სააბატო

კათოლიკური მონასტერი, რომელიც მიეკუთვნება, რომელიმე მონაზვნურ ორდენს

სააბატო (ლათ. abbātia) — დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროში მოწესეთა საკრებულო — მონასტერი, რომელსაც წარმართავს აბატი (ან აბატისა). იგი შეიძლება ემორჩილებოდეს ეპისკოპოსს, უშუალოდ რომის პაპს[1] ან იყოს დამოუკიდებელი ეპისკოპოსის იურისდიქციისაგან. ამავე სახელწოდებას ატარებს სააბატო საკრებულოს კუთვნილ შენობათა კომპლექსი.

მონტე-კასინოს სააბატო (იტალია)
სენანკის სააბატოს კლუატრი (საფრანგეთი)

შუა საუკუნეეში სააბატოები იყო ყველაზე დიდი და მდიდარი მონასტრები (სენ-დენი, კლიუნი, წმინდა გალის სააბატო, სენტ-ოლბანსი, მონტეკასინო, კლერვო, ფულდა და სხვ.). ფლობდნენ ვრცელ მიწებს, წარმოადგენდნენ ფეოდალურ სენიორიებს. ჰქონდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა.[1]

პირველ სააბატოდ ითვლება მონტეკასინო, რომელიც 529 წელს დააარსა ბენედიქტე ნურსიელმა იტალიაში. თავდაპირველად სააბატოები სრულიად დამოუკიდებელი იყო ერთმანეთისაგან, მათი ცენტრალიზების პროცესი დაიწყო X საუკუნეში. XII-XIII საუკუნეებში სააბატოები ფართოდ გავრცელდა მთელს ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში. სააბატოს მართავს აბატი, რომელსაც ეხმარება მონასტრის კაპიტულუმი და უხუცესთა საბჭო. შუა საუკუნეებში სააბატო მემკვიდრეობით ადგილ-მამულად (ფეოდი) ითვლებოდა და მისი დაფუძნების ნებართვას ხელმწიფე გასცემდა ინვესტიტურის გზით. ამჟამად ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ რომის პაპს შეუძლია.

არქიტექტურულად სააბატო სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე შენობის კომპლექსს წარმოადგენდა. ყველაზე მნიშვნელოვან შენობებს ერთმანეთთან გალერეა — კლუატრი აკავშირებდა. საერთო საძინებელი (დორმიტორიუმი) ხშირად სასადილოს ზემოთ იყო განთავსებული კლუატრის აღმოსავლეთით და უკავშირდებოდა ცენტრალურ ეკლესიას. კლუატრის დასავლეთ მხარეს განლაგებული იყო საერთო სივრცე და კარიბჭე, რომელიც გარე ეზოში გამავალი ერთადერთი გზა იყო. კლუატრის სამხრეთით იყო მთავარი სამზარეულო, ლუდსახარში და სახელოსნოები. ნოვიციატი (მორჩილების სამყოფელი) და საავადმყოფო განთავსებული იყო ცალკე შენობაში, რომელსაც გააჩნდა საკუთარი სამლოცველო, აბანო, სასადილო, სამზარეულო და ბაღი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • „სააბატო“. წგნ: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - ISBN: 978-9941-0-3408-4;
  • სააბატო — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Смирнова Е. Д., Сушкевич Л. П., Федосик В. А. Аббатство // Средние века : Культура, искусство, история. Иллюстрированная энциклопедия / под ред. В. А. Федосика. — М.: Эксмо, 2008. — стр. 6, 304 c. ISBN 978-5-699-24660-1.