რეჰანი (ლათ. Ocimum) — ბუჩქბალახოვანი ან ბუჩქოვან მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. ველურად იზრდება სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში. ზომიერი ჰავის პირობებში ზოგი სახეობა ერთწლოვანია.[1] ცნობილია 160-ზე მეტი სახეობა, რითაც ქმნის ტუჩოსანთა უდიდეს ოჯახს, საიდანაც რეჰანის მკვიდრი სახეობაა დაახლოებით 65, ხოლო დანარჩენები განიხილება როგორც სინონიმები.[2] რეჰანის დარგვის საუკეთესო ვადაა აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე.

რეჰანი

ბოსტნის რეჰანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  რეჰანი
ლათინური სახელი
Ocimum

საქართველოში ძირითადად მოჰყავთ სამი სახეობა: ბოსტნის რეჰანი (ლათ. Ocimum basilicum), ევგენოლის რეჰანი (ლათ. Ocimum gratissimum) და ქაფურის რეჰანი (ლათ. Ocimum canum).[3] საქართველოში რეჰანი ერთწლოვანი კულტურაა.

მრავლდება თესლით. იყენებენ პარფიუმერიასა და კვების მრეწველობაში, მედიცინაში — სამკურნალო საშუალებად. მისგან იღებენ ვანილს. მორფოლოგიური ნიშნებით, ფოთლებისა და ღეროების ფერით, არომატითა და გემური თვისებებით რეჰანის სახეობები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. მცენარის მიწისზედა ნაწილები დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, ვიტამინებს: А, С, В2, РР, შაქარს, კაროტინს, რუტინს, ფიტონციდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. რეჰანის არაერთი სახეობა, მისი თვისებების გამო, კულტივირებულია როგორც სანელებელი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. ასევე იყენებენ როგორც ბურნუთს. სანელებლად ყველაზე ფართოდ გამოიყენება ბოსტნის რეჰანი.[4]

სქოლიო რედაქტირება