რუსეთ-იაპონიის ომი

რუსეთ-იაპონიის ომი
თარიღი 1904 10 თებერვალი
მდებარეობა ჩინეთი, მანჯურია, ყვითელი ზღვა
მიზეზი მანჯურიის და კორეის ნახევარკუნძულის კოლონიზირება
შედეგი იაპონიის გამარჯვება
მხარეები
{{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია

მონტენეგროს სათავადო

იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
მეთაურები
ნიკოლოზ II
ადმირალი ე. ალექსეევი
გენერალი ალექსეი კუროპატკინი
გენერალი ნ. ლინევიჩი
ადმირალი სტეფან მაკაროვი
მეიძი
მარშალი ოიამა იუაო
ადმირალი ჰეიჰაცჰირო ტოგო
ძალები
500 000 400 000
დანაკარგები
24,844 მოკლული
146,519 დაჭრილი
47,387 მოკლული
173,425 დაჭრილი
რუსეთ-იაპონიის ომი ვიკისაწყობში

რუსეთ-იაპონიის ომი (იაპონ. 日露戦争, რუს. Русско-японская война) – ომი რუსეთის იმპერიასა და იაპონიას შორის. მიმდინარეობდა 1904 წლის 8 თებერვლიდან 1905 წლის 5 სექტემბრამდე. ომი დაიწყო მანჯურიის და კორეის ტერიტორიებზე ბატონობისთვის.

1894-1895 წლებში ჩინეთ-იაპონიის ომში გამარჯვებულმა იაპონიამ უარი თქვა დაპყრობილ ლიაოდუნის ნახევარკუნძულზე რუსეთის მოთხოვნის გამო. ამასთან რუსეთმა 1896 წელს მიიღო კონცესია მანჯურიაში რკინიგზის მშენებლობაზე. 1898 წელს რუსეთის იმპერიამ ჩინეთისგან იჯარით აიღო კვანტუნის ნახევარკუნძული და პორტ-არტურში ააგო სამხედრო-საზღვაო ბაზა. 1900 წელს რუსეთის იმპერიის არმიამ დაიკავა მანჯურია. ამას მოჰყვა იაპონიის ენერგიული მზადება რუსეთთან ომისთვის. საომარი მზადების პარალელურად, 1901 წლიდან სანქტ-პეტერბურგში დაიწყო მოლაპარაკებები იაპონიასა და რუსეთს შორის მანჯურიაში გავლენის სფეროებზე.

1904 წლის 24 იანვარს იაპონიამ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან. 27 იანვარს, ღამით, იაპონიის ესკადრა თავს დაესხა პორტ-არტურში მდგარ რუსეთის ხომალდებს და ჩაძირა 2 ჯავშნოსანი და ერთი კრეისერი. იმავე დღეს იაპონიის 6-მა კრეისერმა და 8 ნაღმოსანმა შეუტია ჩეპულპოს პორტში მდგარ რუსეთის კრეისერ „ვარიაგს“ და საკანონერო ნავ „კორეეცს“. რუსეთის ორივე ხომალდი დაიღუპა. რუსეთის ჯავშნოსან „პეტროპავლოვსკის“ ნაღმზე აფეთქების გამო დაიღუპა ადმირალი სტეფან მაკაროვი. ამის შემდეგ რუსული ესკადრა შემოიფარგლებოდა პორტ-არტურის დაცვით. ცუდი სარდლობის გამო რუსეთის იმპერიის არმია რამდენჯერმე დამარცხდა.

1905 წლის 2 იანვარს პორტ-არტურის რუსული ბაზა გენერალ ანატოლი სტესელის მეთაურობით დანებდა იაპონიის შეიარაღებულ ძალებს. თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მუკდენის ბრძოლაში რუსეთი სასტიკად დამარცხდა. ომის ბოლო ბრძოლა იყო 1905 წლის მაისში ცუსიმის ბრძოლა, რომელშიც იაპონიის ფლოტმა გაანადგურა რუსეთის საზღვაო ძალები.

სამხედრო წარმატების მიუხედავად საომარმა მოქმედებებმა დაასუსტა იაპონია, ხოლო რუსეთის იმპერიაში გაძლიერდა რევოლუციური მოძრაობა. ზავი ორივე მხარეს უნდოდა. რუსეთის იმპერიამ შუამდგომლობა სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს. 1905 წლის 9 აგვისტოს დაიწყო საზავო მოლაპარაკებები აშშ-ის ქალაქ პორტსმუთში. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა გრაფი ვიტე. მოლაპარაკებები დასრულდა 5 სექტემბერს გაფორმებული ზავით. რუსეთის იმპერიამ სცნო კორეა იაპონიის გავლენის სფეროდ, გადასცა მას საიჯარო უფლებები კვანტუნის ოლქზე პორტ-არტურითურთ და კუნძულ სახალინის სამხრეთი ნაწილი.

რუსეთის იმპერიის დამარცხების მიზეზები იყო ცუდი სარდლობა, რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, ხალხში ომის არაპოპულარობა, არმიის ცუდი მომზადება. დამარცხების გამო რუსეთის არმიაში გატარდა რეფორმები 1905-1912 წლებში. ომში დამარცხებამ გამოიწვია რევოლუცია 1905-1907 წლებში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 480-481.
  • Chapman, John W. M. (2004). „Russia, Germany and the Anglo-Japanese Intelligence Collaboration, 1896–1906“, Russia War, Peace and Diplomacy. London: Weidenfeld & Nicolson, გვ. 41–55. ISBN 0297849131. 
  • Connaughton, R. M. (1988). The War of the Rising Sun and the Tumbling Bear—A Military History of the Russo-Japanese War 1904–5. London. ISBN 0415009065. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება