რიგა

ლატვიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი

რიგა (ლატვ. Rīga) — ლატვიის დედაქალაქი, მდებარეობს მდ. დაუგავას ბალტიის ზღვის შესართავთან. რიგა ბალტიის ქვეყნების უდიდესი ქალაქია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, საგანმანათლებლო, საფინანსო, კომერციული და ინდუსტრიული ცენტრია ბალტიის რეგიონში.

დედაქალაქი
რიგა
ლატვ. Rīga
დროშა გერბი

ქვეყანა ლატვიის დროშა ლატვია
კოორდინატები 56°56′51″ ჩ. გ. 24°06′25″ ა. გ. / 56.94750° ჩ. გ. 24.10694° ა. გ. / 56.94750; 24.10694
ქალაქის მერი Vilnis Ķirsis
დაარსდა 1201[1]
ფართობი 304 კმ², 253.05 კმ²
ცენტრის სიმაღლე 6±1 მეტრი
ოფიციალური ენა ლატვიური ენა
მოსახლეობა 660 187 (1 იანვარი, 2023)[2]
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპის ზაფხულის დრო და აღმოსავლეთ ევროპული დრო
სატელეფონო კოდი 66-67
საფოსტო ინდექსი LV-1000
საავტომობილო კოდი LV
ოფიციალური საიტი https://riga.lv
რიგა — ლატვია
რიგა

რიგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვირეობის ძეგლთა სიაში შეტანილი. ქალაქი განსაკუთრებით გამოირჩევა ინტენსიური არტ-ნუვო (გერმ. Jugendstil) არქიტექტურით და მას ამ მხრივ მხოლოდ ვენა, პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებიან.

ისტორია რედაქტირება

 
რიგის კათედრალის თავი მოჩანს მის ვიწრო ქუჩებს შორის

რიგა მდებარეობს ლივსთა, ძველი ფინური ტომის, უძველესი ნამოსახლარის ადგილზე, მდინარეების დაუგავასა და რიზდენეს შესართავთან. რიზდენეს თავდაპირველად რიგის მდინარე ერქვა, რომელიც ადრე ბუნებრივ ყურეს ქმნიდა რიგის ტბასთან, თუმცა არც ერთი მათგანი დღეს არ არსებობს. ზოგიერთი ცნობით ქალაქს სახელი მდინარე რიგის გამო დაერქვა.

თანამედროვე ქალაქის დაფუძენას ისტორიკოსები გერმანელ ვაჭრებს, მეომრებსა და ჯვაროსნებს უკავშირებენ, რომლებიც ლატვიაში XII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოვიდნენ, ნაწილობრივ მწირედ დასახლებული რეგიონის ინტერესით, პოტენციური ახალი გასაღების ბაზრისა და მისიონერთა მიერ ადგილოვბრივი მოსახლეობის ქრისტიანობაზე მოქცევითვის.

გერმანელმა ვაჭრებმა მცირე სავაჭრო მისადგომი დააარსეს მდინარე ლივთან 1158 წელს. აუგუსტინელმა ბერმა მაინჰარდმა კი აქ დაახლოებით 1190 წელს მონასტერი ააგო.

ეპისკოპოსი ალბერტი მისი ბიძის ჰარტვიგის, ბრემენისა და ჰამბურგის არქიეპისკოპოსის, მიერ 1199 წელს ლივონიის ეპისკოპოსად დაინიშნა. ის რიგაში 1201 წელს ჩამოდის 23 გემითა და 1500-ზე მეტი ჯვაროსანით, და რიგას საკუთარ საეპისკოპოსოდ ხდის. მან დააარსა ვილონიელ ხმლის ძმათა ორდენი და რიგას ქალაქის სტატუსი უწყალობა იმავე წელს. ალბერტი წარმატებას აღწევს ლივსთა მეფის ქრისტიანობაზე მოქცევაში, თუმცა მას თითქმის სამი ათეული წელი დასჭირდა ლივონიაზე (გერმ. ლივლანდი) სრული კონტროლის მისაღწევად. შედეგად, რიგა ლივონისა და პრუსიასთან ერთად წმინდა რომის (გერმანული) იმპერიის ქვეშევრდომი ხდება. გაცილებით მოგვიანებით მარტინ ლუთერის დროს, რიგა, ლივონია და პრუსია პროტესტანებად მოექცნენ.

ამ პერიოდიდან რიგის როგორც ბალტიის ტომებთან და რუსეთთან ვაჭრობის კარიბჭის მნიშვნელობა იზრდება. 1282 წელს რიგა ჰანსეატიკის ლიგის წევრი ხდება. ჰანსა ვაჭართა ასოციაციის განვითარების გამო ჩრდილოეთ გერმანელთა და ბალტიის ქალაქთა თავისუფალი სავაჭრო და პოლიტიკური გაერთიანების შედეგად წარმოიშვა. მისი ეკონომიკური პროტექციონისტული პოლიტიკის წყალობით, რომლითაც გერმანელი წევრები უპირატესობით სარგებობდნენ, ლიგა საკმაოდ წარმატებული გამოდგა, თუმცა ექსკლუზიონისტურმა პოლიტიკამ კონკურენტების წარმოქმნასაც შეუწყო ხელი. ლიგის ბოლო დიეტი 1669 წელს შეიკრიბა, თუმცა ამ დროისთვის მათი ძალები საკმაოდ შერყეული იყო და XIV საუკუნის ბოლოსთვის პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ლიტვასა და პოლონეთს, ასევე შვედეთს, დანიასა და ნორვეგიას შორის მათი გავლენა შეავიწროვა. მიუხედავად ამისა, ჰანსამ გადამწყვეტი როლი ითამაშა რიგის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაში, რაც მას საშუალებას აძლევს გაუძლოს გვიანდელი ისტორიის ქარცეცხლს, თითქმის დღემდე.

პირველი მსოფლიო ომი რედაქტირება

XX საუკუნემ რიგას პირველი მსოფლიო ომი და რუსეთის რევოლუციის შედეგები მოუტანა. 1917 წლის 3 სექტემბერს, იუგლას ბრძოლის შედეგად ქალაქში გერმანული არმია შევიდა. 1918 წლის 3 მარტს, ბრესტ-ლიტოვსკის ზავი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ბალტიისპირეთის ქვეყნები გერმანიას გადაეცა. 1918 წელს, კომპიენის ზავისა და ომის დასრულების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ლატვიის შემთხვევაში ეს მოხდა 1918 წლის 18 ნოემბერს, რიგა კი დედაქალაქი გახდა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში, რიგამ და ლატვიამ შეიცვალეს კურსი და ის დასავლეთ ევროპის ქვეყნებისკენ მიმართეს. რუსეთი როგორც ლატვიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ ჩაანაცვლეს.

მეორე მსოფლიო ომი რედაქტირება

 
დემონსტრაცია რიგაში. 1940 წელი

მეორე მსოფლიო ომის დროს ლატვია ჯერ საბჭოთა კავშირმა (1940) დაიპყრო, ხოლო შემდეგ ნაცისტურმა გერმანიამ (1941-44 წლებში). 1940 წლის 17 ივნისს საბჭოთა არმია რიგაში შევიდა. სამი დღის შემდეგ ლატვიის პრეზიდენტი კარლის ულმანისი იძულებული გახდა ეღიარებინა რომ ქვეყანას უკვე პრო-საბჭოური მთავრობა ჩასდგომოდა სათავეში. 14-15 ივლისს ლატვიაში გაყალბებული არჩევნები გაიმართა. საარჩევნო ბიულეტენებს შემდეგი მითითებები ჰქონდათ: „მხოლოდ ლატვიის მუშათა პარტია უნდა მოხვდეს საარჩევნო ყუთში“. ამომრჩეველთა აქტიურობის ინდექსად 97.6% გამოაცხადეს. ყველაზე აღსანიშნი კი ის ფაქტია, რომ არჩევნების შედეგები მოსკოვში მის დასრულებამდე 12 საათით ადრე გამოაცხადეს. შემდეგში ნაპოვნმა საბჭოთა საარჩევნო დოკუმენტებმა დაამტკიცა, რომ არჩევნების შედეგები სრულებით იყო გაყალბებული. არჩევნების შემდეგ საბჭოთა მმართველობას რიგასა და ლატვიაზე უკვე სრული კონტროლი ჰქონდა. დაიწყო შიშისა და ტერორის ეპოქა. რიგაში სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ე.წ. „კაგებეს“ შტაბ-ბინა გაიხსნა. დაიწყო მასიური გადასახლებები. ასობით ადამიანი იქნა დაპატიმრებული, მათ შორის ლატვიის ყოფილი მთავრობის წევრები. ყველაზე მეტად ცნობილი გადასახლებათა სერია, ე.წ. ივნისის გადასახლება 1941 წლის 13 და 14 ივნისს მოხდა, როცა 15 600 კაცი, ქალი და ბავშვი მოწყდა საკუთარ კერას. ასეთი გადასახლებები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგაც მეორდებოდა. ნაცისტების ოკუპაციის განმავლობაში, ებრაელთა თემი იძულებით რიგის გეტოსა და კაიზერვალდის საკონცენტრაციო ბანაკში იქნა გადაყვანილი, რომელიც რიგის გარეუბანში აშენდა. ლატვიაში მცხოვრებ ებრაელთა უმეტესობა, დაახლოებით 24 000 კაცი მოკლული იქნა 30 ნოემბრისა და 8 დეკემბრის ცნობილი ორდღიანი რუმბულას ხოცვა-ჟლეტის დროს.[3]

1944 წლის 13 ოქტომბერს, რიგაში ისევ საბჭოთა არმია შემოვიდა. მომდევნო წლებში მუშების, სამხედრო პირებისა და ადმინისტრატორების მასიური შემოსვლა დაიწყო რუსეთიდან და მთელი საბჭოთა კავშირიდან. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლებით სავსე მიკრორაიონები.

ომის დასრულებისას, მუდმივი დაბომბვების შედეგად რიგის ისტორიული ცენტრი მძიმედ იყო დაზიანებული. ომის შემდეგ დიდძალი ძალისხმევა ჩაიდო იმ ცნობილი შენობების აღსადგენად, რომლებიც ომამდე რიგის განუყრელ ატრიბუტებს წარმოადგენდნენ. ამის მაგალითია რიგის წმინდა პეტრეს ეკლესია, რომელმაც ხის კოშკი ვერმახტის მიერ გაჩენილი ცეცხლის შედეგად დაკარგა.

XXI საუკუნე რედაქტირება

2004 წელს, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების შემოსვლამ და იაფმა ფრენებმა ისეთ ქალაქებთან როგორებიცაა ლონდონი და ბერლინი, ტურისტთა რაოდენობა ქალაქში მნიშვნელოვნად გაზარდა.[4]

2013 წლის ნოემბერში, სუპერმარკეტის სახურავი ჩამოინგრა, რამაც 54 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინსმა შემთხვევას „უმწეო ხალხის ფართომასშტაბიანი მკვლელობა“ უწოდა.[5]

2014 წელს რიგა ევროპის კულტურული დედაქალაქი იყო.

ქალაქის ცენტრში, ბრივიბასის ქუჩაზე არსებული ყოფილი „კაგებეს“ შტაბ-ბინა, ცნობილი როგორც „კუთხის სახლი“ ახლა მუზეუმადაა ქცეული.

გეოგრაფია რედაქტირება

კლიმატი რედაქტირება

რიგაში კიოპენის კლასიფიკაციით ნოტიო კონტინენტური კლიმატია.[6] ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი, როცა საშუალო ტემპერატურა -5 °C-ს უდრის. თუმცა, ისეთი დაბალი ტემპერატურები როგორიცაა -20 °C და -25 °C განსაკუთრებით ცივ დღეებში თითქმის ყოველწლიურად გვხვდება. ზღვასთან სიახლოვე ხშირ შემოდგომის წვიმებსა და ნისლს განაპირობებს. მუდმივმა თოვლის საფარმა შესაძლოა 80 დღე გასტანოს. რიგაში მსუბუქი და წვიმიანი ზაფხული იცის, საშუალოდ 18 °C-ით, თუმცა ყველაზე ცხელ დღეებში ტემპერატურამ შესაძლოა 30 °C-საც გადააჭარბოს.

დემოგრაფია რედაქტირება

ლატვიის ცენტრალური სტატისტიკური ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელს ქალაქში 627 487 კაცი ცხოვრობს.[7] რიგა ყველაზე დიდი ქალაქია ბალტიისპირეთში, თუმცა მისი მოსახლეობის რაოდენობა კლებას განიცდის, 1991 წელს ქალაქში 900 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.[7] ცნობილ მიზეზებს ემიგრაცია და დაბალი შობადობის მაჩვენებლები მიეკუთვნება.

რიგის ეთნიკური შემადგენლობა რედაქტირება

ეთნიკური ჯგუფი 1989 2000 2011 2022
რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა % რაოდენობა %
ლატვიელები 331 934 36,46% 313 368 41,00% 305 117 46,33% 286 977 47,37%
რუსები 430 555 47,29% 335 431 43,89% 264 808 40,21% 216 303 35,71%
ბელარუსები 43 631 4,79% 35 791 4,68% 25 535 3,88% 21 778 3,59%
უკრაინელები 43 641 4,79% 31 899 4,17% 22 737 3,45% 21 120 3,49%
პოლონელები 16 653 1,83% 15 980 2,09% 12 208 1,85% 10 317 1,70%
ლიეტუველები 7 012 0,77% 6 530 0,85% 5 450 0,83% 4 760 0,79%
ებრაელები 18 812 2,07% 8 254 1,08% 4 810 0,73%
გერმანელები 1 054 0,11% 1 386 0,18%
სხვები 18 217 2,00% 17 076 2,23% 19 732 2,99% 44 547 7,35%
სულ 910 455 764 329 658 640 605 802
 

დამოუკიდებლობის მოპოვებისას 1991 წელს, საბჭოთა პერიოდის ემიგრანტებს ავტომატურად ქვეყნის მოქალაქეობა არ გადაეცათ, რადგან ისინი ლატვიის ტერიტორიაზე იმ პერიოდში შევიდნენ როცა ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. 2013 წლისთვის ლატვიაში 73,1% მოქალაქეა, 21,9% არა-მოქალაქე და 4,9% სხვა ქვეყნის მოქალაქე. არა-მოქალაქეები, ე.წ. „უცხოპლანეტელები“ ლატვიაში მცხოვრები ადამიანები არიან, რომელთაც საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა ჰქონდათ, საბჭოთა კავშირის დროს ლატვიაში დასახლდნენ და დღესდღეობით არც ლატვიის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა აღარ გააჩნიათ. მათი დაახლოებით ორი მესამედი ეთნიკური რუსები არიან. ეთნიკური ლატვიელების შეფარდება რიგაში 36,5%-დან 42,4%-მდე გაიზარდა 1989-დან 2010 წლამდე, იგივე პერიოდში კი რუსების პროცენტული მაჩვენებელი 47,3%-დან 40,7%-მდე დაეცა. ლატვიელებმა რუსებს 2006 წელს გადაასწრეს, როგორც ქალაქის ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფი.[8]

ეკონომიკა რედაქტირება

რიგა ბალტიისპირეთის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია. დაახლოებით ნახევარი მთელი ლატვიის სამუშაო ადგილებისა სწორედ რიგაში მდებარეობს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 50% რიგაზე მოდის, ისევე როგორც ექსპორტის დაახლოებით ნახევარი. ყველაზე დიდი საექსპორტო ინდუსტრიებია: ხის მასალა, საკვები და სასმელი პროდუქტები, მედიკამენტები, მეტალურგია და ა.შ. რიგის პორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია ბალტიისპირეთში. 2011 წელს აქ რეკორდული რაოდენობის 34 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა.[9] ტურიზმიც საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა და გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში დასუსტების შემდეგ, მარტო 2011 წელს 22%-ით გაიზარდა.[10]

კულტურა რედაქტირება

თეატრები რედაქტირება

• ლატვიის ეროვნული ოპერა 1918 წელს დაარსდა. თეატრის რეპერტუარი ძირითადად საოპერო შედევრებს მოიცავს. ის არა მარტო ოპერებით არამედ საბალეტო დადგმებითაცაა ცნობილი.

• ლატვიის ეროვნული თეატრი დაარსდა 1919 წელს. ის ერთ-ერთი უდიდესი თეატრია ქვეყანაში და ლატვიური დრამის ტრადიციებს ინახავს.

• მიხაილ ჩეხოვის რიგის რუსული თეატრი. ყველაზე ძველი პროფესიული დრამატურგიული თეატრია ლატვიაში, დაარსებული 1883 წელს. თეატრის რეპერტუარი მოიცავს, რუსი და სხვა უცხოელი დრამატურგების კლასიკურ პიესებსა და ექსპერიმენტულ შესრულებებს.

• ლატვიის ეროვნული თოჯინების თეატრი, დაარსებული 1944 წელს. ეს თეატრი წარადგენს შოუებს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.

სპორტი რედაქტირება

რიგას მდიდარი საკალათბურთო ისტორია აქვს. 1950-იან წლებში, საკალათბურთო გუნდი ასკ რიგასი საუკეთესო გუნდი გახდა არა მარტო საბჭოთა კავშირში არამედ ევროპაშიც. მათ მოიგეს ევროლიგის პირველი სამი სეზონი 1958-დან 1960 წლამდე.

1960 წელს რიგასი არ იყო ერთადერთი კლუბი რიგადან, რომელმაც ევროპული გვირგვინი მოირგო. „ტტტ რიგამ“ ქალთა ევროლიგა მოიგო და რიგა გახადა ევროპული კალათბურთის დედაქალაქი, ვინაიდან პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ევროპული კალათბურთის ისტორიაში, ერთი ქალაქის კლუბებს ჰქონდათ მოგებული როგორც კაცთა ისევე ქალთა ევროლოგები.

2015 წელს, რიგა ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი იყო.

ტრანსპორტი რედაქტირება

რიგა თავისი ცენტრალური გეოგრაფიული მდებარეობითა და კონცენტრირებული მოსახლეობით ყოველთვის იყო ლატვიის ინფრასტრუქტურული ცენტრი. რამდენიმე სახელმწიფო გზა სათავეს რიგაში იღებს. ევროპული ავტომაგისტრალი E22 ქალაქს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ კვეთს, E67 კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.

როგორც მდინარეზე გაშენებულ ქალაქს, მას რამდენიმე ხიდი აქვს. ყველაზე ძველი მათ შორის არის რკინიგზის ხიდი, რომელიც ასევე ერთადერთი ხიდია რომელზეც მატარებელი გადის. 2008 წელს, პირველი ეტაპი ახალი „სამხრეთის ხიდის“ მშენებლობისა მდინარე დაუგავაზე დასრულდა და მოძრაობისთვის გაიხსნა 17 ნოემბერს.

 

„სამხრეთის ხიდის“ მშენებლობა ბოლო 20 წლის ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტი იყო ბალტიისპირეთში და მისი მიზანი ქალაქის ცენტრში საცობების შექმნის შემცირება იყო.

რიგას აქვს ერთი აქტიური აეროპორტი რომელიც კომერციულ ავიაკომპანიებს ემსახურება. ეს არის რიგის საერთაშორისო აეროპორტი, აშენებული 1973 წელს. მისი აღდგენა და მოდერნიზაცია 2008 წელს დასრულდა, დაემთხვა რა ქალაქის 800 წლის იუბილეს. 2008 წლის ოქტომბერში საფრენი ზოლების გაფართოება დასრულდა და მას შემდეგ აეროპორტს შეუძლია მიიღოს ისეთი დიდი ზომის ავიახომალდები როგორებიცაა Airbus A340, Boeing 747, 757, 767 და 777. ყოველწლიურ მგზავრთა რაოდენობა 1993 წელს 310 000 იყო, 2014 წლისთვის კი 4.7 მილიონამდე გაიზარდა, რამაც რიგის საერთაშორისო აეროპორტი ბალტიისპირეთში ყველაზე დატვირთული გახადა.

რიგის ყოფილი საერთაშორისო სპილვეს აეროპორტი 5 კილომეტრითაა რიგის ცენტრიდან დაშორებული და ძირითადად პატარა საფრენი აპარატებისთვის, პილოტთა მოსამზადებლად და რეკრეაციული ავიაციისთვის გამოიყენება.

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

რიგას ჰყავს შემდეგი დამეგობრებული ქალაქები:[11]

  ოლბორგი, დანია[12]   ალმათი, ყაზახეთი   ამსტერდამი, ნიდერლანდები   ნურ-სულთანი, ყაზახეთი
  ბეიჯინი, ჩინეთი[13]   ბორდო, საფრანგეთი   ბრემენი, გერმანია   კერნზი, ავსტრალია
  კალე, საფრანგეთი   დალასი, აშშ   ფლორენცია, იტალია   კიევი, უკრაინა
  კობე, იაპონია[14]   მინსკი, ბელარუსი   მოსკოვი, რუსეთი   ნორჩეპინგი, შვედეთი
  პორი, ფინეთი   პროვიდენსი, აშშ   როსტოკი, გერმანია   სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი[15]
  სანტიაგო, ჩილე   სლაუ, ბრიტანეთი   სტოკჰოლმი, შვედეთი   სუჭოუ, ჩინეთი
  ტაიპეი, ტაივანი   ტალინი, ესტონეთი   ტაშკენტი, უზბეკეთი   ტარტუ, ესტონეთი
  თბილისი, საქართველო   ვილნიუსი, ლიეტუვა   ვარშავა, პოლონეთი[16]

გალერეა რედაქტირება

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

Grava, Sigurd. "The Urban Heritage of the Soviet Regime The Case of Riga, Latvia." Journal of the American Planning Association 59.1 (1993): 9-30.

Šolks, Guntis, Gita Dejus, and Krists Legzdiņš. "Transformation of Historic Industrial Areas in Riga." Book of Proceedings. (2012) ონლაინ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Г. Ф., В. Р—в, Л. В. Рига // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1899. — Т. XXVIа. — С. 680–683.
  2. Iedzīvotāju skaits pēc tautības reģionos, pilsētās, novados, pagastos, apkaimēs un blīvi apdzīvotās teritorijās gada sākumā (pēc administratīvi teritoriālās reformas 2021. gadā)Central Statistical Bureau of Latvia.
  3. Ezergailis, The Holocaust in Latvia, p. 348
  4. Charles, Jonathan (30 June 2005) "Latvia prepares for a tourist invasion BBC News. Retrieved 2 August 2007.
  5. https://www.bbc.com/news/av/world-europe-25069947/remaining-riga-mall-roof-caves-in BBC News.
  6. http://www.renewit-tool.eu/Content/File/1-Meteorological%20data.pdf დაარქივებული 2020-03-24 საიტზე Wayback Machine. from the original on 24 March 2020. Retrieved 24 March 2020.
  7. 7.0 7.1 http://data.csb.gov.lv/pxweb/lv/iedz/iedz__iedzskaits__ikgad/ISG020.px/?rxid=5fc39940-d36b-4c77-b501-eca71fc108d2 დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine. Centrālā statistikas pārvalde. Retrieved 29 May 2020.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 2020-08-15.
  9. http://www.baltic-course.com/eng/good_for_business/?doc=51449
  10. https://nra.lv/izklaide/turisms/67049-turistu-skaits-latvija-pern-pieaudzis-par-21-riga-par-22.htm
  11. Twin cities of Riga. Riga City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 27 July 2009.
  12. Aalborg Kommune – Venskabsbyer. Web.archive.org (14 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 26 July 2009.
  13. Sister Cities. Beijing Municipal Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 23 June 2009.
  14. Sister City, Friendly City, Friendship & Cooperation City Japanese. © 2007–2009 City of Kobe. ციტირების თარიღი: 14 July 2009.
  15. Saint Petersburg in figures – International and Interregional Ties. Saint Petersburg City Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 27 July 2009.
  16. (პოლონური) Miasta partnerskie Warszawy. um.warszawa.pl. Biuro Promocji Miasta (4 May 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 29 August 2008.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რიგა&oldid=4552164“-დან