პიერ II დე კურტენე (ფრანგ. Pierre II de Courtenay; დ. 1158 წლის შემდეგ — გ. 1219, ეპირი) — კურტენეს სენიორი 1180/1183 წლიდან, ნევერის გრაფი 1185—1199 წლებში, ოსერისა და ტონერის გრაფი 1185 წლიდან, ლათინთა იმპერიის იმპერატორი (1216—1217 წწ.).

პიერ II დე კურტენე
Pierre II de Courtenay
ლათინთა იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 1216
მმართ. დასასრული: 1217
წინამორბედი: ანრი I
მემკვიდრე: იოლანდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1158 წლის შემდეგ
გარდ. თარიღი: 1219
გარდ. ადგილი: ეპირი
მეუღლე: იოლანდა და აგნეს I
შვილები: 13
დინასტია: კურტენეს საგვარეულო
მამა: პიერ I დე კურტენე
დედა: ელიზაბეთ დე კურტენე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

პიერ I დე კურტენესა (ლუი VI-ს შვილის) და ელიზაბეთ დე კურტენეს შვილი. 1184 წელს ფილიპ II ავგუსტმა მას ცოლად გააყოლა ნევერის, ოსერისა და ტონერის საგრაფოს მემკვიდრე აგნესა. მომდევნო წელს გარდაიცვალა აგნესას ძმა გილიომ V და პიერ II გახდა გრაფი.

1190-1193 წლებში თან ახლდა ფილიპ II ოგიუსტს მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. 1192 წლის ბოლოს ან 1193 წლის დასაწყისში გარდაიცვალა პიერის მეუღლე აგნესა, მათ დარჩათ ერთი შვილი მატილდა, ხოლო პიერმა შეინარჩუნა მეუღლის მემკვიდრეობა. პიერ დე კურტენე კვლავ დაქორწინდა 1193 წელს იოლანდა დე ენოზე, რომელიც იყო ფლანდრიისა და ენოს გრაფის ბოდუენ V-ისა და მარგარიტა ფლანდრიელის შვილზე და თავისი ახალი ცოლისძმას ფილიპ დე ენოს ცოლად მიათხოვა თავისი შვილი მატილდა.

1196 წელს მის წინააღმდეგ აჯანყდა მისი სიძე გილიომ დე ბრიენი, რომელიც აღშფოთებული იყო გრაფის უკანონო ქმედებებითა და ძალადობებით. იგი სათავეში ცაუდგა შამპანელების ძალებს, გაძარცვა ოსერუის მიწები და ალყა შემოარტყა ვეზლეს სააბატოს, მისი აღება ვერ შეძლო, თუმცა აიძულა გრაფი დროებით შეეწყვიტა უხამსობა.

1199 წელს ჟიენის სენიორიისათვის წამოწყებული დავა თავის ერთ-ერთ ვასალთან ერვე IV დე დონზისთან, გადაიზარდა ომში. ომის დროს პიერი ტყვედ ჩავარდა და გაათავისუფლეს ერვეზე მატილდას ქორწინებისა და ნევერის საგრაფოს დათმობის სანაცვლოდ.

1209 და 1211 წლებში მონაწილეობდა ალბიგოურ ჯვაროსნულ ლაშქრობაში და ლავორის ალყაში (1211 წ.).

1212 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა პიერის ცოლისძმა ფილიპ დე ენო, რომელმაც მემკვიდრედ თავისი და იოლანდა დანიშნა. პიერმა დაუყოვნებლივ გააგზავნა უფროსი შვილი ფილიპი რათა ნამიურის საგრაფოს მმართველობა ჩაებარებინა.

1214 წელს მონაწილეობდა ბუვინის ბრძოლაში.

1216 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ანრი I ფლანდრიელი. ლათინთა ბარონებმა უარყვეს უნგრეთის მეფის ანდრაშ II-ს კანდიდატურა, იმის შიშით, რომ ამ ძლიერი მეფის მმართველობის დროს თავიანთი გავლენა არ დაეკარგათ. ასევე დაბლოკეს ანრის ძმის, ცბიერი რაინდის, ესტაშ დე ენოს კანდიდატურა და ტახტი შესთავაზეს პიერ დე კურტენეს, რომელმაც მიიღო შეთავაზება.

პიერ II დე კურტენე გაემგზავრა რომში, რადგან სურდა მისთვის გვირგვინი პაპ ჰონიორიუს III-ს დაედგა. რომის პაპი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ჯერ ერთი მას არ უნდოდა კონსტანტინოპოლის ლათინთა პატრიარქის უფლებები დაერღვია და მეორე, მსგავსი კორონაცია ლათინთა იმპერატორებს რომზე და დასავლეთზე პრეტენზიებს გაუჩენდა. პაპმა გამოსავალი ნახა: 1217 წლის 9 აპრილს მან იმპერატორის კორონაცია გამართა არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ წმინდა ლავრენტის ეკლესიაში, რომელიც ვატიკანის გარეთ მდებარეობდა.

კონსტანტინოპოლის გზაზე მიმავალმა პიერმა ალყა შემოარტყა დირაქიას, მაგრამ ქალაქი კარგად დაცული აღმოჩნდა და წარუმატებელი ალყის შემდეგ მოკავშირე ვენეციელები ჩამოშორდნენ პიერს. იმპერატორი დირაქიიდან თესალონიკისკენ გაემგზავრა ოჰრიდის ტბის სამხრეთით გამავალი გზით. ამ გზაზე მათ დახვდა თეოდორე კომნენოს-დუკა, რომელმაც ბრძოლაში დაამარცხა ლათინთა იმპერატორის რაზმი. ბრძოლაში დაიღუპა ესტაშ დე ენო, ხოლო პაპის ლეგატი კარდინალი კოლონი და დაჭრილი იმპერატორი ტყვედ ჩავარდნენ. კარდინალი შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო პიერ II დე კურტენე 1219 წელს გარდაიცვალა ტყვეობაში.

ოჯახი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება