პეტრე ათანასეს ძე შარია (დ. 1902 — გ. 1983) — ქართველი საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოხელე, ლავრენტი ბერიას გარემოცვის წევრი.

დაიბადა სოფ. თაგილონში ღარიბი გლეხის ოჯახში. 1920 წ. შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას, რომლის საქმიანობა დამოუკიდებელ საქართველოში საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლობასთან იყო კოორდინირებული. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ 1930-40-იან წლებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა საბჭოთა უშიშროების სამსახურებში, განაგებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებულ ბიუროს; იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს I-II მოწვევების დეპუტატი. 1943-48 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის საქმეთა მდივანი. 1948 წ. მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის წოდება. მხარს უჭერდა ბერიას ძალაუფლებისათვის ბრძოლაში. 1952 წ. შიდაპარტიული დაპირისპირების დროს შეთხზული „მეგრელთა საქმის“ მსვლელობისას უნივერსიტეტიდან გააძევეს და დააპატიმრეს.[1] სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაწინაურდა და ბერიას, მაშინ უკვე სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თანაშემწე გახდა. ბერიას დახვრეტის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს, ჩამოართვეს ყველა პრივილეგია და 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს.

წყარო რედაქტირება