ორი ციხე-კოშკი“ (ინგლ. The Two Towers) — ჯ.რ.რ. ტოლკინის ეპიკური რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მეორე წიგნი, რომლის მოქმედებას ადგილი აქვს შუახმელეთში. გამოიცა 1954 წელს.

„ორი ციხე-კოშკი“
The Two Towers

ორიგინალური გამოცემის ყდა
ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
სერია ბეჭდების მბრძანებელი
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი George Allen & Unwin
გამოცემის თარიღი 1954
მთარგმნელი ნიკა სამუშია
ქართულად გამოიცა 2010
მედია მაგარი და რბილი ყდები
გვერდი 431 (2010 წლის ქართული გამოცემა)
წინამორბედი „ბეჭდის საძმო“
მომდევნო „მეფის დაბრუნება“
ISBN 99940-34-13-0
(2010 წლის ქართული გამოცემა)

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წიგნი III: იზენგარდის ღალატი რედაქტირება

ამონ ჰენის ნაპირზე დარჩენილ რაზმის წევრებზე იერიშს მიიტანენ ორკები და ურუკ ჰაები. ბორომირი იცავს პიპინსა და მერის, მაგრამ იღუპება, ორკების ისრით განგმირული. ჰობიტებს ორკები იტაცებენ. არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი ბორომირის სხეულს ასვენებენ ნავში და გააყოლებენ მდინარის დინებას. ისინი გადაწყვიტავენ, დაედევნონ ორკებს. რამდენიმე დღის უსასრულო დევნის შემდეგ ისინი ხვდებიან როჰანის მხედრებს, ეომერის მეთაურობით. აღმოჩნდება, რომ იგი და მისი თანამოაზრეები გამოაგდეს როჰანიდან. ასევე აღმოჩნდება, რომ ეომერმა და მისმა რაზმმა გაანადგურა ორკების ჯარი, რომელმაც მოიტაცა მერი და პიპინი. ლეგოლასი, არაგორნი და გიმლი შიშობენ, რომ ღამით მომხდარ ამ შეხახებაში დაიღუპნენ მერი და პიპინიც.

ეს ორი უკანასკნელი სინამდვილეში გადარჩენილია. ურუკ ჰაების მიერ გატაცებულნი, ისინი გარბიან როჰანელების იერიშის დროს და იმალებიან ფანგორნის ტყეში. იქ ისინი გაიცნობენ ხის მსგავს გიგანტურ არსება ენტს, სახელად ხისწვერს. საერთო საბჭოზე, რომელზეც სხვა ენტებიც არიან შეკრებილი, გადაწყდება, რომ ენტები იერიშს მიიტანენ იზენგარდზე, სარუმანის ციხესიმაგრეზე - ისინი განრისხებულნი არიან იმით, რომ სარუმანმა გაანადგურა მრავალი ხე მათ ტყესთან.

არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი მიჰყვებიან ჰობიტების კვალს და ტყეში ხვდებიან უცნაურ თეთრ მოხუცს, რომელიც თავდაპირველად არ აჩენს სახეს. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ეს განდალფია. მისივე თქმით, ბალროგთან ბრძოლის შემდეგ იგი გადარჩა და ახალი სახით მოევლინა სამყაროს, ოღონდ არა რუხი, არამედ თეთრი განდალფის სახით. იგი წინ უძღვება მათ და მიჰყავს ისინი ედორასში, როჰანის ქალაქში, რომელიც ომის ზღვარზეა.

ედორასში მისულები აღმოაჩენენ, რომ მეფე თეოდენი, რომელიც იქაურობას მართავს, დამწუხრებული და დასუსტებულია. მას ყოველთვის თან დაჰყვება გრიმა ენაგესლი, რომელიც როჰანის მებრძოლი იყო და მოსყიდული იქნა სარუმანის მიერ. იგი ყოველდღე წამლავს თეოდენის სულს და ამის გამო თეოდენი უძლურია მტრის წინაშე, რაც აფერხებს სარუმანისა და საურონის ჯარების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

განდალფი გადაარჩენს თეოდენს და მოასულიერებს მას. განრისხებული თეოდენი გააგდებს გრიმას, რომელიც გარბის სარუმანთან. მეფე და ჯარი სასწრაფოდ მიემართება ჰელმის ხრამში, ქალაქს კი უტოვებენ თეოდენის ძმისწულს, მშვენიერ ეოვინს (რომელსაც შეუყვარდება არაგორნი).

გზად ჯარს თავს ესხმიან ორკები, მაგრამ ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ იგი მაინც აღწევს ჰელმის ხრამამდე. განთიადზე მოსული განდალფი და უესტფოლდის ჯარები მათ დახმარებას გაუწევენ. ორკების და ურუკ ჰაების ურიცხვი ჯარი განადგურებული და უკუქცეულია.

თეოდენი, განდალფი, არაგორნი და სხვები მიემართებიან იზენგარდში. იქაურობა უკვე დანგრეულია ენტების მიერ - მათ ყველა ძალა გამოიყენეს, რათა სარუმანის სამფლობელო გაენადგურებინათ. ნანგრევებზე სხედან პიპინი და მერი, რომლებიც, როგორც აღმოჩნდება, მანამდე განდალფმა უკვე მოინახულა. ისინი მშვიდად შეექცევიან სარუმანის მიერ ჰობიტონიდან მოპარულ თუთუნს. ერთად ყველა მიდის იზენგარდის კოშკისკენ, რომელშიც შეხიზნებულია სარუმანი. იგი თავად გამოდის აივანზე და ცდილობს, ბოროტი სიტყვებითა და ტყუილებით მოწამლოს კოშკთან თავშეყრილების გონება, მაგრამ განდალფი, რომელიც თავისი დაბრუნების შემდეგ ბევრად ძლიერია, უძლურს ხდის მას და სარუმანი შეშინებული ქრება. უკანასკნელ წამს იგი კოშკიდან ძირს აგდებს პალანტირის ქვას. ამ ქვაში ჩახედვისას ნებისმიერს შეუძლია სხვადასხვა მოვლენის დანახვა, უპირველეს ყოვლისა კი საურონის ყურადღების მიქცევა.

ღამით დაბანაკებულ რაზმის მონაწილეებს შორს მხოლოდ პიპინს არ სძინავს. იგი ფრთხილად დგება და იხედება პალანტირში, ხედავს საურონს და იქცევს მის ყურადღებას. პიპინი შეშინებულია, ხოლო განდალფი თვლის, რომ მტერი იზენგარდისკენ გამოემართება, რადგანაც საურონმა პიპინი დაინახა.

განდალფი და პიპინი შორდებიან რაზმს და მიემართებიან მინას ტირიტში, შუახმელეთის III ეპოქის გონდორის დედაქალაქში.

წიგნი IV: მოგზაურობა მორდორში რედაქტირება

 
2010 წლის ქართული გამოცემის ყდა

რომანის მეორე ნაწილის მეორე წიგნი მოგვითხრობს სემისა და ფროდოს მოგზაურობის ისტორიას.

ემინ მაილზე ხეტიალის შემდეგ ისინი ხვდებიან გოლუმს, რომელიც ცდილობს თავად დაესხას მათ თავს. მას სურს ბეჭდის დაბრუნება, მაგრამ ფროდოს ხმლით და ბეჭდით დაშინებული იგი ფიცს სდებს, რომ ჰობიტებს მორდორთან მიჰყვება.

მათი გზა გადის მკვდარ ჭაობებზე, სადაც მრავალი დაღუპული ადამიანის ცხედარია დამარხული. რამდენიმე დღის მოგზაურობის შემდეგ სემი აღმოაჩენს, რომ გოლუმი ესაუბრება საკუთარ თავს - თავისი ეგოს, რომელსაც სმეაგოლი ჰქვია, ანუ იმ არსებას, რომელიც ის იყო სანამ დეაგოლს მოკლავდა და ბეჭედს მიითვისებდა. გოლუმი ცდილობს, სმეაგოლი დაითანხმოს ფროდოს მოკვლაზე, მაგრამ სმეაგოლს, რომელიც ჯერ კიდევ სამართლიანია, ახსოვს, რომ მან ერთგულების ფიცი დადო და დაიფიცა ბეჭედზე, მისთვის ყველაზე წმინდა ნივთზე.

მორდორთან მისულები აღმოაჩენენ, რომ მასში შეღწევა არც ისე ადვილია, ამიტომაც გოლუმი სთავაზობს ფროდოს შემოვლითი გზით შესვლას. ისინი მიდიან იტილიენში, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ნაწილში. გოლუმი ქრება, ხოლო ფროდო და სემი შეხვდებიან ფარამირს, ბორომირის ძმას. ფარამირი მათთან ერთად მიემართება ჰენეთ ანუნის ჩანჩქერის მიღმა დამალულ გამოქვაბულში, სადაც ჰობიტები მასზე მთელ სიმართლეს შეიტყობენ. ამასთან, მათთვის გასაკვირია, რომ ფარამირი უძლებს ცდუნებას და არ ცდილობს ბეჭდის წართმევას. იქვე, წმინდა ტბაში თევზს იჭერს გოლუმი. ფარამირი განრისხებულია, რადგანაც არავის აქვს უფლება, წაბილწოს ეს ტბა.

იგი აფრთხილებს ფროდოს, რომ მოკლავს გოლუმს და ფროდო იძულებულია, მოიტყუოს გოლუმი. მას იჭერენ და დაჰკითხავენ. მოგვიანებით ფარამირი ათავისუფლებს ფროდოს, სემს და გოლუმს, ხოლო გოლუმი ნაწყენია და საბოლოოდ დარწმუნდება იმაში, რომ უნდა მოკლას ფროდო და წაართვას მას ბეჭედი. თავდაპირველად მას სურს სემის მოცილება.

იგი შეიტყუებს ორივეს ბაბაჭუას, გიგანტური ობობის ბუნაგში. მას იმედი აქვს, რომ ბაბაჭუა გაანადგურებს ორივეს, შემდეგ კი გოლუმი მშვიდად მიითვისებს ბეჭედს. ბაბაჭუა თავისი ნესტარით აბრუებს ფროდოს. სემი იცავს მეგობარს და სასიკვდილოდ ჭრის ბაბაჭუას. მაგრამ მორდორში ესმით ხმაური. სემი იტოვებს ფროდოს ბეჭედს. ორ ორკს, შაგრატსა და გორბაგს, მიჰყავს ფროდო მორდორში. გოლუმი დაკარგულია. კარიბჭე დახურულია. სემი მის მიღმა იმყოფება და არ იცის, როგორ შეაღწიოს.

მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდება რედაქტირება

„ორი ციხე-კოშკი“ არის განგებ ორაზროვანი სახელწოდება, ვინაიდან ტოლკინს არ სურდა წიგნის დეტალების გამხელა. თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო ოთხი ციხე-კოშკი და მათი სამი წყვილი (ორთანკი და ბარად-დური, მინას-ტირითი და ბარად-დური ან ორთანკი და კირით-უნგოლის ციხე კოშკი, იხ. შავი ხაზები) დაკავშირებული იქნებოდა ამ სახელწოდებასთან. თუმცა, გარეკანისთვის გამოყენებულ ნახატზე ასახულია სხვა ორი კოშკი (წითელი ხაზი), ორთანკი და მეხუთე კოშკი, მინას მორგული.
ტოლკინის მიერ შექმნილი გარეკანის ნახატი, რომელზეც გამოსახულია მინას მორგული (ამომავალი მთვარის სიმბოლოთი) და ორთანკი (შავი, სარუმანის თეთრი ხელის სიმბოლოთი).[1]

„ორი ციხე-კოშკი“ არის განგებ ორაზროვანი სახელწოდება[2], ვინაიდან ნაწარმოებში დასახელებულია ხუთი ციხე-კოშკი. ტოლკინი ორ ციხე-კოშკზე საუბრის ერთმანეთის გამომრიცხავ განმარტებებს იძლეოდა[3].

ტოლკინის განმარტებით, „ორი ციხე-კოშკი რაც შეიძლება ახლოს არის სახელწოდების ძიებასთან, რომელიც მოიცავს მესამე და მეოთხე წიგნს და შესაძლოა, მრავალმნიშვნელოვანი დარჩეს.“[2] ამ პერიოდში ჩაფიქრებული იყო ექვსი ცალკეული წიგნისთვის სახელწოდების შერჩევა. ეს სახელწოდებები მოცემული გვიანდელ გამოცემებში.[4] მესამე წიგნის შეთავაზებული სახელწოდება იყო „იზენგარდის ღალატი“. მეოთხე წიგნის სახელწოდება იყო „ბეჭდის მცველთა მოგზაურობა“ ან „ბეჭედი აღმოსავლეთში მიემართება“.[5][6]

რაინერ ანვინთან მიმოწერაში ტოლკინი ვარიანტებად განიხილავდა ორთანკს და ბარად-დურს, მინას ტირითს და ბარად-დურს ან ორთანკს და კირით უნგოლის კოშკს.[2][7] თუმცა, ერთი თვის შემდეგ მან დაწერა შენიშვნა, დაბეჭდილი „ბეჭდის საძმოს“ ბოლოს და დახატა ნახატი, რომელიც გამოიყენეს გარეკანზე. მასზე გამოსახულია მინას მორგული და ორთანკი.[1][8] ამ ნახატზე მინას მორგული გამოსახულია თეთრი კოშკის სახით, მის თავზე კი ამომავალი მთვარე ჩანს, რაც კავშირშია ადგილის ორიგინალურ სახელწოდებასთან, მინას ითილთან, ამომავალი მთვარის კოშკთან; ორთანკი ნაჩვენებია როგორც შავი კოშკი, სამი წვეთით, გვერდით გამოსახული სარუმანის თეთრი ხელის სიმბოლოთი. ამ კოშკებს შორის დაფრინავს ნაზგული.[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 „მეორე ნაწილს ეწოდება „ორი ციხე-კოშკი“, ვინაიდან მასში აღწერილ მოვლენებში მეტწილად ჩნდება ორთანკი, ..., და მინას მორგულის ციხესიმაგრე...“
  2. 2.0 2.1 2.2 კარპენტერი 1981, #140,Allen & Unwin-თან, აგვისტო, 1953
  3. კოკერი, ფილიპ ბენჯამინ. The two towers. ციტირების თარიღი: 21 აგვისტო 2023
  4. ტოლკინი, ჯ. რ. რ. (1994). ბეჭდების მბრძანებელი, ათასწლეულის, Boston: Houghton Mifflin. 
  5. კარპენტერი 1981, #136, რაინერ ანვითნ, 24 მარტი 1953
  6. ჰემონდი & სკალი 2005, p. xxxii.
  7. კარპენტერი 1981, #143, Allen & Unwin-თან, იანვარი, 1954
  8. 8.0 8.1 Tolkien's own cover design for The Two Towers. HarperCollins. ციტირების თარიღი: 5 September 2023