ჟან I უშიში (ფრანგ. Jean I sans Peur, გერმ. Johann I zonder Vrees; დ. 28 მაისი, 1371, დიჟონი, ბურგუნდია — გ. 10 სექტემბერი, 1419, მონტერო, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III-ის ვაჟი. ვინაიდან იგი საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილი და შეშლილი მეფე შარლ VI-ის ბიძა იყო, მას დიდი გავლენა ჰქონდა ფრანგულ პოლიტიკაზე. იგი ასევე აქტიურად ერეოდა ასწლიან ომში, თუმცა ინგლისელთა მხარეს. საფრანგეთში მისი მმართველობა ცნობილია არაკეთილსინდისიერი და ძალადობრივი მოქმედებებით, რასაც იგი ახორციელებდა თანამემამულეებზე. ისედაც ასწლიან ომში გატეხილ საფრანგეთში ატეხა არმანიაკ-ბურგუნდიელთა სამოქალაქო ომი, რაც საბოლოოდ 1419 წელს მისი მკვლელობით დაგვირგვინდა.

ჟან I უშიში
ბურგუნდიის ჰერცოგი, შაროლუას, ფლანდრიის, ნევერისა და არტუას გრაფი
მმართ. დასაწყისი: 27 აპრილი, 1404
მმართ. დასასრული: 10 სექტემბერი, 1419
წინამორბედი: ფილიპ II მამაცი
მემკვიდრე: ფილიპ III კეთილი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მაისი, 1371
დაბ. ადგილი: დიჟონი, ბურგუნდია
გარდ. თარიღი: 10 სექტემბერი, 1419, (48 წლის)
გარდ. ადგილი: მონტერო, საფრანგეთი
მეუღლე: მარგარეტ ბავარიელი
(ქ. 1385)
შვილები: მარგარიტა, საფრანგეთის დოფინი
მარი, კლევის ჰერცოგინია
ფილიპ III, ბურგუნდიის ჰერცოგი
ანა, ბედფორდის ჰერცოგინია
აგნესი, ბურბონის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუები
მამა: ფილიპ II, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა III, ფლანდრიის გრაფინია
რელიგია: კათოლიციზმი

მოგვიანებით მისმა ვაჟმა ფილიპმა, მეფე შარლს მამის მკვლელობაში დასდო ბრალი და ინგლისელთა ძლიერი მოკავშირე გახდა, რაც ისევ საფრანგეთს შემოუტრიალდა ცუდად.

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჟანი დაიბადა 1371 წლის 28 მაისს დიჟონში, ბურგუნდიაში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფლანდრიის გრაფინია მარგარიტა III-ის ვაჟი. მას შემდეგ, რაც ბაბუამისი, ფლანდრიის გრაფი ლუი II გარდაიცვალა, დედამისმა ფლანდრიის გრაფინიობა მიიღო, ჟანს კი მშობლებმა მამის გარდაცვალებამდე ნევერის ჰერცოგის წოდება უბოძეს.

1385 წელს კამბრის სასახლეში, ბურგუნდიულ და ბავარიულ სამეფო ოჯახებს შორის შედგა ორმაგი დინასტიური ქორწინება. ჟანმა ცოლად შეირთო ბავარიის, ჰოლანდიისა და ენოს გრაფ ალბერტ ვიტელსბახის ასული მარგარეტ ბავარიელი, ხოლო ჟანის და, მარგარიტა ბურგუნდიელი ცოლად გაჰყვა ალბერტის ვაჟს, ჰერცოგ ვილჰელმ ბავარიელს. ეს ქორწინება შედგა, რათა ბავარიასა და ბურგუნდიას შორის ურყევი ალიანსი შექმნილიყო. მარგარეტამდე ჟანი დანიშნული იყო თავის ბიძაშვილ კატრინ დე ვალუაზე, მეფე შარლ V-ის ასულზე, თუმცა ქორწინება ჩაიშალა რადგან კატრინი ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო.

სანამ ჟანი ბურგუნდიის ტახტზე ავიდოდა, იგი "წმინდა ქრისტიანულ მისიას" ასრულებდა და საღვთო რომის იმპერატორ სიგიზმუნდ I-ს ეხმარებოდა უნგრეთის ტახტისთვის ბრძოლაში, ოსმალთა სულთან ბაიაზიდ I-ის წინააღმდეგ. 1396 წლის 25 სექტემბერს ნიკოპოლის ბრძოლაში გამოჩენილი საოცარი შეუპოვრობისა და სიმამაცის გამო შეარქვეს მას "უშიში". მიუხედავად მისი პირადი სიმამაცისა, ევროპელთა გაერთიანებული არმია ოსმალებმა მაინც დაამარცხეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიკოპოლის ბრძოლის დროს ოსმალებმა ჟანი ტყვედ ჩაიგდეს და მანამდე არ გაანთავისუფლეს, სანამ ბურგუნდიელებმა დიდი გამოსასყიდი არ გადაიხადეს.

კონფლიქტი ლუი ორლეანელთან და არმანიაკებთან რედაქტირება

 
ჟან I ბურგუნდიელი

1404 წელს მამის, ფილიპ II-ის გარდაცვალების შემდეგ ჟან I ბურგუნდიის ტახტზე ავიდა. გამეფებიდან მალევე ჟანსა და მის ბიძაშვილს, საფრანგეთის მეფე შარლ VI შლეგის უმცროს ძმას, ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ს შორის დიდი კონფლიქტი წარმოიშვა. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ორივე მამაკაცი ცდილობდა შეშლილი მეფით ესარგებლა და ძალაუფლება აეღო ხელში.

ჟანმა საფრანგეთის სამეფო კარზე თავისი გავლენების გასაზრდელად თავისი ერთადერთი ვაჟი, პრინცი ფილიპი დააქორწინა მეფე შარლ VI-ის ასულ მიშელ დე ვალუაზე. ამას მოჰყვა მისი უფროსი ასულის, მარგარიტა ბურგუნდიელის მითხოვება შარლ VI-ის ტახტის მემკვიდრეზე, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ვალუაზე. ჟანის, როგორც მომავალი დედოფლის მამის გავლენები ამით უფრო გაიზარდა. გარდა არისტოკრატიულ-დინასტიური კავშირებისა, ჟანი ცდილობდა ახლო და მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინა ვაჭრებთანაც, რომლებზეც იდგა მაშინდელი ეკონომიკა და ვინც იყვნენ უცხო ქვეყნებში მიმდინარე ამბების ძირითადი წყაროები.

თავად ლუი ორლეანელმა უფრო ეშმაკურ გზას მიმართა და თავის რძალს, საფრანგეთის დედოფალ იზაბელა ბავარიელს დაუახლოვდა, რომლის ხელშიც იყო მთელი საფრანგეთი. იზაბელა ძლიერი ქალი იყო და ქვეყანას ქმრის მაგივრად მართავდა, რის გამოც, ვისაც სურდა პოლიტიკაზე რაიმე გავლენა ჰქონოდა, სწორედ მას უნდა დაახლოვებოდა. ლუიმ ეს შესძლო და მალე იგი დედოფლის უახლოესი კაცი გახდა. მას შემდეგ, რაც მეფის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყნის შარლის მიერ მართვა შეუძლებელი გახდა, ჟანმა სამეფო კარზე მთლიანი ძალაუფლება დაკარგა, ვინაიდან სამეფო ბავშვებისა და მათ შორის დოფინის მეურვე დედოფალი გახდა, რომელიც ლუის მხარეს იჭერდა. იზაბელას დიდი გავლენა ჰქონდა თავის შვილებზე. მან დოფინი დაარწმუნა და ჟანს განუყენა. ამის შემდეგ ფარული შუღლი ორლეანელსა და ბურგუნდიელს შორის უკვე ღია მუქარასა და რეალურ კონფლიქტში გადაიზარდა. 1407 წლის 20 ნოემბერ მათმა ბიძამ, ბერის ჰერცოგმა ჟან დე ვალუამ მოახერხა მათი საზეიმო შერიგება, თუმცა აქედან სულ სამ დღეში, 1407 წლის 23 ნოემბერს ლუი ორლეანელი სასტიკად მოკლეს პარიზის ქუჩაში. ცხადია, მაშინათვე ყველამ ეჭვი ბურგუნდიის ჰერცოგზე მიიტანა, თუმცა მან თავი დაიძვრინა და განაცხადა, რომ მისი "საყვარელი ბიძაშვილი" პარიზელმა ბოროტმოქმედებმა მოკლეს, რომელთა დასჯაზეც თავად იზრუნებდა. ჟანმა მეფის ნდობა მალევე მოიპოვა, როდესაც იგი შურისმაძიებელი ორლეანელებისგან დაიცვა. მალევე ჟანმა დედოფალ იზაბელას ნდობაც მოიპოვა და 1409 წლის 9 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, სწორედ ჟანი გახდა დოფინის მეურვე.

მიუხედავად თავის გამართლებისა, მაინც ყველამ იცოდა, რომ ლუი ორლეანელის მკვლელობა ბურგუნდიელის დაკვეთილი იყო, თუმცა ორლეანის ახალმა ჰერცოგმა შარლმა, რომელიც მხოლოდ 14 წლის იყო, ვერ შესძლო მასზე შურისძიება, რადგან მას ძლიერი მოკავშირეები არ ჰყავდა, ამის გარეშე კი ჟანის დამარცხება შეუძლებელი იყო. მალევე დიდი გავლენის მქონე ჟანმა მოითხოვა შარლ ორლეანელისათვის მთელი ქონების ჩამორთმევა, რაზეც განსაკუთრებით არმანიაკის ჰერცოგი განრისხდა, რომელიც ლუი ორლეანელის ახლო მეგობარი იყო. სწორედ 1409 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი არმანიაკებსა და ბურგუნდიელებს შორის. 1410 წელს ომი სამშვიდობო ზავით დასრულდა, რის შემდეგაც ჟანი ბურგუნდიაში დაბრუნდა, არმანიაკი კი პარიზში დარჩა, რის შემდეგაც დადიოდა ჭორები, რომ იგი დედოფალ იზაბელას საყვარელი გახდა. ამან ცხადია ბურგუნდიელთა განრისხება გამოიწვია, რომლებიც პარიზში ჩავიდნენ და სიტუაციის მოგვარების შემდეგ, 1413 წელს უკან დაბრუნდნენ. მალევე ინგლისი მეფე ჰენრი V-მ ასწლიანი ომი განაახლა და პარიზს დაემუქრა. არმანიაკის ჰერცოგმა ჰენრისთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა ამაოდ. ჰენრის საფრანგეთის ტახტზე ასვლა სურდა და მეფე შარლისგან ტახტის დათმობას ითხოვდა. ცხადია შარლისთვის, რომელსაც თავი მინისგან დამზადებული ეგონა და იმის შიშით, რომ არ გამტყდარიყო არავის ეკარებოდა, აზრი არ უკითხავთ და ვალუებმა ტახტისთვის ბრძოლა დაიწყეს, თუმცა ჟანი ინგლისელებს უჭერდა მხარს. 1415 წელს დიდი ბრძოლა გაიმართა, რომელშიც არმანიაკი და მისი ძმები, ბრაბანტისა და ნევერის ჰერცოგები დაიხოცნენ, ჰენრიმ პარიზი აიღო და სამეფო ოჯახიც გაიქცა.

კონფლიქტი დოფინთან რედაქტირება

 
ჟანის გერბი

პარიზის აღებიდან ორი წლის შემდეგ, ბურგუნდიელები და არმანიაკები საბოლოოდ შერიგდნენ. 1418 წელს ჟანმა დროებით დაიბრუნა პარიზი, თუმცა ამ დროს მისი სიძე, დოფინი ლუი უკვე გარდაცვლილი იყო და ისეთი გავლენები აღარ ჰქონდა. დოფინი ახლა მისი უმცროსი ძმა შარლ დე ვალუა იყო, რომელსაც დედის ჩაგონებების წყალობით სძულდა ჟანი და მას პოლიტიკას ახლოსაც არ აკარებდა. სწორედ ამიტომ, მართალია ჟანი ინგლისელთა ღია მოკავშირე არ იყო, მაგრამ მათ ხელი არ შეუშალა რუანის აღებაში, როდესაც შეეძლო ამის გაკეთება. ამის შემდეგ 1419 წელს ინგლისელებმა პარიზი უკვე მარტივად აიღეს. პარიზის დასაბრუნებლად და ინგლისელებთან მშვიდობის დასამყარებლად, დოფინმა, რომელიც ქვეყანას მამის ნაცვლად მართავდა, ჟან ბურგუნდიელი გაუშვა. დიპლომატიურ მისიაზე მიმავალი ჟანი დოფინის დავალებით მოკლეს. იგი დაკრძალეს დიჟონში, ტახტზე კი მისი ვაჟი ფილიპ III ავიდა, რომელმაც შურის საძიებლად ინგლისელებთან ალიანსი შეკრა.

შვილები რედაქტირება

ჟანს, თავის ცოლ მარგარეტ ბავარიელთან, რომელიც 1385 წელს შეირთო, ჰყავდა მხოლოდ ერთი ვაჟი და შვიდი ქალიშვილი:

  1. კატრინი (1391—1414), 1410 წელს დანიშნეს მის ბიძაშვილ ლუი II ანჟუელზე, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა და კატრინიც მალევე დაიღუპა;
  2. მარი (1393—1463), ცოლად გაჰყვა კლევისა და მარკის ჰერცოგ ადოლფ I-ს და შეეძინა რვა შვილი;
  3. მარგარიტა (1393—1442), პირველად ცოლად გაჰყვა საფრანგეთის დოფინ ლუი დე ვალუას, მეფე შარლ VI-ის ძეს, თუმცა მისი ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ იგი მეორედ დაქორწინდა ბრეტანის ჰერცოგ არტურ რიჩმონტზე;
  4. ფილიპ III (1396—1467), ბურგუნდიის ჰერცოგი, პირველად ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ის ასული მიშელ დე ვალუა, მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ბონა არტუელზე, ხოლო მეორე დაქვრივების შემდეგ კი დაქორწინდა პორტუგალიის მეფე ჟუან I-ის ქალიშვილ ისაბელ პორტუგალიელზე, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, თუმცა საყვარლებისგან ასევე ჰყავდა შვიდი შვილი;
  5. იზაბელი (?—1412), 1406 წელს ცოლად გაჰყვა პენტიევრისა და პერიგროდის გრაფ ოლივერ დე შატილონ-ბლუას;
  6. ჟანა (1399), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  7. ანა (1404—1432), ცოლად გაჰყვა ბედფორდის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერს, ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის ვაჟს;
  8. აგნესი (1407—1476), ცოლად გაჰყვა ბურბონის ჰერცოგ შარლ I დე ბურბონს, საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის შთამომავალს;

ჟანს ასევე ჰყავდა საყვარელი, აგნესა კროის სახით, რომელთანაც ჰყავდა ერთი ვაჟი:

  1. ჟანი (1404—1479), კამბრის ეპისკოპოსი;

ჟანს თავის კიდევ ერთ საყვარელთან, მარგარიტა დე ბროსელთან ჰყავდა სამი შვილი:

  1. გაი (?—1436), კრაიბრეკის ლორდი, ცოლად შეირთო ბავარიის ჰერცოგ ალბერტ I-ის უკანონო ქალიშვილი იოჰანა ბავარიელი, დაიღუპა კალეს ალყის დროს;
  2. ანტუანი;
  3. ფილიპოტე, ჟონსის ქალბატონი, ცოლად გაჰყვა ბერზე-ლა შატელის ბარონ ანტუან დე როშებარონს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Kasten, Brigitte (2008). Herrscher- und Fürstentestamente im westeuropäischen Mittelalter. Böhlau Verlag Köln Weimar. p. 478.
  • Kerrebrouck, Patrick van (1990). Nouvelle histoire généalogique de l'auguste maison de France Les Valois. 3. Villeneuve-d'Arcy. p. 517.
  • Library of Congress staff (16 December 2014) [2011]. "Library of Congress Name Authority File: Anne, of Burgundy, Duchess of Bedford, 1404?-1432".
  • Sommé, Monique (1998). Isabelle de Portugal, duchesse de Bourgogne une femme au pouvoir au XVe siècle. Presses universitaires du Septentrion. p. 69.
  • Smith, Robert Douglas & DeVries, K. (2005). The Artillery of the Dukes of Burgundy, 1363–1477. Armour and Weapons. Woodbridge: Boydell Press. ISBN 978-1-84383-162-4.
  • Vaughan, Richard (2005). John the Fearless. The Dukes of Burgundy. 2 (reprinted new ed.). Boydell Press. ISBN 978-0-85115-916-4.