mare Liberum) დოქტრინას. ამ დოქტრინას დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ინგლისელი იურისტები. ისინი ემხრობოდნენ დახურული ზღვის (Mare clausum) დოქტრინას, რაც გაძლიერებული ინგლისისათვის უფრო ხელსაყრელი იყო. ამ დოქტრინის მიხედვით ზღვაზე ნაოსნობის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნოდა იმ სახელმწიფოს, რომელიც რეალურად აკონტროლებდა მას.

XIX საუკუნეში თავისუფალი ვაჭრობის იდეის გაძლიერებამ შეცვალა დამოკიდებულება ზღვებისადმი, 1840 წელს დაფუძნდა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში მეორე სახელმწიფოს გემის „მშვიდობიანი გავლის უფლება“. თანდათანობით ხელახალი აღიარება მოიპოვა ზღვების თავისუფლების იდეამ. XX საუკუნის 20-იან წლებში დღის წესრიგში დადგა ერთიანი საერთაშორისო საზღვაო წესების შემუშავების საკითხი. ასეთი წესები რამდენიმე ორგანიზაციის მიერ შემუშავდა და 1930 წელს ჰააგაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია მათ განსახილველად, თუმცა საერთაშორისო დოკუმენტის მიღება ამ კონფერენციაზე ვერ მოხერხდა.

1956–58 წლებში გაეროს ეგიდით გაიმართა საერთაშორისო საზღვაო სამართლის პირველი კონფერენცია (UNCLOS I). ამ კონფერენციაზე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ტერიტორიული ზღვის სიგანის შესახებ, თუმცა მიღებული იქნა 4 კონვენცია:

  • კონვენცია ტერიტორიული ზღვისა და მიმდებარე ზონის შესახებ;
  • კონვენცია კონტინენტური შელფის შესახებ;
  • კონვენცია ღია ზღვის შესახებ;
  • კონვენცია ღია ზღვის რესურსების დაზვერვისა და გამოენების შესახებ.

1960 წლის 17 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით ჩატარდა გაეროს საზღვაო სამართლის მეორე კონფერენცია (UNCLOS II), რომელმაც კვლავ ვერ დაადგინა ტერიტორიული ზღვის სიგანე. 1972–82 წლებში გაიმართა გაეროს საზღვაო სამართლის მესამე კონფერენცია (UNCLOS III), რომელზეც ბოლოს და ბოლოს მიღწეული იქნა შეთანხმება ტერიტორიული ზღვის ზომების შესახებ და გარდა ამისა მიღებული იქნა გაეროს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ (UNCLOS), რომელიც დღეს საზღვაო სამართლის მარეგულირებელი ძირითადი დოკუმენტია.

საზღვაო ზონები რედაქტირება

საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციამ მსოფლიო ოკეანე და ზღვები განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის მქონე 9 ზონად დაჰყო. ესენია:

საზღვაო ზონების ასათვლელად,ზღვისა და ხმელეთის პირობით საზღვრად საგანგებო საწყისი ხაზები გამოიყენება.