საბჭოთა ოკუპაციის დღე

საბჭოთა ოკუპაციის დღე 2011 წლიდან აღინიშნება საქართველოში ყოველი წლის 25 თებერვალს.[1]

საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში

ისტორია რედაქტირება

1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შეიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო ფილიპე მახარაძე, რომელმაც წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ დაიკავა საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ-ის) თავმჯდომარის, სახალხო კომისართა საბჭოსა და შემდეგ ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები[2].

თანამედროვეობა რედაქტირება

საქართველოს პარლამენტმა კანონი „საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ“ მიიღო 2010 წლის 21 ივლისს[3] (მომხრე 87 დეპუტატი 110-დან[4]). ოკუპაციის დღე პირველად აღინიშნა 2011 წლის 25 თებერვალს. ამ დღეს საქართველოში ეშვება ყველა სახელმწიფო დროშა და ცხადდება წუთიერი დუმილი[5]. საქართველოს გარდა ოკუპაციის დღე აღინიშნება ლატვიასა და მოლდოვაში (ინიციატივა უარყვეს)[6].

2006 წლიდან თბილისში მოქმედებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მუზეუმში დაცულია დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.[7]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება