პეტრა კელი (დ. 29 ნოემბერი, 1947 – გ. 1 ოქტომბერი, 1992) — გერმანელი ეკოფემინისტი, მშვიდობისა და ადამიანის უფლებების აქტივისტი. იყო გერმანიის მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი წევრი, რომელმაც მწვანეთა ისტორიაში მანამდე არნახული მნიშვნელობა და აღიარება მოიპოვა როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა ეყრდნობოდა ერთიანი და დეცენტრალიზებული ევროპის, სახალხო მოძრაობების პოლიტიკური პოტენციალისა და მშვიდობიანი ტრანსნაციონალური აქტივიზმის რწმენას. ორგზის (1983 და 1987 წწ.) აირჩეს ბუნდესტაგის წევრად.

პეტრა კელი
დაბადების თარიღი 29 ნოემბერი, 1947(1947-11-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი გიუნცბურგი[8] [9] [10]
გარდაცვალების თარიღი 1 ოქტომბერი, 1992(1992-10-01)[1] [3] [4] [5] [7] (44 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბონი[1]
მოქალაქეობა  გერმანია
განათლება American University, ამსტერდამის უნივერსიტეტი და Hampton High School[11]
ჯილდოები „სამართლიანობის სინათლის“ პრემია და პრემია ცხოვრების სწორი წესისთვის

1982 წელს დაჯილდოვდა „ცხოვრების სწორი წესისთვის პრემიით“ (Right Livelihood Award) იმ ხედვისათვის, რომლითაც გააერთიანა ეკოლოგიური პრობლემები, განიარაღების, სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების საკითხები.

ადრეული ცხოვრება და განათლება რედაქტირება

დაიბადა 1947 წელს დასავლეთ გერმანიის ქალაქ გიუნცბურგში, რომელიც მდებარეობს ბავარიის მხარეში (ომის შემდგომ პერიოდში ამერიკული ოკუპაციის ზონა). მშობლები — რიჩარდ ზიგფრიდ ლემანი და მარგარეტ-მარიან ლემანი. მისი დაბადების სახელია პეტრა კერინ ლემანი. გვარი შეიცვალა მას შემდეგ, რაც დედა ცოლად გაჰყვა ამერიკული არმიის ოფიცერს, ჯონ ედვარდ კელის. დაწყებითი განათლება მიიღო კათოლიკე გოგონების სკოლაში (1954-1959 წწ.). შემდეგ სწავლა გააგრძელა გერმანიის ქალაქ ნელინგენში. 12 წლის ასაკში, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში.

ამის შემდეგ იგი სწავლობდა ჯორჯიისა და ვირჯინიის შტატებში. 1966 წელს, ქვეყანაში დაწყებული სტუდენტური საპროტესტო მოძრაობების ფონზე, დაწერა ლექსი „ჩემი თაობის დასაცავად“. ამ ლექსში ძველ და ახალ თაობებს შორის კონფლიქტის გაღრმავების ნაცვლად, კელიმ ორივე თაობა ერთ ფლანგზე დააყენა მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

1966 წელსვე პეტრამ ჩააბარა ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში. ის ჩაერთო მიმდინარე სტუდენტურ პროტესტში, თუმცა ამავდროულად კრიტიკულად განეწყო სტუდენტების „მომეტებული მეამბოხეობის“ მიმართ. 1972 წელს დაწერილ ლექსში სათაურით „ამერიკული უნივერსიტეტის რევოლუციონერებს“, ის კიცხავს სტუდენტებს, ერთი მხრივ, კომუნიზმით, მეორე მხრივ კი, აღმოსავლური რელიგიებით გატაცების გამო და ამავდროულად ამხელს მათ უქნარობასა და თავდავიწყებულ გართობაში.

მალევე პეტრა კელი შეუერთდა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯონ კენედის მხარდამჭერთა რიგებს, ხოლო კენედის მკვლელობისა და ლინდონ ჯონსონის მიერ პრეზიდენტად მეორედ კენჭისყრაზე უარის თქმის შემდეგ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ვიცე-პრეზიდენტ ჰუბერტ ჰამფრის საპრეზიდენტო კამპანიაში, სადაც თავი გამოიჩინა, როგორც სტუდენტთა ფრთის ორგანიზატორმა.

კელი თვალს ადევნებდა 1960-იან წლების გერმანიაში მიმდინარე სტუდენტთა საპროტესტო მოძრაობასაც. მისი შეფასებით, ეს იყო უფრო „მეცნიერული“ საპროტესტო ტალღა, თუმცა აკლდა სიყვარული და ადამიანური სითბო. კელის აზრით, გერმანელი სტუდენტები თავიანთი მოძრაობის გაფართოებას და მასში საზოგადოების სხვა ჯგუფების მოცვას იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ თავიანთ მოქმედებებში ჩართავდნენ ჰუმანურობას, ასე ჭარბად რომ ახასიათებდა ამერიკელ მეამბოხე სტუდენტობას.

1968 წელს კელიმ ბებიასთან ერთად იმოგზაურა პრაღაში, სწორედ იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირმა სამხედრო ძალები შეიყვანა ჩეხოსლოვაკიაში. პეტრა და მისი ბებია შინაპატიმრობაში აღმოჩნდნენ და სასტუმროს ფანჯრიდან უყურებდნენ „პრაღის გაზაფხულის“ დასასრულს.

1970 წელს ოთხი ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, თვალის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა პეტრას უმცროსი და, გრეისი. 1973 წელს პეტრამ დააარსა „გრეის კელის საქველმოქმედო ფონდი“, რომელმაც მიზნად დაისახა კიბოს კვლევების დაფინანსება და კიბოთი დაავადებულ ბავშვთა მკურნალობა. პეტრამ ამავე საკითხს მიუძღვნა წიგნი „Viel Liebe gegen Schmerz: Krebs bei Kindern“ (დიდი სიყვარული ტკივილის წინააღმდეგ: კიბო ბავშვებში), რომელიც 1986 წელს გამოიცა. ამავე წელს, ბუნდესტაგში გაიტანა კანონპროექტი, რომელიც 2 მლნ მარკას ამტკიცებდა კიბოთი დაავადებულ ბავშვებთა სამკურნალო დაწესებულებებში მიმდინარე კვლევების დასაფინანსებლად. 1971 წელს კელიმ დაიწყო გრესის ასაკის ობოლი ბავშვის, ტიბეტიდან დევნილი გოგონას დაფინანსება.

1970-იან წლებში პეტრა მეტად კრიტიკული გახდა რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებათა მიმართ. 1980 წელს დატოვა კიდეც ეკლესია. თუმცა რწმენის საკითხი მისთვის ბოლომდე აქტუალური დარჩა. მისი აზრით, პოლიტიკას სჭირდებოდა სულიერი მხარის განვითარება. დედამიწის გადარჩენისათვის აუცილებელი პოლიტიკური ცვლილებები, მისი წარმოდგენით, ვერ განხორციელდებოდა მხოლოდ ფრაგმენტულ პრობლემათა ინტელექტუალური გააზრებითა და, თუნდაც, გადაჭრით. ამისათვის საჭირო იყო ჰოლისტური ხედვა, რომელიც აგრეთვე დაეყრდნობოდა ინტუიციასა და სულიერ სიბრძნეს.

1970 წელს, ამერიკული უნივერსიტეტისაგან პეტრამ მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დიპლომი. ამის შემდეგ მან ამსტერდამის უნივერსიტეტის ევროპულ ინსტიტუტში დაიწყო კვლევა სათაურით „კერძო ევროპულ ორგანიზაციათა განვითარება და გავლენა, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ევროპის ინტეგრაციასა და გაერთიანებას“.

კარიერა რედაქტირება

1971 წელს კელი შეუდგა ექვსთვიან სტაჟირებას ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (რომელსაც 1993 წელს დაერქვა ევროპული თანამეგობრობა, ხოლო 2009 წლიდან შეუერთდა ევროკავშირს გენერალურ სამდივნოში, ბრიუსელში. აქ ის მუშაობდა ალტიერო სპინელის, ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და სამეცნიერო პოლიტიკის კომისრის კაბინეტში. კელი იმედოვნებდა, რომ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა გახდებოდა სოციალური პროგრესის ზონა, რომელიც სარგებელს მოუტანდა საზოგადოების არაპრივილეგირებულ ჯგუფებს. ამ დროისთვის ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, რომელშიც 6 სახელმწიფო შედიოდა, იწყებდა გაფართოებას და ემზადებოდა დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ირლანდიის მისაღებად. პეტრა მხარს უჭერდა ორგანიზაციის დემოკრატიზაციის იდეას. მას მიაჩნდა, რომ ევროპარლამენტში პირდაპირი არჩევნების შემოღება იყო აუცილებელი პირობა გაერთიანებული ევროპის ლეგიტიმურობისათვის.

მის იდეებს მხარს უბამდნენ ახალგაზრდა ევროპელი ფედერალისტები, აქტივისტთა ჯგუფი, რომელიც ემხრობოდა ფედერალური სახელმწიფო სტრუქტურის შექმნას გაერთიანებული ევროპის ფარგლებში.

1972 წელს მან დაარეგისტრირა თავისი სადოქტორო ნაშრომი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტში. ამის შემდეგ დაბრუნდა ბრიუსელში ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ადმინისტრატორის თანამდებობაზე. ამიერიდან პეტრა იწყებს ბრძოლას ქალთა უფლებების პრიორიტეტად ქცევისათვის. ამავდროულად კელი აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალში „ფორუმი“, რომლის მეშვეობითაც შეძლო დასავლელ გერმანელ აქტივისტებთან კავშირის გაბმა.

პეტრას სადოქტორო კვლევის ფარგლებში მთავარი მიგნება გახლდათ ის, რომ ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ხელმძღვანელობის ქვეშ მიმდინარე ევროპულ ინტეგრაციას სარგებელი მხოლოდ ბანკირთა და მენეჯერთათვის მოჰქონდა და უგულებელყოფდა არაპრივილეგირებულთა საჭიროებებს. ამ თეზისმა განარისხა კვლევის დამფინანსებელი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, რომელმაც შეუწყვიტა კიდეც კელის კვლევის დაფინანსება. თუმცა კვლევის გაგრძელება უზრუნველყო თავად ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის პრეზიდენტმა, სიკო მანშოლტმა.

ანტიბირთვული წინააღმდეგობა რედაქტირება

1970-იან წლებში ნავთობის კრიზისს მოჰყვა დებატები ენერგიის ეკონომიზაციის შესახებ. ნავთობის ერთადერთ ალტერნატივად განიხილავდნენ ბირთვულ ენერგიას, რომელსაც მიიჩნევდნენ ტექნოლოგიურად რეალისტურ, ეკონომიკურად კონკურენტუნარიან და ხანგრძლივ ალტერნატივად. მალე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იქცა ბირთვული ტექნოლოგიის მეორე უმსხვილეს ექსპორტიორად.

კელი და მანშოლტი სკეპტიკურად განეწყვნენ ბირთვული ენერგიის ფართომასშტაბიანი ექსპლუატაციის მიმართ, რადგან ის ემსახურებოდა შეუჩერებლი ეკონომიკური ზრდის გაგრძელებას, რომელიც ევროპას გრძელვადიან პერსპექტივაში უქადდა გარემოს განადგურებას, ეკონომიკურ სტაგნაციას და დემოგრაფიულ აფეთქებას. კელიმ მოიძია და შეკრიბა დიდძალი მასალა ბირთვული ენერგიის შესახებ აშშ-ში გამართული სამეცნიერო დებატებიდან. მან ევროპაში ბირთვული ენერგიის გაფართოების შესახებ დაწყებულ უკმაყოფილება სამეცნიერო არგუმენტებით განამტკიცა. პეტრამ საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია რადიაციისაგან მომდინარე ფიზიკური საფრთხეებისა და იმ სოციალური შედეგების შესახებ, რომლებიც დადგებოდა ბირთვული ტექნოლოგიების გავრცელების შემდეგ. სწრაფი რეაქტორ-გამამრავლებლის ახლოს ამერიკელმა მეცნიერებმა ისეთი მაღალი რადიაცია დააფიქსირეს, რომ მას „ფაუსტური პაქტი“ უწოდეს. კელი სწრაფი რეაქტორ-გამამრავლებლების ფართოდ გამოყენებაში ხედავდა იმის საფრთხესაც, რომ გაიზრდებოდა ბომბის მასალაზე წვდომა და შინ, კუსტარულად დამზადების შესაძლებლობები. იარაღის უკონტროლო წარმოება კი დიდ გამოწვევებს მოუტანდა პლურალისტური ევროპული საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესს.

პარალელურად, ძლიერდებოდა ანტიბირთვული სახალხო მოძრაობაც. ევროპის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ფერმერები და მეღვინეები, წუხდა თავიანთ წარმოებაზე ბირთვული ტექნოლოგიის სავალალო გავლენის გამო. მოძრაობა დაიწყო ვილის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში მდებარეობს და მალე მოედო მთელი რაინისპირეთს, რადგან როგორც გერმანიის, ისე საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიებზე იგეგმებოდა რეაქტორების რიგის აშენება მდინარე რაინის მთელი კალაპოტის ირგვლივ.

1975 წელს კელი პირველად შეუერთდა ანტიბირთვულ სახალხო მოძრაობას ვილში, სადაც 100 000 ადამიანი გამოვიდა რეაქტორების მშენებლობის წინააღმდეგ ქუჩაში. იგი სიტყვით წარსდგა დემონსტრანტების წინაშე. ასე დაიწყო ბრიუსელიდან მოსული ბიუროკრატის კავშირი ევროპის მოსახლეობის „არაპრივილეგირებულ“ ნაწილთან. საპროტესტო აქცია კელისთვის სახალხო მოძრაობის შესაძლებლობების დემონსტრაციად იქცა. ამიერიდან ის ნელ-ნელა ჩამოშორდა ბრიუსელში მიმდინარე პროცესებს და სულ უფრო მეტად ჩაერთო კონტინენტის გარშემო დაწყებულ სახალხო მოძრაობებში. ანტიბირთვული აქტივიზმი, კელის თვალსაზრისით, იყო გზა მშვიდობიანი, ტრანსნაციონალური, ჰუმანური და არაძალადობრივი ევროპის მშენებლობისაკენ.

პეტრა კელიმ 1970-1980-იან წლებში იმოგზაურა თითქმის მთელი მსოფლიოს გარშემო. გერმანული სოფლებიდან დაწყებული, ავსტრალიის და ჰიროსიმას ჩათვლით ის ჩაერთო მნიშვნელოვან ადგილობრივ წინააღმდეგობის მოძრაობებში. მან ითამაშა დიდი როლი ამ ლოკალური წინააღმდეგობებს შორის ქსელის ჩამოყალობებაში. ამ ქსელის დამსახურებით მცირემასშტაბიანი სახალხო ანტირეაქტორული კამპანიები გარდაიქმნა ბირთვული ძალაუფლების საწინააღმდეგო კონსოლიდირებულ მოძრაობად.

მწვანეთა პარტია რედაქტირება

კელი დიდ იმედებს ამყარებდა 1979 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე, როგორც გადამწყვეტ ეტაპზე ანტიატომურ მოძრაობაში. 1979 წლის მარტში დაარსდა ალტერნატიული პოლიტიკური ალიანსი - მწვანეები. პეტრა აირჩიეს ერთ-ერთ კანდიდატად ევროპარლამენტის პირველ პირდაპირ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. პეტრა ამ არჩევნებზე დიდ იმედებს ამყარებდა, იმედოვნებდა რა სახალხო მოძრაობათა ხმის გაჟღერებას პოლიტიკური ელიტების სივრცეში. თუმცა მაშინ ალიანსმა ვერ მოიპოვა მანდატები ევროპარლამენტში. 1980 წელს არაფორმალური ალიანსი პოლიტიკურ პარტიად - მწვანეებად გარდაიქმნა. ის ეყრდნობოდა 4 იდეურ ბურჯს: ეკოლოგიას, სოციალურ პასუხისმგებლობას, საბაზისო დემოკრატიას და არაძალადობრიობას. დამფუძნებელთა თავდაპირველი მიზანი იყო „ანტიპარტიული პარტიის“ ჩამოყალიბება. კელი იმედოვნებდა, რომ ეს პარტია დიდ წვლილს შეიტანდა ისეთი ევროპის მშენებლობაში, რომელიც იქნებოდა დეცენტრალიზებული, დაცლილი ბირთვული ენერგიისა და მილიტარიზმისგან. მისი ახლებური ხედვა მოიცავდა ლოკალურ სახალხო მოძრაობებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას. 1980-82 წლებში კელი პარტიის პირველ სამ სპიკერ შორის შედიოდა.

1983 წლის გერმანიის ფედერაციულ არჩევნებში პარტიამ 27 მანდატი მოიპოვა ბუნდესტაგში. ბუნდესტაგში მოღვაწეობის პირველ წლებში კელი გახდა საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, იღებდა მონაწილეობას ანტიბირთვულ მოძრაობაში, მიიღო წლის მშვიდობის ქალის ჯილდო. ამ წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა „მწვანეთა“ გავლენა გერმანულ პოლიტიკაზე.

თუმცა 1985 წელს დაიწყო გაუცხოება პეტრა კელსა და დანარჩენ მწვანეებს შორის, რაც უკავშირდებოდა პარტიის ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებს. პარტიის წესდების თანახმად, პარლამენტარებს თავიანთი მანდატი უნდა დაეთმოთ პარტიის სხვა წევრთათვის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. კელიმ უარი განაცხადა თავისი საპარლამენტო ადგილის დათმობაზე. 1986 წელს მწვანეთა პარტიამ საბოლოოდ გააუქმა ორწლიანი როტაციის წესი, მაგრამ განხეთქილება კელისა და დანარჩენ მწვანეებს შორის სულ უფრო გამწვავდა. თანდათანობით კელი დაუახლოვდა გერტ ბასტიანს და ისინი განუყოფელ თანამებრძოლებად იქცნენ.

1987 წელს კელი მეორედ აირჩიეს ბუნდესტაგში. ამჯერად ხმათა უფრო დიდი ოდენობით. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო მოსკოვის მშვიდობის ფორუმზე, სადაც შეხვდა საბჭოთა დისიდენტ ანდრია სახაროვს და სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, მიხეილ გორბაჩოვს

სიცოცხლის უკანასკნელი წლები რედაქტირება

1990 წელს, გაერთიანებული გერმანიის ბუნდესტაგში მწვანეებს აღარ ხვდათ წილად არც ერთი საპარლამენტო მანდატი. პეტრა მტკიცე უარს აცხადებდა ტრადიციულ გერმანულ პარტიებთან კოალიციის შექმნაზე, რამაც კიდევ უფრო გარიყა პრაგმატული თანაპარტიელთაგან. 1991 წელს კი 646-დან მხოლოდ 39 ხმა მიიღო პარტიის სპიკერის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენისას.

მოგვიანებით, 1992 წელს პეტრამ ბედი სცადა სატელევიზიო გარემოსდაცვითი დებატების ორგანიზებაში, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. კელის უკანასკნელი საჯარო გამოსვლები შედგა 1992 წლის სექტემბერში, ურანის შესახებ მსოფლიო მოსმენის ღონისძიებასა (ზალცბურგი) და რადიაციის გლობალურ მსხვერპლთა კონფერენციაზე (ბერლინი).

1992 წლის შემოდგომაზე მძინარე პეტრა კელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა თავისმა საყვარელმა და თანამებრძოლმა, გერტ ბასტიანმა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მკვლელობის მოტივი და ზუსტი თარიღი უცნობი დარჩა.

რჩეული ნაწერები რედაქტირება

  • „ბრძოლა იმედისათვის“ (London: Chatto & Windus, 1984)
  • „ჰიროსიმა“ (Bornheim: Lamuv, 1986);
  • „ტიბეტის ტანჯვა“, გერტ ბასტიანისა და პეტ აიელოს თანაავტორობით (Berkeley, CA: Parallax Press, 1991);
  • „იფიქრო მწვანედ! ესეები ენვირომენტალიზმის, ფეინიზმისა და არაძალადობის შესახებ“ (Berkeley, CA: Parallax Press, 1995);

პუბლიკაციები ქართულ ენაზე რედაქტირება

  • პოლიტიკა და ეკოლოგია, თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ, „მწვანე ანთოლოგია. პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“;
  • ნაწყვეტი წიგნიდან „იცხოვრე ისე, თითქოს ეს შენი უკანსაკნელი დღეა“, თარგმნა ლევან ლორთქიფნიძემ „თბილისის ფაბიანური საზოგადოება“

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება