ჟანა I ნავარელი (ბასკ. Joana I.a Nafarroakoa, ფრანგ. Jeanne I de Navarre; დ. 14 იანვარი, 1273, შამპანი, საფრანგეთი — გ. 2 აპრილი, 1305, შატო დე ვენსენი, საფრანგეთი) — ბლუას დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის მეფე ანრი I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ბლანშ არტუელის ქალიშვილი. ნავარის დედოფალი და შამპანის გრაფინია 1274-1305 წლებში. აგრეთვე იყო საფრანგეთის დედოფალი 1285-1305 წლებში, როგორც ფილიპ IV-ის მეუღლე. საფრანგეთისა და ნავარის სამი მეფის, ლუი X-ის, ფილიპ V-ისა და შარლ IV-ის, აგრეთვე ინგლისის დედოფალ იზაბელა ფრანგის დედა.

ჟანა I ნავარელი
ნავარის დედოფალი და შამპანის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 22 ივლისი, 1274
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1305
წინამორბედი: ანრი I
მემკვიდრე: ლუი I
საფრანგეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 5 ოქტომბერი, 1285
მმართ. დასასრული: 2 აპრილი, 1305
წინამორბედი: მარია ბრაბანტელი
მემკვიდრე: მარგარიტა ბურგუნდიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 იანვარი, 1273
დაბ. ადგილი: შამპანი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 2 აპრილი, 1305, (32 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე ვენსენი, საფრანგეთი
მეუღლე: ფილიპ IV, საფრანგეთის მეფე
შვილები: ლუი X, საფრანგეთის მეფე
ფილიპ V, საფრანგეთის მეფე
შარლ IV, საფრაგნეთის მეფე
იზაბელა, ინგლისის დედოფალი
მამა: ანრი I, ნავარის მეფე
დედა: ბლანშ არტუელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

ჟანა დაიბადა 1273 წლის 14 იანვარს შამპანში. იგი იყო ბლუას დინასტიის წარმომადგენელი, ნავარის მეფე და შამპანის გრაფ ანრი I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ბლანშ არტუელის ერთადერთი შვილი. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც, ჯერ კიდევ ჩვილი ჟანა, ნავარის დედოფალი და შამპანის გრაფინია გახდა. დედამისი, დედა-დედოფალი ბლანშ არტუელი მისი მეურვე და რეგენტი გახდა. უამრავი უცხოელი მონარქი ცდილობდა ნავარის დედოფლის მცირეწლოვანებით ესარგებლათ და მისი ტახტი ჩაეგდოთ ხელში, რის გამოც ბლანშ არტუელი იძულებული გახდა შვილთან ერთად საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის მფარველობაში შესულიყო.1274 წლიდან მოყოლებული ბლანში და ჟანა საფრანგეთის სამეფო კარზე ცხოვრობდნენ, 1275 წელს კი ჟანა და ნიშნეს მეფე ფილიპის უფროს ვაჟ ფილიპზე. ამის შემდეგ ჟანა და ფილიპე ერთად იზრდებოდნენ და ცხადია მისი მმართველობა ნავარაში გაცილებით უსაფრთხო გახდა. რეალურად ჟანა ნავარაში მთელი ბავშვობის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩასულა.

საფრანგეთის დედოფალი რედაქტირება

11 წლის ასაკში, დედოფალი ჟანა და საფრანგეთის პრინცი ფილიპი 1284 წლის 16 აგვისტოს დაქორწინდნენ. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1285 წლის 5 ოქტომბერს კი გარდაიცვალა მეფე ფილიპ III, ტახტზე ჟანას ქმარი ფილიპ IV ავიდა, რითაც ჟანა საფრანგეთის დედოფალიც გახდა. მათ ქორწინებაში შვიდი შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ სამი ვაჟი და ერთი გოგონა გადარჩა ცოცხალი. მისი სამივე ვაჟი მოგვიანებით საფრანგეთისა და ნავარის მეფე გახდა, ხოლო მისი ქალიშვილი ინგლისის დედოფალი იყო.

დედოფალი ჟანა არ იყო აღწერილი, როგორც მსუქანი და მოუქნელი, როგორც სხვა დედოფლები, იგი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა, რაშიც მისი ქალიშვილი ძალიან ჰგავდა. რაც შეეხება მის ხასიათს, ის გაბედული, კრეატიული და ძალიან გონიერი ქალი იყო.

ჟანა, როგორც საფრანგეთის დედოფალი ძალიან წარმატებული იყო. იგი კარგი გუნებისა და გარეგნობის ქალი იყო, რომელმაც საფრანგეთის ტახტს არაერთი მემკვიდრე აჩუქა, გარდა ამისა იყო ძალიან კეთილი და საოცარი ურთიერთობა ჰქონდა მეფესთან, ზემოთ ხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე იგი ხალხს ძალიან უყვარდა. ვინაიდან წყვილი ღრმა ბავშვობიდანვე ერთად იზრდებოდა, ისინი ერთმანეთთად ძალიან ახლოს იყვნენ, ფილიპს უყვარდა ის და პატივს სცემდა მას. მათი ასეთი დიდი ემოციური დამოკიდებულებისდა მიუხედავად, არცერთი მათგანი არასდროს არ სწვევია ნავარას. 1294 წელს ნავარის რეგენტად ფილიპმა და ჟანამ თავიანთი უფროსი ვაჟი, პრინცი ლუი დანიშნეს, რასაც მან კარგად გაართვა თავი. თავად ჟანას საერთოდ არ ჰქონდა გავლენა საფრანგეთის პოლიტიკაზე, იგი მხოლოდ მაშინ ერთვებოდა საქმეში, როცა საქმე ნავარაზე, ან შამპანზე მიდგებოდა.

1305 წელს დედოფალმა ჟანამ პარიზში დააარსა ნავარის სახელობის ძალიან ცნობილი კოლეჯი.

ნავარის დედოფალი და შამპანის გრაფინია რედაქტირება

მართალია ჟანა ნავარის დედოფალი და ასევე შამპანისა და ბრიეს გრაფინია გარდაცვალებამდე იყო, თუმცაღა მას შემდეგ, რაც იგი 1284 წელს ფილიპზე დაქორწინდა, შესაძლოა ითქვას, რომ შამპანი და ბრიე მთლიანად მამამთილს, ფილიპ III-ს გადასცა, როგორც მზითვი.

როგორც არაერთხელ ავღნიშნეთ, დედოფალი ჟანა არც ერთხელ არ ყოფილა ნავარაში, რის გამოც ნავარის სამეფოს თავიდან გარკვეული პერიოდი დედამისი მართავდა, შემდეგ კი მისი ქმრისა და მამამთილის მიერ დანიშნული ასევე ფრანგი გუბერნატორები. თავად ნავარელებს, დიდად არ მოსწონდათ ის ამბავი, რომ საკუთარ სამშობლოში მათ ფრანგები მართავდნენ. ნაცვლად იმისა, რომ ჟანას ნავარელთა მხარი დაეჭირა და თავად დაეწყო ქვეყნის მართვა, იგი ფრანგების მხარეს იყო. ის თამამად აცხადებდა, რომ ფრანგი იყო და უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ნავარის ტახტსაც დასთმობდა, თუ ამით საფრანგეთისას შეინარჩუნებდა. იგი შორიდან ადევნებდა თვალ-ყურს ნავარაში მიმდინარე მოვლენებს და მხოლოდ ერთხელ ჩაება მის მართვაში, როცა მისი გამოსახულებიანი ნავარული მონეტები მოჭრეს. იგი არასდროს მიახლოვებია ნავარის სამეფოს უფრო ახლოს, ვიდრე 1300 წელს, როდესაც ქმართან ერთად კარკასონში ჩავიდა.

ჟანა გაცილებით უფრო აქტიური იყო, როგორც შამპანის მმართველი. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ შამპანი ფრანგული რეგიონი იყო, გაცილებით უფრო მდიდარი იყო და აგრეთვე სტრატეგიული თვალსაზრისითაც უფრო მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა. ფილიპე IV-მ ცოლს თავად მიანდო ამ რეგიონის მართვა და არც იქ ხშირ ვიზიტებზე ეუბნებოდა უარს. 1297 წელს ჟანამ შამპანში დიდი ჯარები შეკრიბა და მეზობელ ბარის დამოუკიდებელ საჰერცოგოს ომი გამოუცხადა. მართალია შამპანელებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ბარი მაინც ვერ დაიპყრეს. ეს იყო პირველი და უკანასკნელი მომენტი, როდესაც მან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო მართვის საკითხებში.

დედოფალი ჟანა 1305 წლის 2 აპრილს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა მშობიარობისას, თუმცა მან მკვდარი ბავშვი დაბადა.

შვილები რედაქტირება

  1. მარგარიტა (დ. 1288 — გ. 1294), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ლუი X (დ. ოქტომბერი, 1289 — გ. 5 ივნისი, 1316), საფრანგეთისა და ნავარის მეფე, იქორწინა ორჯერ, პირველად მარგარიტა ბურგუნდიელზე, თუმცა მას რამდენიმე წელიწადში გასცილდა და ცოლად კლიმენცია უნგრელი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ნავარის დედოფალი ჟანა II და საფრანგეთის მეფე ჟან I (ხუთი დღის გარდაიცვალა);
  3. ბლანში (დ. 1290 — გ. 1294), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფილიპ V (დ. 1292/3 — გ. 3 იანვარი, 1322), საფრანგეთისა და ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ბურგუნდიის გრაფინია იოანა II ბურგუნდიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი ქალიშვილი: 1. იოანა III, ბურგუნდიის გრაფინია; 2. მარგარიტა I, ბურგუნდიის გრაფინია; 3. იზაბელა, ვიანის დოფინი და 4. ბლანში, მონაზონი;
  5. შარლ IV (დ. 18/19 ივნისი, 1294 — გ. 1 თებერვალი, 1328), საფრანგეთისა და ნავარის მეფე, იქორწინა სამჯერ: პირველად ბლანკა ბურგუნდიელზე, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ცოლად შეირთო მარია ლუქსემბურგელი, რომელიც ორ წელიწადში დაიღუპა, ამიტომაც მესამედ იქორწინა ჟანა დ’ევრეზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია, რის გამოც საფრანგეთის ტახტზე მისი გარე ბიძაშვილი ფილიპ VI ვალუა, ხოლო ნავარის ტახტზე მისი ძმის შვილი ჟანა II ავიდა;
  6. იზაბელა (დ. 1295 — გ. 22 აგვისტო, 1358), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ედუარდ II-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი: 1. ინგლისის მეფე ედუარდ III, 2. კორნუოლის ჰერცოგი ჯონი, 3. გელდერსის გრაფინია ელეონორი და 4. შოტლანიის დედოფალი ჯოანა;
  7. რობერი (დ. 1297 — გ. ივლისი, 1308), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512. Palgrave Macmillan.
  • An annotated index of medieval women. Markus Wiener Publishers. 1992. ISBN 9780910129275. Retrieved 2010-03-25.