პერიანდრე[1] (ბერძ. Περίανδρος; დ. ძვ. წ. 667 – გ. ძვ. წ. 585) — კორინთის ტირანი ძვ. წ. 627 წლიდან. კიფსელიდების დინასტიის წარმომადგენელი. მისი მმართველობის დროს კორინთმა მიაღწია უდიდეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ აყვავებას, გახდა მსხვილი სახღვაო სახელმწიფოს ცენტრი. პერიანდრემ განახორციელა მასშტაბური საგარეო ექსპანსია. მისი კონტროლის ქვეშ იყო იონიის ზღვის რიგი კუნძულები (მ.შ. კერკირა); აქტიური კონტაქტები ჰქონდა სიცილიაზე ადრე დაარსებულ კოლონიებთან. ურთიერთობები განავითარა მილეტთან და ლიდიასთან, სამხრეთში — ეგვიპტესთან. კონტინენტზე თავის ხელისუფლებას დაუმორჩილა ეპიდავრი. საბერძნეთში დიდი გავლენით სარგებლობდა. კორინთის ყელზე გაიყვანა ნავსათრევი გზა (დიოლკოსი), რამაც კორინთს საშუალება მისცა ბერძნული სამყაროს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის ვაჭრობაში მონოპოლია მოეპოვებინა. მის დროს ფართო განვითარება პოვა კერამიკის წარმოებამ: ხარისხითა და მხატვრული შესრულებით შესანიშნავი კორინთული კერამიკა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გაბატონდა. ატარებდა არისტოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და მხარს უჭერდა წვრილ გლეხობას; განახორციელა ფართო მშენებლობები, შემოიღო ბაჟი, დაქირავებულებისაგან შექმნა სამხედრო ნაწილები. თავის კარზე მიიწვია კულტურის მოღვაწეები (მ.შ. არიონი). პერიანდრე ძველი საბერძნეთის არქაიკული („ძველი“) ტირანიის ნათელი მაგალითია. თანამედროვეები მის პიროვნებასა და მოღვაწეობას სხვადასხვანაირად აფასებენ; ერთნი გადმოგვცემენ პერიანდრეს მიერ ჩადენილი მცეხური სისასტიკეების შესახებ, მეორენი აღწერენ როგორც ბრძენ და სამართლიან მმართველს და „შვიდ ბრძენს“ შორისაც კი ასახელებენ.[2]

პერიანდრე
ბერძ. Περίανδρος
კორინთის მე-2 ტირანი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 627
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 585
წინამორბედი: კიფსელე
მემკვიდრე: ფსამეტიქი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. ძვ. წ. 667
დაბ. ადგილი: კორინთი
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 585
გარდ. ადგილი: კორინთი
დინასტია: კიფსელიდები
მამა: კიფსელე
დედა: კრატეა

სქოლიო რედაქტირება

  1. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 81.
  2. Суриков И. Е. Периандр // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 681.