პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე (1917 თებერვლამდე სანქტ-პეტერბურგის, 1917 ნოემბრამდე — პეტროგრადის), ციხესიმაგრე სანქტ-პეტერბურგში კურდღლის კუნძულზე. მისი მშენებლობის დაწყების დღე — 1703 წლის 16 (27) მაისი ითვლება ქალაქის დაარსების თარიღად.

XVIII საუკუნიდან გადაიქცა პოლიტიკურ საპატიმროდ, სადაც ათავსებდნენ თვითმპყრობელობის მოწინაღმდეგებს. პირველად ამ დანიშნულებით პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე თვით პეტრე I-მა გამოიყენა, როდესაც იქ ჩასვა საკუთარი ვაჟი ალექსი. 1725 წელს ამ ციხეში ჩასვეს ეკონომისტი ი. პოსოშკოვი, 1741 — იმპერატორ ელისაბედის მოწინააღმდეგეები — ბირონი, მინიხი, ოსტერმანი. 1790 პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ტუსაღი იყო ალექსანდრე რადიშჩევი. აქ ისხდნენ დეკაბრისტები (5 მათგანი აქვე ჩამოახრჩვეს), პეტრაშეველები, ნ. ჩერნიშევსკი, „ნაროდნაია ვოლიას“ წევრები, შემდეგ სოციალ-დემოკრატები, ისკრელები, ხოლო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ - მეფის მთავრობის წევრები.

პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლთაგან შემონახულია: პეტრეს (1717-1718, არქიტექტორი დ. ტრეზინი) და ნევის (1784-1787, არქიტექტორი ნ. ლვოვი; კლასიციზმი) ჭიშკრები; კრონვერკი (1872-იდან — არტილერიის ისტორიის მუსეუმი; 1752, გადაკეთებული — 1850, არქიტექტორი პ. ტამანსკი); ციხესიმაგრეშია პეტრე-პავლეს ტაძარი (1712-1733, არქიტექტორი დ. ტრეზინი; ბაროკო), რომელშიც დაკრძალული არიან პეტრე I და სხვა რუსი იმპერატორები; აქვეა ზარაფხანა (1798-1806), მიაწერენ არქიტექტორ ა. პორტოს, სადაც ჭრიდნენ ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებს; 1922 წლიდან ამზადებენ ორდენებსა და მედლებს.

ლიტერატურა რედაქტირება