პაულინა ვიურტემბერგელი

პაულინა ვიურტემბერგელი (გერმ. Pauline von Württemberg; დ. 4 სექტემბერი, 1800, რიგა, რუსეთის იმპერია — გ. 10 მარტი, 1873, შტუტგარტი, გერმანიის იმპერია) — ვიურტემბერგელთა დინასტიის წარმომადგენელი. ჰერცოგ ლუდვიგ ვიურტემბერგელის ასული. ვიურტემბერგის დედოფალი 1820-1864 წლებში როგორც ვილჰელმ I-ის მესამე ცოლი.

პაულინა ვიურტემბერგელი
ვიურტემბერგის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 აპრილი, 1820
მმართ. დასასრული: 25 ივნისი, 1864
წინამორბედი: ეკატერინე პავლოვნა რომანოვა
მემკვიდრე: ოლღა ნიკოლაევნა რომანოვა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1800
დაბ. ადგილი: რიგა, ლატვია
გარდ. თარიღი: 10 მარტი, 1873, (72 წლის)
გარდ. ადგილი: შტუტგარტი, გერმანია
მეუღლე: ვილჰელმ I, ვიურტემბერგის მეფე
(ქ. 1820 - გარდ. 1864)
შვილები: კათარინა, ვიურტემბერგის პრინცესა
კარლ I, ვიურტემბერგის მეფე
ავგუსტა, საქსენ-ვაიმარ-აიზენახის ჰერცოგინია
სრული სახელი: პაულინა ტერეზა ლუიზა
მამა: ჰერცოგი ლუდვიგ ვიურტემბერგელი
დედა: ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ოჯახი რედაქტირება

პაულინა დაიბადა 1800 წლის 4 სექტემბერს რიგაში, რუსეთის იმპერიაში, თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე. იგი იყო ჰერცოგ ლუდვიგ ვიურტემბერგელისა და მისი მეუღლის, პრინცესა ჰენრიეტა ნასაუ-ვაილბურგელის ქალიშვილი. მისი დედმამიშვილები იყვნენ: ავსტრიის ერცჰერცოგინია მარია დოროთეა, საქსენ-ჰილდბურგჰაუზენის ჰერცოგინია ამელია, ბადენის პრინცესა ელიზაბეთ ალექსანდრინა და ტეკის ჰერცოგი ალექსანდრე, რომელმაც დააარსა ვიურტემბერგელთა დინასტიის ტეკელთა შტო და რომელიც იყო დიდი ბრიტანეთის დედოფალ მარია ტეკელის მამა, რომლის ხაზითაც იგი ელისაბედ II-ის დიდი ბაბუაა.

მამის მხრიდან პაულინას პაპა-ბებია ვიურტემბერგის ჰერცოგი ფრიდრიხ II ევგენი და მისი მეუღლე, ფრედერიკა დოროთეა ბრანდენბურგ-შვედიტელი იყვნენ, ხოლო დედამისი ნასაუ-ვაილბურგის მთავარ კარლ კრისტიანისა და ორანის პრინც ვილემ IV-ის ქალიშვილის, პრინცესა კაროლინა ორან-ნასაუელის ასული იყო.

ქორწინება რედაქტირება

 
დედოფალი პაულინა თავის ვაჟთან ერთად 1825 წელს.

1820 წლის 15 აპრილს შტუტგარტში პაულინა დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე, ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ I-ზე, რომელიც მასზე ოცი წლით უფროსი კაცი იყო. ამით პაულინა ვიურტემბერგის ახალი დედოფალი და ვილჰელმის მესამე ცოლი გახდა. განსხვავებით მეორე ქორწინებისგან, ვილჰელმისთვის მესამე ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ ვილჰელმი საერთოდაც არ მალავდა თავის ურთიერთობას მსახიობ ამალია შტუბენროიხთან, რაც დედოფალს აღიზიანებდა. მიუხედავად ამისა, მეფე-დედოფალს სამი შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი მეფე კარლ I-ც.

პაულინას ქმრის მეორე ქორწინებიდან ორი გერი ერგო: პრინცესა მარია და პრინცესა სოფია. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფია შემდეგში ნიდერლანდების დედოფალი და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია გახდა. ეს გოგონები მეფეს დედოფალ ეკატერინე პავლოვნასგან დარჩა. როგორც ირკვევა პაულინას გერებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან როგორც დედოფალი სოფია თავის მეგობართან მიწერილ წერილში იუწყებოდა, იგი გეგმავდა დედოფალ პაულინასა და მისი ერთ-ერთი ქალიშვილის ნიდერლანდებში მიწვევას, რასაც 1848 წლის რევოლუციამ შეუშალა ხელი.

გარდაცვალება რედაქტირება

1864 წელს ვილჰელმ I 82 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტს კარლ I იკავებს, რითაც პაულინა დედა-დედოფალი გახდა. დაქვრივების შემდეგ იგი საზოგადოებაში თითქმის საერთოდ აღარ ჩნდებოდა. მისივე სურვილით იგი მთლიანად ჩამოსცილდა სამეფო კარის ცხოვრებას. დედოფალი პაულინა გარდაიცვალა 1873 წლის 10 მარტს შტუტგარტში, 72 წლის ასაკში. თავისი „ღირსებისა და ერთგულების გამო“ იგი ვიურტემბერგელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რის გამოც მისი გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად მრავალ ქუჩასა და დაწესებულებას ეწოდა მისი სახელი შტუტგარტში, ესლინგენსა და ფრიოლცაიმში.

შვილები რედაქტირება

  1. კათარინა ფრედერიკა (1821-1898), ცოლად გაჰყვა ვიურტემბერგის პრინც ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა ვიურტემბერგის მეფე ვილჰელმ II;
  2. კარლ I (1823-1891), ვიურტემბერგის მეფე. ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ასული ოლღა ნიკოლაევნა რომანოვა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ავგუსტა (1826-1898), ცოლად გაჰყვა საქსენ-ვაიმარ-აიზენახის პრინც ჰერმანს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;

ტიტულატურა რედაქტირება

  • 4 სექტემბერი, 1800 - 26 დეკემბერი, 1805: მისი მოწყალე უდიდებულესობა ჰერცოგინია პაულინა ვიურტემბერგელი;
  • 26 დეკემბერი, 1805 - 15 აპრილი, 1820: მისი სამეფო უმაღლესობა ჰერცოგინია პაულინა ვიურტემბერგელი;
  • 15 აპრილი, 1820 - 25 ივნისი, 1864: მისი უდიდებულესობა ვიურტემბერგის დედოფალი;
  • 25 ივნისი, 1864 - 10 მარტი, 1873: მისი უდიდებულესობა ვიურტემბერგის ქვრივი დედოფალი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • The New International Encyclopedia. Daniel Coit Gilman, Harry Thurston Peck, and Frank Moore Colby (eds). New York: Dodd, Mead, and Company. 1909.
  • Sophie of Württemberg. A Stranger in The Hague: The Letters of Queen Sophie of the Netherlands to Lady Malet, 1842-1877. S.W. Jackson and Hella Haasse (eds.). Duke University Press. 1989.