ჟუანა პორტუგალიელი

ჟუანა პორტუგალიელი (პორტ. Joana de Portugal, ესპ. Juana de Portugal; დ. 31 მარტი, 1439, ალმადა, პორტუგალია — გ. 13 ივნისი, 1475, მადრიდი, კასტილია) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელეანორ არაგონელის ნაბოლარა ქალიშვილი. კასტილიისა და ლეონის დედოფალი 1455-1474 წლებში როგორც ენრიკე IV-ის მეუღლე. პორტუგალიის დედოფალ ხუანა დე ბელტრანეხას დედა.

ჟუანა პორტუგალიელი
კასტილიისა და ლეონის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 21 მაისი, 1455
მმართ. დასასრული: 11 დეკემბერი, 1474
წინამორბედი: ისაბელ პორტუგალიელი
მემკვიდრე: ისაბელ პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მარტი, 1439
დაბ. ადგილი: ალმადა, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 13 ივნისი, 1475, (36 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, კასტილია
მეუღლე: ენრიკე IV, კასტილიის მეფე
შვილები: 1. ხუანა, პორტუგალიის დედოფალი
2. პედრო
3. ადრესი
დინასტია: ავისები
მამა: დუარტე I, პორტუგალიის მეფე
დედა: ელეანორ არაგონელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ჟუანა დაიბადა 1439 წლის 31 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში. იგი იყო პორტუგალიის განსვენებული მეფე დუარტე I-ისა და მისი ცოლის, დედა-დედოფალ ელეანორა არაგონელის ქალიშვილი. მამამისი მის დაბადებამდე ექვსი თვით ადრე დაიღუპა და შესაბამისად იგი მათი ნაბოლარა შვილი იყო. ტახტზე ამ დროს მისი უფროსი, მცირეწლოვანი ძმა აფონსუ V იჯდა, რეგენტი კი მათი დედა იყო, თუმცა მისი გაჩენიდან მალევე დედამისს რეგენტობა ჩამოერთვა და ეს წოდება ბიძამისს, კოიმბრას ჰერცოგს გადაეცა. ამის შემდეგ ელეანორი კასტილიაში წავიდა ქალიშვილ ჟუანასთან ერთად, სადაც იგი 1445 წელს გარდაიცვალა. კასტილიაში ცხოვრებისას იგი თანდათან უახლოვდებოდა პორტუგალიის მეფე ენრიკე IV-ს.

კასტილიის დედოფალი რედაქტირება

1455 წლის 21 მაისს, ქალაქ კორდობაში ჟუანა და ენრიკე დაქორწინდნენ. იგი მისი მეორე ცოლი იყო, რადგან მანამდე ენრიკეს ცოლად მისი ბიძაშვილი ბლანკა ნავარელი ჰყავდა, რომელიც ცამეტწლიანი ქორწინების შემდეგ გარდაიცვალა. ამბობდნენ, რომ მათი ქორწინება არასდროს ყოფილა ნამდვილი, რადგანაც სავარაუდოდ მეფე ამ დროს უკვე იმპოტენტი იყო. ამასთან ჟუანა და ენრიკე პირველი თაობის ბიძაშვილები იყვნენ, როგორც ფერდინანდ I არაგონელისა და ელეანორ ალბუკერკეს შვილიშვილები. დაქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, 1462 წელს ჟუანამ ქალიშვილი გააჩინა, სახელად ხუანა, რომელსაც ესპანელებმა მეტსახელად ბელტრანეხა შეარქვეს, რადგან მის მამად არა მეფე ენრიკე, არამედ ბელტრანეხას ჰერცოგი მოიაზრებოდა, რომელიც დედოფლის საყვარელი იყო.

ჭორების გასაქარწყლებლად ენრიკემ პატარა ხუანა სასწრაფოდ მოაშორა სამეფო კარს და კოკას ციხესიმაგრეში გაამწესა სასულიერო პირების ზედამხედველობის ქვეშ. მალევე დედოფალმა ჟუანამ კვლავ გაიჩინა საყვარლები, რომლებთანაც მას ორი ვაჟი შეეძინა. მოგვიანებით, მეფე ენრიკემ განაცხადა, რომ მათი ქორწინება არასდროს ყოფილა კონსოლირებული, რის გამოც 1468 წელს გასცილდა ჟუანას, თუმცა დედოფლის წოდება დაუტოვა.

1474 წელს ენრიკეს გარდაცვალების შემდეგ კასტილიის ტახტზე მისი ნახევარ-და, ფერდინანდ II არაგონელის მეუღლე, ისაბელ I კასტილიელი ავიდა, თუმცა მალევე ჟუანამ და მისმა ქალიშვილმა ხუანამ ტახტზე განაცხადეს პრეტენზია, როგორც ენრიკეს მემკვიდრეებმა, რის გამოც დაიწყო ომი კასტილიის მემკვიდრეობისთვის (1475-1479), რომელშიც ჟუანა და ხუანა დამარცხდნენ. თავად ჟუანა ამ მარცხს ვერ მოესწრო, რადგანაც იგი 1475 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში.

ჰერალდიკა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Charles Cawley, Medieval Lands, Portugal
  • James Fitzmaurice-Kelly, Chapters on Spanish Literature (A. Constable and Company, ltd., 1908), 74.
  • Stephens, Henry Morse (1903). The Story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 17 September 2018.
  • de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza [Genealogical History of the Royal House of Portugal] (in Portuguese). 2. Lisboa Occidental. p. 497.