პოლარული ღორიხვა

ფრინველი ღორიხვასებრთა ოჯახისა

პოლარული ღორიხვა[1][2] (ლათ. Gavia immer) — ფრინველი ღორიხვასებრთა ოჯახისა.

პოლარული ღორიხვა

შეფერილობა გამრავლების პერიოდში
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gavia immer (Brünnich, 1764)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697842
გავრცელება

  გამრავლების რაიონები
  გამოზამთრების რაიონები

აღწერა რედაქტირება

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ღორიხვაა, ზომებით თითქმის უახლოვდება თეთრნისკარტას. მისი სხეულის სიგრძეა 69–91 სმ, ფრთების სიგრძე 33–40 სმ, მასა 2,7–6,3 კგ. ზრდასრულ ფრინველს ზაფხულში თავი და კისერი შავი აქვს, დაჰკრავს მწვანე ლითონისებრი იერი, კისრის ძირში ვიწრო განივ მონაკვეთს აქვს მოკლე, გრძივი, თეთრი ფერის შრტიხები. ამავენაირი შტრიხების, მაგრამ ოფრო ფართო მონაკვეთი კისრის გვერდებზე მდებარეობს, წააგავს ნახევარსაყელოს. ზურგის ზედა მხარე შავია, აყრია ოთხკუთხა და მრავალრიცხოვანი მცირე ზომის მომრგვალებული თეთრი ლაქები. ქვედა მხარე თეთრია, მკერდის გვერდებზე გასდევს შავი ფერის ვიწრო გრძივი ზოლები. პირველხარისხოვანი საქნევი ბუმბული მურა-შავია, მათი ღეროს ზედა ნახევარი მოშავოა; საჭის ბუმბული შავია. ნისკარტიც შავი ფერისაა, სწორი და მასიური; მოცურავე ფრინველს იგი, ჩვეულებრივ, ჰორიზონტალურად აქვს გაშვერილი.

 
არამობუდარი პოლარული ღორიხვა

ზამთრის მორთულობაში ზრდასრული ღორიხვას თავი და კისერი ზემოდან მოშავო-მურაა; ზურგი რამდენადმე ღია, მუქი მურა, ჩამორეცხილისმაგვარი ნახატებით, ახასიათებს ღია არშიები და ზოლები, რომლებიც მხრის ბუმბულის წვერებზე, როგორც წესი, უფრო განივრებია. ყელი, კისრის ქვედა ნაწილი, მკერდი და მუცელი თეთრია. საზღვარი მოშავო-მურა ზურგსა და თეთრ მუცელს შორის თავის გვერდებზე და კისერზე საკმაოდ მკვეთრია, თვალის გარშემო მკაფიო ვიწრო რგოლი აქვს, კისრის ძირთან — შავ-მურა ნახევარწრე. ნისკარტი მორუხო-თეთრია მოცისფრო ელფერით, კეხი და წვერო მოშავოა.

მობუდარი ფრინველის მორთულობა ზამთრისას ჰგავს, თუმცა ზურგი მეტად მურაა. ზურგის ბუმბულებზე ფართო, ფერმკრთალი-რუხი არშიები ქმნიან მკაფიო, ქიცვიან ნახატს. ღია ფერის რგოლი თვალის გარშემო სუსტადაა გამოხატული.

ღინღლიანი ბარტყი შეფერილია უფრო მუქად, ვიდრე სხვა ღორიხვები. პირველ მორთულობაში ფრინველი მუქი მურაა, თითქმის შავი, ქვედა მხარე რამდენადმე ღიაა. მეორე მორთულობა პირველთან შედარებით ღიაა, მუცელი და ქვემო საქნევი ბუმბული მურა-თეთრია.

გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში წყნაროკეანურიდან ატლანტიკურ სანაპირომდე, ჩრდილოეთში არქტიკის სანაპიროებამდე. სამხრეთით ჩრდილო-აღმოსავლეთ კალიფორნიამდე, ჩრდილო-დასავლეთ მონტანამდე, ჩრდილოეთ დაკოტამდე, აიოვამდე, ილინოისამდე, ინდიანამდე, ოჰაიომდე, პენსილვანიამდე, მასაჩუსეტსამდე, კონექტიკუტამდე, ნიუ-ჰემფშირამდე და ნიუფაუნდლენდამდე. ბინადრობს რამდენიმე კუნძულზეც: ისლანდია, ალეუტის, იან-მაიენი, ბაფინის მიწა, ნიუფაუნდლენდი. აღინიშნება გადაფრენები კომანდორის კუნძულებზე (ბერინგის კუნძული).

დასავლეთ პალეარქტიკაში რეგულარულად ბუდობს ისლანდიასა და დათვის კუნძულზე. 1970-იან წლებში ცნობილი იყო მობუდარი წყვილების გადაფრენა შოტლანდიაში. 1996 წლის ივლის-აგვისტოში ფრინველი შენიშნეს ახალ მიწაზე.

სახლობს უპირატესად დიდ და საშუალო სიდიდის, საკმაოდ ღრმა ტბებზე, რომლის ნაპირებზეც გაზრდილია მცენარეულობა, აგრეთვე ბუდობისათვის გამოსადეგ ტუნდრის კუნძულებზე და ტაიგის ზონის ღია მონაკვეთებზე. გადაფრენის დროს გვხვდება ზღვის სანაპიროებზე, დიდ ტბებსა და მდინარეებზე. იზამთრებს ზღვის სანაპირო ზონაში, ევროპაში ნორვეგიიდან ისლანდიასა და პორტუგალიამდე, ჩრდილოეთ ამერიკაში ალასკიდან კალიფორნიამდე და ნიუფაუნდლენდიდან ფლორიდასა და მექსიკის ყურემდე.

ცხოვრების ნირი რედაქტირება

ფრენისას კისერი წინ წაწეულია, ფეხები ტანის უკან არის გაშვერილი. აფრენის წინ საჭიროებს წყალზე სირბილს. დაშვებისას წყალზე მკერდით ეხეთქება.

სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ცოცხლობს 20 წლამდე და მეტსაც.

კვება რედაქტირება

 
კვერცხი
Gavia immer

პოლარული ღორიხვა, ისევე როგორც დანარჩენი ღორიხვები, კარგად იჭერს თევზებს, ზოგჯერ ამისათვის 60 მეტრის სიღრმეზეც კი ყვინთავს. მტკნარ წყალსატევებში იკვებება მცირე ზომის ქარიყლაპიებით, ქორჭილებით, მდინარის კალმახით. ზღვაში იჭერს კამბალას, კალმახს, ქაშაყს.

გამრავლება რედაქტირება

გამრავლების სეზონი არეალის სამხრეთ ნაწილში მაისის თვეში იწყება, ჩრდილოეთში — წყალმოვარდნების დასრულების დროს. ბუდეს აკეთებს წყლის გვერდით. დედალი დებს 1–3, როგორც წესი, მხოლოდ 2 კვერცხს. მისი ზომებია 9 x 5,7 მმ. კრუხობს ორივე მშობელი და გამოჩეკის შემდეგ ბარტყებსაც ორივენი კვებავენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Бёме Р., Динец В., Флинт В., Черенков А. Птицы (энциклопедия природы России). — М.: ABF, 1998. — 430 с.
  • Бёме Р. Л, Кузнецов А. А. Птицы открытых и околоводных пространств СССР. — Просвещение, 1983. — 175 с.
  • Иванов А. И. Каталог птиц СССР. — Л., 1976.
  • Птицы Советского Союза / ред. Г. П. Дементьев, Н. А. Гладков, Т. 1—6. — М., 1951—1954.
  • Птицы СССР: гагары, поганки, трубконосые / отв. ред. Ильичёв В. Д., Флинт В. Е. — М., 1982.
  • Птицы СССР: журавлеобразные, курообразные / отв. ред. Ильичёв В. Д., Флинт В. Е. — Л., 1987.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельных территорий. — М.: Академкнига, 2003. — 808 с.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны СССР. — М.: Наука, 1990.
  • Флинт В. Е., Бёме Р. Л. и др. Птицы СССР. — М., 1989.
  • Юдин К. А., Фирсова Л. В. Фауна России и сопредельных стран. Птицы. Т. II в. 1. — С-П:, Наука, 2002.

სქოლიო რედაქტირება

  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 17, 161, 205.