რუსეთ-ოსმალეთის ომი (1676-1681)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.

რუსეთ-ოსმალეთის ომი — სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის 1676-1681 წლებში. გამოწვეული იყო ოსმალეთის აგრესიის გაძლიერებით, რაც მოჰყვა რუსეთთან უკრაინის შეერთებას (1654). 1669 წელს ოსმალეთმა კავშირი დადო დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინის პეტმანთან პ. დოროშენკოსთან. 1674 წელს კაზაკებმა გადააყენეს პეტრე დოროშენკო და დნეპრის მარცხენა ნაპირის უკრაინის ჰეტმანი ივანე სამოილოვიჩი მთელი უკრაინის ჰეტმანად გამოაცხადეს, მაგრამ დოროშენკომ 12-ათასიანი რაზმით ციხესიმაგრე ჩიგირინი აიღო და ოსმალთა ჯარის მოლოდინში იქ დაბანაკდა. 1676 წელს რუსეთ-უკრაინის გაერთიანებულმა ჯარმა ჩიგირინი გაათავისუფლა. დოროშენკო დანებდა. სულთანმა, რომელიც უკრაინას თავის ვასალურ ქვეყნად თვლიდა, ჰეტმანად ოსმალთა ტყვეობაში მყოფი ი. ხმელნიცკი გამოაცხადა და 1677 წლის ივლისში ჩიგირინისაკენ მრავალათასიანი ჯარი დაძრა, მაგრამ ამაოდ. 28 აგვისტოს (7 სექტემბერი) რუსებსა და კაზაკებთან ბრძოლაში ოსმალები დამარცხდნენ. 1678 წლის ივნისში ოსმალთა ჯარი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, ჩიგირინს ალყა შემოარტყა და 11 აგვისტოს (21 აგვისტო) აიღო იგი, მაგრამ შემდგომ წარმატებებს ვერ მიაღწია. 1681 წლის 3 იანვარს (13 იანვარი) ხელი მოაწერეს ბახჩისარაის ხელშეკრულებას, რომლითაც ოსმალებმა ცნეს დნეპრის მარცხენა ნაპირის უკრაინის შეერთება რუსეთთან და საზღვრად მდინარე დნეპრი გამოაცხადეს.

ლიტერატურა რედაქტირება