პიგმალიონი (პიესა)

ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესა

პიგმალიონი: რომანსი ხუთ აქტად“ (ინგლ. Pygmalion: A Romance in Five Acts) — ირლანდიელი დრამატურგისა და ნობელის პრემიის ლაურეატ ჯორჯ ბერნარდ შოუს 1913 წლის პიესა.[1] მისი პრემიერა ჰოფბურგის თეატრში შედგა და, თავდაპირდველად, მისი გერმანულენოვანი სახით წარსდგა სცენაზე. პიესის ინგლისურენოვანი პრემიერა ერტი წლის შემდეგ, უესტ-ენდის თეატრში შედგა.

პიგმალიონი
ავტორი ჯორჯ ბერნარდ შოუ
პერსონაჟები პროფესორი ჰენრი ჰიგინსი, პოლკოვნიკი პიკერინგი, ელიზა დულიტლი, ალფრედ დულიტლი, მისის პირსი, მისის ჰიგინსი, ფრედი.
პრემიერა 1913
პრემიერის ადგილი ჰოფბურგის თეატრი, ვენა
ენა ინგლისური
ჟანრი რომანტიული კომედია
მოქმედების ადგილი ლონდონი, ინგლისი

მითოსის მიხედვით, პიგმალიონს შეუყვარდა მისი ხელით შექმნილი ერთ-ერთი ქანდაკება, რომელიც შემდეგ გაცოცხლდა. ეს ცნობილი მითოლოგიური სიუჟეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანელი ხელოვანების შემოქმედებაში, მათ შორის გამოსარჩევია დრამატურგი უილიამ შვენკ გილბერტი, რომლის პიესა — პიგმალიონი და გალათეა — შოუს ადრეულ ლიტერატურულ გავლენადაა მიჩნეული.[2] შოუს პიესა არაერთხელ ადაპტირდა, მათ შორის გამოსარჩევია 1938 წლის ფილმი პიგმალიონი, აგრეთვე 1956 წლის მიუზიკლი ჩემი მშვენიერი ლედი და სხვა.[3][4]

თავად შოუმ აღნიშნა, რომ პროფესორ ჰენრი ჰიგინსის პერსონაჟი შთაგონებული იყო რამდენიმე ბრიტანელი ფონეტიკის პროფესორით, მათ შორის არიან: ალექსანდრე მელვილ ბელი, ალექსანდრე ჯონ ელისი, ტიტო პალიარდინი და ჰენრი სვითი.[5]

პიესის სიუჟეტის მიხედვით, ფონეტიკის პროფესორი ჰენრი ჰიგინსი ნიძლავს დებს, რომ მას შეუძლია დაბალი წარმოშობის გოგონა, ელიზა დულიტლი, ისეთი დახვეწილი გახადოს, რომ გოგონა ელჩის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე თავადის ქალად წარმოჩინდეს. დახვეწილობის უმთავრეს ელემენტად კი პროფესორს ბრწყინვალე მეტყველება მიაჩნია.

სიუჟეტი რედაქტირება

პიესის მოქმედება ლონდონში მიმდინარეობს. ზაფხულის საღამოა. კოკისპირულად წვიმს. გამვლელები კოვენტ-გარდენის ბაზრისა და წმ. პავლეს ტაძრისკენ მიიჩქარიან. აქ უკვე რამდენიმე ადამიანმა შეაფარა თავი, მათ შორის საღამოს სამოსში გამოწყობილმა ხანში შესულმა ქალბატონმა ქალიშვილთან ერთად. ისინი ელოდებიან ფრედის, ქალბატონის ვაჟს, რომელიც ტაქსის მოსაყვანად წავიდა. ყველა, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც უბის წიგნაკი მოუმარჯვებია, მოუთმენლად ელის წვიმის გადაღებას. ფრედი ტაქსის გარეშე ბრუნდება 一 გზაზე ყვავილებით მოვაჭრე გოგონას დაეჯახება და ხელიდან იებით სავსე კალათს გამოსტაცებს. გოგონა ილანძღება. კაცი, უბის წიგნაკით, გამალებით რაღაცას იწერს. იების დაკარგვით შეწუხებული გოგონა იქვე მდგომ პოლკოვნიკს ეხვეწება, იყიდოს თაიგული. პოლკოვნიკი, ოღონდაც თავიდან მოიშოროს, და გოგონას ხურდა ფულს აძლევს, მაგრამ თაიგული არ მიაქვს. ერთ-ერთი გამვლელი დაუბანელ, ფეთხუმ მეყვავილე გოგონას არწმუნებს, რომ უბის წიგნაკიანი კაცი მის წინააღმდეგ რაღაცას თხზავს და აშკარად დაბეზღებას უპირებს. გოგონა ზლუქუნებს. წიგნაკიანი კაცი ყველას გასაგონად აცხადებს, რომ იგი პოლიციიდან არ არის და იქ მყოფთ იმით აოცებს, რომ თითოეულის წარმომავლობას მათი გამოთქმის მიხედვით ზუსტად გამოიცნობს.

ფრედის დედამისი კვლავ ტაქსის მოსაყვანად აგზავნის. მალე წვიმაც გადაიღებს და ქალბატონი ქალიშვილთან ერთად ავტობუსის გაჩერებისკენ მიემართება. პოლკოვნიკი უბის წიგნაკიანი კაცის ვინაობით დაინტერესდება. როგორც ირკვევა, იგი „ჰიგინსის უნივერსალური ანბანის“ შემქმნელი ჰენრი ჰიგინსია, ხოლო პოლკოვნიკი „სასაუბრო სანსკრიტის“ ავტორი 一 პიკერინგი. პოლკოვნიკს დიდხანს უცხოვრია ინდოეთში და ლონდონში სპეციალურად პროფესორ ჰიგინსის გასაცნობად ჩამოსულა. პროფესორსაც ყოველთვის ჰქონია პიკერინგის გაცნობის სურვილი. როდესაც ისინი პოლკოვნიკთან ოტელში სავახშმოდ წასვლას აპირებენ, მათთან მეყვავილე გოგონა მოირბენს და კვლავ ეხვეწება, იყიდონ მისი ყვავილები. ჰიგინსი მას კალათში მუჭით მონეტებს უყრის და პოლკოვნიკთან ერთად მიდის. გოგონას ახლა თავი უზარმაზარი თანხის მფლობელი ჰგონია. ამასობაში ფრედი დედამისისა და დის წასაყვანად ტაქსით ბრუნდება. გოგონა ტაქსიში ჯდება, კარს გაიჯახუნებს და მიემგზავრება.

მეორე დილას ჰიგინსი პიკერინგთან თავისი ფონოგრაფული აპარატის დემონსტრირებას ახდენს. ამ დროს მისის პირსი, პროფესორის ეკონომისტი ქალი, ჰიგინსს მოახსენებს, რომ ვიღაც მდაბიო გოგონას მისი ნახვა სურს. შემოდის გუშინდელი მეყვავილე გოგონა, რომელიც ჰიგინსს განუცხადებს, რომ ის ელიზა დულიტლია და სურს, პროფესორმა ფონეტიკაში ამეცადინოს, რადგან თავისი აქცენტის გამო სამსახურს ვერ შოულობს. მან ეს-ეს არის შეიტყო, რომ პროფესორი ჰიგინსი ასეთ გაკვეთილებს ატარებს. ელიზა დარწმუნებულია, რომ ჰიგინსი სიხარულით დასთანხმდება, ამ გზით დაიბრუნოს ის ფული, რომელიც გუშინ კალათაში ასე დაუფიქრებლად ჩაუყარა. ჰიგინსისთვის კი ამ თანხაზე საუბარი, რასაკვირველია, სასაცილოა, მაგრამ მას პიკერინგი სანაძლეოს სთავაზობს 一 დაუმტკიცოს მან, როგორც ახლახან უმტკიცებდა, რომ რამდენიმე თვეში უბრალო მეყვავილე გოგონას ჰერცოგინიად აქცევს. პროფესორი თანახმაა, მიიღოს ეს მაცდური წინადადება, მით უმეტეს, პოლკოვნიკი მზადაა, სანაძლეოს წაგების შემთხვევაში ელიზას მეცადინეობის თანხა მთლიანად გადაიხადოს. მისის პირსს ელიზა სააბაზანოში დასაბანად მიჰყავს.

რამდენიმე ხანში ჰიგინსთან ელიზას მამა მოდის. ის ერთი უბრალო კაცია, მენაგვედ მუშაობს, მაგრამ პროფესორს თავისი მჭერმეტყველებით აოცებს. ჰიგინსი დულიტლს სთხოვს, ელიზა მასთან დატოვოს და ამაში ხუთ ფუნტს სთავაზობს. როდესაც დაბანილი და იაპონურ ხალათში გამოწყობილი ელიზა გამოჩნდება, მამამისი მას ძლივს იცნობს. ორი თვის შემდეგ ჰიგინსი ელიზასთან ერთად ღამის წვეულებაზე მიდის. მას სურს, გაარკვიოს, შეიძლება თუ არა მაღალი საზოგადოებისთვის ელიზას წარდგენა. მისის ჰიგინსთან სტუმრად არის მისის ეინსფორდ ჰილი, რომელსაც ქალიშვილი და ვაჟიშვილი ახლავს. ეს სწორედ ის ხალხია, რომელთან ერთად ჰიგინსი კოკისპირული წვიმის დროს თავს ტაძრის კარიბჭეს აფარებდა და ელიზა პირველად იქ ნახა. ეინსფორდები ელიზას ვერ ცნობენ 一 ის დიდგვაროვანი ქალბატონივით იქცევა და ნამდვილი ლედივით საუბრობს, მაგრამ როდესაც თავისი ცხოვრების ისტორიების მოყოლას იწყებს, ისეთ ქუჩურ გამოთქმებს იყენებს, რომ ყველას აოცებს. ჰიგინსს თავი ისე უჭირავს, თითქოს ეს გამოთქმები მაღალი საზოგადოების ახალი ჟარგონი იყოს და ასე ცდილობს სიტუაციის განმუხტვას. ელიზა სტუმრებს ემშვიდობება. ფრედი ელიზათი აღტაცებულია.

ამ შეხვედრის შემდეგ ის ელიზას ათგვერდიან წერილებს უგზავნის. სტუმრების წასვლის შემდეგ ჰიგინსი და პიკერინგი ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიან და მისის ჰიგინსს გატაცებით უყვებიან, როგორ ამეცადინებენ ელიზას, რას ასწავლიან, როგორ დაჰყავთ ოპერაში, გამოფენებზე, როგორ აცმევენ. მისის ჰიგინსის აზრით, ისინი ელიზას ცოცხალ თოჯინასავით ექცევიან. ის ეთანხმება მისის პირსს, რომელიც თვლის, რომ ჰიგინსი და პიკერინგი „არაფერზე არ ფიქრობენ“.

რამდენიმე თვის შემდეგ ორი ექსპერიმენტატორი ელიზას მაღალი წრის საზოგადოებას წარუდგენს. ელიზა ამ მიღებაზე თავბრუდამხვევი წარმატებით სარგებლობს და ყველას ჰერცოგინია ჰგონია. ეს კი ჰიგინსის გამარჯვებას ნიშნავს 一 მან სანაძლეო მოიგო.

შინ დაბრუნებული ჰიგინსი აღფრთოვანებას ვერ ფარავს იმის გამო, რომ ექსპერიმენტი, რომელმაც საკმაოდ დაღალა, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა. პროფესორი ელიზას მიმართ არანაირ ყურადღებას არ იჩენს, უწინდებურად უხეშად იქცევა და ლაპარაკობს. გოგონა დაღლილი და მოწყენილია, მაგრამ საოცრად ლამაზი. ის თანდათან ღიზიანდება, ბოლოს მოთმინებას კარგავს და ჰიგინსს ქოშებს ესვრის. ელიზა სიკვდილს ნატრობს. არ იცის, რა ელის მომავალში, როგორ უნდა იცხოვროს. ის ხომ ახლა სულ სხვა ადამიანია. ჰიგინსი არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ელიზა მასზე შურს იმით იძიებს, რომ წყობიდან გამოჰყავს.

ღამით ელიზა ჰიგინსის სახლიდან მიდის. დილით გაოგნებული პროფესორი და პოლკოვნიკი პოლიციის დახმარებით მის პოვნას ცდილობენ. ჰიგინსი ელიზას გარეშე თავს უმცეოდ გრძნოს 一 არ იცის, სად რა დევს, როდის აქვს დანიშნული ესა თუ ის შეხვედრა. ჩამოდის მისის ჰიგინსი. პროფესორს მოგვიანებით ელიზას მამაც ესტუმრება. მისტერ დულიტლი ძალიან შეცვლილია. ის ახლა შეძლებულ ბურჟუას ჰგავს, თუმცა უკმაყოფილოა იმით, რომ ჰიგინსის ხელშეწყობით იძულებული გახდა, ცხოვრების წესი შეეცვალა და ახლა უწინდებურად თავისუფალი აღარ არის. როგორც ირკვევა, რამდენიმე თვის წინ ჰიგინსს ერთი ამერიკელი მილიონერისთვის, რომელსაც მთელ მსოფლიოში მორალური ლიგის რეფორმების ფილიალები დაუარსებია, დულიტლის შესახებ მიუწერია, რომ ეს უბრალო მენაგვე ამჟამად ინგლისში ყველაზე ორიგინალური მორალისტია. მილიონერი გარდაცვლილა. სიკვდილის წინ კი დულიტლისთვის ანდერძით თავის ტრესტში წილი (სამი ათასი წლიური შემოსავალი) დაუტოვებია, მხოლოდ იმ პირობით, რომ დულიტლს მორალური რეფორმების ლიგაში წელიწადში ექვსი ლექცია უნდა წაეკითხა. დულიტლი იმითაც უკმაყოფილოა, რომ იძულებულია იქორწინოს ქალზე, რომელთანაც რამდენიმე წლის განმავლობაში რეგისტრაციის გარეშე იცხოვრა. ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ ახლა მას, როგორც საპატიო ბურჟუას, სხვაგვარად ცხოვრება არ შეეფერება. მისის ჰიგინსს იმედი აქვს, რომ დულიტლი თავის ქალიშვილზე ახლა მაინც ისე იზრუნებს, როგორც ის ამას იმსახურებს. პროფესორს იმის გაგონებაც კი არ სურს, რომ ელიზა შეიძლება მამამისს „დაუბრუნოს“.

მისის ჰიგინსი ამბობს, რომ არ იცის, სად არის ელიზა. ელიზა თანახმაა, ჰიგინსთან დაბრუნდეს, თუ ის პატიებას სთხოვს. პროფესორი კატეგორიულ უარზეა. შემოდის ელიზა, რომელიც მადლობას უხდის პიკერინგს იმისთვის, რომ ყოველთვის კეთილშობილი ქალბატონივით ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელიზა უხეში, ფეთხუმი და უზრდელი ჰიგინსის სახლში ცხოვრობდა, სრულიად შეიცვალა და ამაში მას პიკერინგი დაეხმარა. ჰიგინსი გაოცებულია. ელიზა აქვე დასძენს: თუ ჰიგინსი უწინდებურად მოექცევა, წავა პროფესორ ნეპინთან, რომელიც მას ასისტენტად აიყვანს და ის ნეპინს ჰიგინსის ყველა აღმოჩენას გააცნობს. ვნებათაღელვის დაცხრომის შემდეგ პროფესორი აღმოაჩენს, რომ ელიზა ახლა გაცილებით უკეთ და ღირსეულად იქცევა, ვიდრე მაშინ, როდესაც ჰიგინსის ნივთების მოვლა და მისთვის ქოშების მიტანა ევალებოდა. ჰიგინსი დარწმუნებულია, რომ ისინი ახლა ერთად ცხოვრებას ნამდვილად შეძლებენ, ოღონდ არა როგორც ორი მამაკაცი და ერთი სულელი გოგონა, არამედ როგორც „სამი ძველი მარტოხელა მეგობარი“.

ელიზა მამამისის ქორწილში მიდის. როგორც ჩანს, ის ჰიგინსის სახლიდან წასვლას სულაც არ აპირებს, რადგან მას ძალიან შეეჩვია, ისევე, როგორც ჰიგინსი 一 მას. ელიზას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.goodreads.com/book/show/7714.Pygmalion
  2. https://en.wikipedia.org/wiki/Pygmalion_and_Galatea_(play)
  3. https://www.imdb.com/title/tt0030637/
  4. https://www.imdb.com/title/tt0058385/
  5. George Bernard Shaw, Androcles and the Lion: Overruled : Pygmalion (New York City: Brentano's, 1918), page 109. დაარქივებული 14 December 2016 საიტზე Wayback Machine. (Note: Alexander M. Bell's first wife was named Eliza.)