რუი გონსალეს დე კლავიხო

რუი გონსალეს დე კლავიხო (ესპ. Ruy González de Clavijo; დ. წ. უცნობია, — გ. 2 აპრილი, 1412, მადრიდი) — კასტილიელი მოგზაური, დიპლომატი და მწერალი; მეფე ენრიკე III-ის ელჩი თემურლენგთან (1403-1406).

კლავიხო. XIX საუკუნის მხატვრის მიერ წარმოდგენილი პორტრეტი.

კასტილიელი აზნაური და კარისკაცი რუი გონსალეს დე კლავიხო თემურლენგის კარზე კასტილიისა და ლეონის მეფის ენრიკეს მეორე ელჩობის ხელმძღვანელი იყო. მისი მოგზაურობა 1403 წლის 22 მაისს კადისიდან დაიწყო. კონსტანტინეპოლის გავლით კლავიხო ტრაპიზონში ჩავიდა. ელჩობა თემურლენგს საქართველოში უნდა შეხვედროდა, თუმცა იმ დროისათვის ამირა უკვე შუა აზიაში დაბრუნებულიყო და ესპანელებმა გზა ხმელეთით განაგრძეს სამარყანდამდე. თემურლენგმა ელჩობა პატივით მიიღო. 1406 წელს კლავიხო სამშობლოში დაბრუნდა. მთელი მოგზაურობის დროს კლავიხო წერდა დღიურებს (Embajada a Tamor Lán, „ელჩობა თემურლენგთან“), რომლებშიც დაწვრილებითაა გადმოცემული ავტორის შთაბეჭდილებები, მონახულებული ადგილების აღწერილობა, სხვებისგან გაგონილი ამბები. დღიურები ორი ხელნაწერის სახით დაცულია მადრიდის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში.

კლავიხოს დღიურებში მოიპოვება ცნობები საქართველოს (კლავიხოს მიხედვით „Gargania“) შესახებ, რომლებიც ქრონოლოგიურად ძირითადად გიორგი VII-ის („Rey Sorso“) მეფობაზე მოდის. საინტერესოა კლავიხოს ინფორმაცია, რომელიც თემურლენგის წინააღმდეგ მეფე გიორგისა და ოქროს ურდოს ყაენის ედიგუის მოკავშირეობაზე მიგვანიშნებს. სამარყანდიდან მობრუნებულ ელჩობას ყარსი-ტრაპიზონის მარშრუტზე 1405 წლის სექტემბერში სამხრეთ საქართველოზე გაუვლია და გზად თორთომის ციხე („Tartum“) დაუნახავს. კლავიხოს ცნობით, საქართველოს საზღვრებში ეს ციხე-სიმაგრე თემურს დაულაშქრავს და გადასახადი დაუკისრებია. ესპანელ დიპლომატის ნაშრომში არის ცნობები ნახიჩევანში მდებარე ალინჯის ციხის შესახებაც, რომლის მიდამოებშიც ქართველთა ჯარიც იბრძოდა. კლავიხოსთან მოთხრობილია თემურლენგის სიკვდილის შემდეგ ქართველთა ლაშქრობის ამბავი ყარსისა და არზრუმის მიწებზე. ქართველების შესახებ ავტორი წერს: „ქართველები კარგი აგებულების, ლამაზი გარეგნობის ხალხია. ბერძნული სარწმუნოებისანი არიან. ენა თავისი აქვთ“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ (თარგმნა ელდარ მამისთვალიშვილმა). — თბილისი, მეცნიერება, 1992. — 48გვ.
  • მამისთვალიშვილი, ე. რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ : [მე-14-15 სს. ესპანელი მოგზაური გიორგი VII მეფობის ხანაზე] // მნათობი. — თბილისი, 1971. — N8. — გვ.118-126


 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: