ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი

ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდონკი (გერმ. Otto Günther von Wesendonk; დ. 3 ოქტომბერი, 1885, ბერლინი, — გ. 27 ივნისი, 1933, სანქტ-მარგარეთენი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი) — გერმანელი დიპლომატი, ორიენტალისტი და მწერალი; გერმანიის გენერალური კონსული თბილისში (1922–1925).

დაიბადა ფიზიკის პროფესორ კარლ ვეზენდონკისა და გრაფინია ეველინ ფონ ჰესენშტაინის ოჯახში. 1903-1908 წლებში სწავლობდა ფრიდრიხ-ვილჰელმის (ბერლინი), რაინის ფრიდრიხ-ვილჰელმის (ბონი) და რუპრეხტ-კარლის (ჰაიდელბერგი) უნივერსიტეტებში. ჰაიდელბერგში მიენიჭა იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი (1908) და მალევე შეუდგა დიპლომატის კარიერას. 1913–1914 იყო გერმანიის კონსული ტანჟერში. პირველი მსოფლიო ომის წლებში მუშაობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაქს ფონ ოპენჰაიმის მიერ ჩამოყალიბებულ „აღმოსავლეთის ბიუროში“, რომლის მიზანი იყო ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ინდოეთის მოსახლეობაში ანტანტის საწინააღმდეგო განწყობების შექმნა. ომის დასასრულს იმყოფებოდა თბილისში და მონაწილეობდა ამიერკავკასიის წარმომადგენლებსა და ოსმალეთს შორის ბათუმში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში (1918 წლის მაისი). თბილისში განიხილებოდა გერმანიის გენერალური კონსულის თანამდებობაზე, თუმცა საბოლოოდ ამ პოსტზე გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი დაამტკიცეს. 1922 წლის 27 დეკემბრიდან 1925 წლის 20 მაისამდე ვეზენდონკი იყო გერმანიის გენერალური კონსული თბილისში. საბჭოთა ხელისუფლების მიერ გერმანელი დიპლომატების შპიონაჟის ბრალდებით დევნის გამო შვებულებაში მყოფი ვეზენდონკი თბილისში აღარ დაბრუნდა (მომდევნო კონსული, კარლ პრიუფერი 1926 წელს დაინიშნა). ამ პერიოდში აქტიურად იკვლევდა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიასა და კულტურას. ამ საკითხების ირგვლივ გამოქვეყნებული აქვს არაერთი ნაშრომი, მათ შორის, ქართული წარმართული რელიგიური წარმოდგენების (Über georgisches Heidentum, 1924; Nachträge zum georgischen Heidentum, 1925), საქართველოს ისტორიის (Zur georgischen Geschichte, 1927), კავკასიის ხალხების წეს-ჩვეულებების (Aus der kaukasischen Welt, 1927) შესახებ. გარდაიცვალა 1933 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება