ორიგენე

ალექსანდრიელი ქრისტიანი სწავლული

ორიგენე (ბერძნ. Ὠριγένης, Ōrigénēs, დ. 184/185, ალექსანდრია, ეგვიპტე — გ. 253/254 ტვიროსი, ფინიკია), ასვე ცნობილი, როგორც ორიგენე ალექსანდრიელი ან, ორიგენე ადამანტი (ბერძნ. Ὠριγένης Ἀδαμάντιος, Ōrigénēs Adamántios) — ასკეტი, სწავლული და ადრეული ქრისტიანობის პერიოდის თეოლოგი, რომელიც დაიბადა და ცხოვრების პირველი პერიოდი გაატარა ალექსანდრიაში. მისი თეოლოგია მოიცავდა ტექსტუალურ კრიტიკას, ბიბლიურ ეგზეგეზას, ფილოსოფიურ თეოლოგიასა და ჰომილეტიკას. განკვეთილ იქნა კონსტანტინეპოლის მეორე კრებაზე. იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა ადრეული ქრისტიანობის ასკეტიზმში. ორიგენეს ბერძნული სახელი (Ὠριγένης) ნიშნავს „ჰორუსის ვაჟს“ (ბერძნ. Ὧρος - ჰოროს და γένος - შობა, დაბადება). მისი ეს სახელი ან კოგნომენი - ადამანტი (Ἀδαμάντιος) წარმოქმნილია ბერძნული adámas-დან (ἀδάμας), რაც ნიშნავს „ანდამატს“, „ალმასს“, „გაუტეხელს“. ეს წოდებაც მის ასკეტურ მოღვაწეობას უკავშირდება და ამ ეპითეტით შეამკეს, როგორც გამძლე და უტეხი მოღვაწე.

ორიგენე
ბერძ. Ὠριγένης
დაბადების თარიღი 185[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] , 184[9] ან 185[10]
დაბადების ადგილი ალექსანდრია[9]
გარდაცვალების თარიღი 254[1] [2] [9] [11] [12] [3] [4] [5] [6] [7] [8] [13] ან 254[10]
გარდაცვალების ადგილი კესარია ან ტვიროსი
საქმიანობა თეოლოგი[10] [14] , კლერიკი, მწერალი[15] [14] [16] , მთარგმნელი და ფილოსოფოსი[10] [14]
ენა ძველი ბერძნული ენა
მოქალაქეობა ძველი რომი

 ბიბლია ორიგენეს ცხოვრებაში რედაქტირება

განათლება მიიღო მამის, ლეონიდე ალექსანდრიელისგან, რომელიც ასწავლიდა როგორც შვიდ თავისუფალ ხელოვნებას, ისე ქრისტიანულ სწავლებებს. ახალგაზრდა ორიგენე ყოველდღე ზეპირად სწავლობდა ეპიზოდებს ბიბლიიდან. ადრეული ასაკიდანვე უარი თქვა ტექსტების ბუკვალურ განმარტებაზე. 201/202 წელს, იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის მმართველობის პერიოდში, მისი მამა მოწამეობრივად აღესრულა. ახალგაზრდა ორიგენეზე მზრუნველობა იკისრა მდიდარმა ქრისტიანმა ქალბატონმა, რომელიც გნოსტიკოსად წოდებულ პავლეს მფარველობდა. როგორც ჩანს, მან მალევე დატოვა ეს გარემოცვა, რამდენადაც არამართებულად მიაჩნდა ერეტიკოსთა საზოგადოებაში ყოფნა.

ორიგენემ დააარსა გრამატიკული სკოლა. როგორც ევსები კესარიელი გადმოსცემს, იმ დროისთვის აღარ არსებობდა კატეხიზმური სკოლები, რამდენადაც განმმარტებლები და სწავლულები ქრისტიანთა დევნის დროს დაიფანტნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეს. ორიგენეს მეცადინეობებს ესწრებოდნენ როგორც ქრისტიანები, ისე - წარმართები. უკვე ჩვიდმეტი წლის ასაკში სათავეში ჩაუდგა კატეხიზმურ სკოლას და მიიღო მასწავლებლის, მოძღვრის, წოდება (διδάσκαλος)[17]. 206-210 წლების დევნის დროს ეპისკოპოსმა დემეტრიოსმა ოფიციალურად წარადგინა სკოლის ხელმძღვანელად. სკოლაში ბევრი მიმდევარი გაიჩინა, თუმცა არც ისე დიდი ხნის შემდეგ ხურავს სასწავლებელს და ცხოვრებას უძღვნის წმინდა წერილის შესწავლას, შეუდგება ასკეტური ცხოვრების წესს. ამ ცნობებს ვიგებთ ევსებისგან [18], რაც შეიძლება ავტორის ანგაჟირებული ინტერპრეტაციის შედეგიც იყოს: აღმატებულად წარმოადგინოს ორიგენეს ცხოვრება და მოღვაწეობა პირადი მრწამსიდან გამომდინარე. 

ექვსი მოწაფის სიკვდილით დასჯის შემდეგ ორიგენემ გადაწყვიტა ფილოსოფიის საფუძვლიანი შესწავლა (რასაც ვეცნობით მისივე წერილიდან ალექსანდრეს მიმართ), რათა მყარად დაეცვა საკუთარი პოზიცია. დაემოწაფა „ფილოსოფიური ცოდნის ოსტატს“ (როგორც ფიქრობენ, ეს უნდა ყოფილიყო ამონიოს საკა).

215 წელს ორიგენე რომში მიემგზავრება. უკან დაბრუნებისას სასწავლებელი (διδασκαλείων)  დაყო ორ საფეხურად. ჰერაკლე ასწავლიდა ბაზისურ ნაწილს მოწაფეებს, ხოლო ორიგენე - უკვე გამოცდილებს. ევსები კესარიელი ორიგენეს მიაწერს ფილოსოფიის, გეომეტრიის, არითმეტიკისა და სხვა მოსამზადებელი საგნების სწავლებას. მაგრამ, როგორც პ. ნაუტინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ აზრს, არის თუ არა ეს სასწავლო პროგრამა კატეხიზმური ფორმაციისა და ფილოსოფიური განათლების ნაზავი. საერთო ჯამში, ეს იყო ბიბლიის ტექსტის სრულად შესასწავლად განკუთვნილი მეთოდი. აგრეთვე, ისიც ცხადია, რომ ორიგენე შეიარაღებული იყო ფილოსოფიითაც, რათა ნათელი მოეფინა საღვთო წერილისათვის.

ალექსანდრიაში ყოფნის პერიოდში ორიგენე გამოიკითხავდა ცოდნას ქრისტიანი ებრაელებისგან ბიბლიის ტექსტებზე. იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც თვით „ებრაელ ოსტატს“ უწოდებს, ორიგენე დიდად არის დავალებული ებრაული და ქრისტიანული ებრაული ტრადიციებისა და ინტერპრეტაციების შესწავლის საკითხში. მაგალითად, ებრაელმა ოსტატმა უთხრა ორიგენეს, რომ ორი სერაფიმი ესაიას წიგნში:

„და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“ (ეს. 6:3) 

ძისა და სული წმინდის მიმართაა ნათქვამი (პირველსაწყისთა შესახებ I.3.4 და 4.3.14). ამბროსიუსისგან ვიღებთ იმ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც ორიგენეს შეუსრულებია განმარტებები ბიბლიურ წიგნებზე, როგორებიცაა: ფსალმუნნი 1-25, იერემიას გოდება, დაბადების წიგნის პირველი თავები, სოლომონის ქებათა ქება და იოანეს სახარება. ორიგენეს ამ დროის ნაწერები ხშირად იყო კომენტირებული ბიბლიური პასაჟების განმარტებისას სხვა ავტორების მიერ, მაგალითად, ამფილოქე იკონიელის სტრომატა.

229 და 234 წლებს შორის ორიგენემ იმოგზაურა ალექსანდრიის ფარგლებს გარეთ. ჯერ კიდევ ერისკაცობაში ორიგენე მიწვეულ იქნა იერუსალიმის ეპისკოპოს ალექსანდრეს მიერ საქადაგებლად. 231 წლის დასასრულს ჩადის ანტიოქიაში ქრისტიანობის დასაცავად იულია მამეასთან, იმპერატორის დედასთან. 232 წელს გარკვეული დრო დაჰყო კესარიაში, პალესტინაში, სადაც ეპისკოპოსმა თეოკტისტუსმა მღვდლად აკურთხა, რისი წინააღმდეგიც იყო ალექსანდრიის ეპისკოპოსი დემეტრიოსი. დემეტრიოსის გარდაცვალების შემდგომ, 233 წელს,  საეპიკოპოსო ტახტზე ადის ჰერაკლასი.

234 წელს ორიგენე სახლდება პალესტინის დედაქალაქ კესარიაში. მას იქ მხოლოდ ორი მიმდევარი ჰყავდა - თეოდოროსი და მისი ძმა - ათენადოროსი, რომელთაც ხუთი-რვა წლის განმავლობაში ასწავლიდა. 234 და 250 წლებს შორის იმ დროისთვის ახალგაზრდა გრიგოლს მისწერა წერილი, რომელშიც განმარტავდა განათლების მიღების ასპექტებს. ის ამტკიცებდა, რომ ქრისტიანობა და ბიბლია უნდა იყოს ყოველთვის პირველ ადგილზე, ხოლო ფილოსოფია, რომელსაც ადარებდა ეგვიპტურ ცოდნას, რომელიც განცხადებული იყო წინასწარ ებრაელთა მიერ (გამ. 11-12), არის ქრისტიანობის მსახური. პალესტინაში ყოფნის დროს ორიგენეს არ უცდია ალექსანდრიული დიდასკალეიონის[19] შეცვლა. საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ისევ ბიბლიის კვლევას უთმობდა. ამ პერიოდისთვის გააგრძელა დაბადების წიგნისა და იოანეს სახარების კომენტარებზე მუშაობა და განაგრძობდა შემდეგ წიგნებზე მუშაობას: წინასწარმეტყველთა (რომელიც მოიცავდა თორმეტ მცირე წინასწარმეტყველებას), ქებათა ქება, ფსალმუნნი, იგავნი სოლომონისა, ეკლესიასტე, მათესა და ლუკას სახარებები და პავლენი. წერს მოსეს ხუთწიგნეულზე სხოლიას, რაც წარმოადგენს განმარტებით შენიშვნებს გამოკრებილი ადგილების შესახებ. 239-42 წლებში ხდება კესარიის აღიარებული მქადაგებელი. ყოველ დილით განმარტავდა ძველ აღთქმას, ხოლო ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას - ახალ აღთქმას. რამდენიმე ქადაგება წარმოთქვა ასევე იერუსალიმშიც. ამავე პერიოდში დაწერა თხზულება ცელსუსის წინააღმდეგ (Contra Celsum), რაც წარმოადგენს წარმართი ცელსუსის განქიქებას, რომელიც ქრისტიანობას დაესხა თავს თავისი თხზულებით: ჭეშმარიტი სიტყვა (Λόγος Ἀληθής).

კესარიაში ორიგენე შეხვდა რაბინებს, რომელთაც გაუზიარეს ბიბლიის მათეული განმარტება. მაგალითად, აფრიკანუსისადმი გაგზავნილ წერილში (10-12) ორიგენე აცხადებს, რომ ებრაელი (ძე ბრძენი კაცისა) ფიქრობდა, რომ სუსანა არის ავთენტური. ამის მიხედვით, ორი უფროსის სახელები იყო სედეხიასი და ახიაბი, რომელთა შესახებაც მოგვითხრობს იერემია (36:22-3). სხვა ებრაელმა განმარტა, რომ თითოეულმა მათგანმა შეაცდინა ებრაელი ქალი იმის დაპირებით, რომ ღმერთის უშუალო ჩარევით შობდა მესიას. ორიგენე ასევე შეხვდა პატრიარქ იოულოსს და „ერთ-ერთ მათგანს მათ შორის, რომელნიც წოდებულ არიან ბრძენად ებრაელთა შორის“, ანუ იმ კაცს, რომელმაც ცნობა მიაწოდა ორიგენეს მოსეს ფსალმუნთა შესახებ (ფსალმუნთა განმარტება, პროლოგი). ეზეკიელზე დაყრდნობით (9;3-4) ამ ებრაელმა განუმარტა, რომ გრაფემა ტაუ (ת‎) განასახიერებს სისრულეს, სრულყოფილებას, რამდენადაც ებრაული ანბანის უკანასკნელი ასოა. სხვა ებრაელმა უთხრა, რომ ეს ტაუ გამოხატავს კანონსა და სიცოცხლეს ამ კანონის მიხედვით, რამდენადაც ის თორას პირველი გრაფემაა (განმარტება ეზეკიელისა, ან ჰომილია ეზეკიელზე). ორიგენე ასევე შეხვდა ქრისტიან ებრაელებს, რომელთაგან ერთ-ერთმა მიანიშნა ტაუს მსგავსებაზე ჯვართან .  

ორიგენე ხშირად მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში. არაბეთში საეპისკოპოსოს არსებობის დროს პოლემიკაში შევიდა ჰერაკლეიდუსთან და მისცა ლევიტელთა წიგნის ჭეშმარიტი განმარტება („რადგან სისხლშია ხორციელის სული“ (ლევ. 17:11). ნიკოპოლისში, აქტიუმთან ახლოს, აღმოაჩინა ბიბლიის უცნობი ვერსია, კვინტა (ხუთეული) და ამის შემდეგ მას ჰქონდა სრული ტექსტი, რათა დაესრულებინა ჰექსაპლაზე მუშაობა (სექსტასთან (ბიბლიის ტექსტი) ერთად, რომელიც იერიქონთან იქნა აღმოჩენილი). ნიკომედიაში დაასრულა იოანეს სახარების განმარტებაზე მუშაობა. იქვე მიიღო წერილი ქრისტიანი ისტორიკოსის, იულიუს აფრიკანუსისგან, რომელიც მსჯელობდა სუსანას ტექსტის ავთენტურობაზე ძველ აღთქმაში.[20] 

ორიგენეს ჰერმენევტიკა: შთაგონება და კოჰერენცია რედაქტირება

 
ორიგენე, ანდრე ტევეს გრაფიკა

ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს მიხედვით (ტიმ. 2, 3:16), რომელიც ხშირად არის ციტირებული ორიგენესთან, „ყოველი წიგნი ღმრთივ სულიერია და სარგებლის...“ მომცემი. ავტორი ჰერმენევტიკული ტრაქტატის „პირველსაწყისთა შესახებ“ დასაწყისში ავითარებს იმ აზრს, რომ ნაწერი წმინდაა და ღმრთივ სულიერი. მხოლოდ მოსესა და ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების სიტყვებს შეუძლია ახსნას ქრისტიანობის წარმატება. ძველი და ახალი აღთქმის სიტყვებს აქვს  ადამიანების ჭეშმარიტების გზაზე მოქცევის ღვთაებრივი ძალა (δύναμις) („პირველსაწყისთა შესახებ“, 4.1.1-7).

ორიგენე იზიარებს პატრისტიკულ შეხედულებას, რომ ბიბლია თვითონვე განმარტავს, ხსნის, თავის თავს. ეს იდეა წარმართული ტრადიციიდან იღებს სათავეს. ძვ. წ. მე-3 საუკუნის დიდი ალექსანდრიელი გრამატიკოსი არისტარქე სამოთრაკიელი წერს:

„ჰომეროსის ტექსტებს ნათელი მოეფინება ჰომეროსისავე განმარტებებით.“

ამ წესს რაბინულ ტრადიციაშიც მოეძებნება პარალელები, რომლის თანახმადაც „თორა განმარტავს თორას“. საფიქრებელია, რომ ეს ძირეული ეგზეგეტიკური პრინციპი ნოეს პერიოდზეც ვრცელდებოდეს. ფილონისა და იოსებ ფლავიუსის ნაწერებშიც ტექსტი განმარტავს ტექსტს. მაგალითად, ორიგენესთან შესაქმეს შესავალი სიტყვები (დაბ. 1:1) მიემართება იგავებს: „უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე“ (იგავ. 8:22), „სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი“ (ფასალმ. 32:6) და იოანეს სახარება: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (იო. 1:1). ასე რომ,  დაბადების I:I ნიშნავს: სიტყვა „დასაწყისში“ („დასაბამში“), რომელიც თავისთავად არის სიბრძნეში — ღმერთის სიტყვაა, თვით ქრისტეა („პირველსაწყისთა შესახებ“ 1.2.1-3, 1.3.3, 7). წარმართული ტრადიცია ასევე აღიარებს, რომ ჰომეროსისა და პლატონის ნაწერები იყო კოჰერენტული და რომ ის ელემენტები, რომლებიც ქმნიდნენ მათ თხზულებებს, წარმოადგენდა ლოგიკურ გრძლივობას, ხოლო როგორც მთლიანობა - ფორმობრივ ჰარმონიასა და შინაარსობრივ სისრულეს. ეს ასევე ინტერპრეტაციული ტექნიკის, აკოლუთიის ტექნიკაცაა: ერთი მხრივ, ეგზეგეტი უნდა გაერკვეს და დაწვრილებით შეისწავლოს განსამარტავი ტექსტის ლოგიკური მდინარება, ხოლო მეორე მხრივ - ნათელი მოჰფინოს შესაბამისობებს (კოჰერენციებს) სხვა ნაწილებთან მიმართებით. თავის კომენტარებში ორიგენე თავის პრინციპებს პრაქიკულ დანიშნულებას აძლევს: თავდაპირველად ის გვიჩვენებს ბიბლიური პასაჟის ყველა არსებულ ინტერპრეტაციას, რაც კი შესრულებულა მანამდე. შემდეგ კი განმარტავს  ბიბლიურ პასაჟს აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვა. ამისი კარგი მაგალითებია მათ. 17:15 და 17:17. დღესდღეობით ამგვარი განმარტება შეიძლება ზედმეტად ჩაითვალოს, რამდენადაც თანამედროვე ტექნიკით ჯერ დასაწყისში გვეძლევა კონკრეტული, დეტალური განმარტებები და ამის მერე ხდება თემის საგნის გაფართოება. თუმცა კი, ყველა ძველი კომენტატორი, იქნება ის ქრისტიანი თუ წარმართი, მისდევს ორიგენეს პრაქტიკას.

იმისათვის, რომ მკითხველს შესთავაზოს აკოლუთია, ორიგენე იყენებს იმ ტექნიკას, რომლის შესახებაც თვითონვე გვაძლევს ცნობებს ქებათა ქების პროლოგში: თავდაპირველად განმმარტებელმა უნდა დაასახელოს ტექსტის მიზანი (σκοπός). მაგალითად, ქებათა ქების  მიზანია, გაუძღვეს ადამიანის სულს  ან „შინაგან კაცს“ (რომ. 7:22, 2 კორ. 7:22) ლოგოსის მშვენიერებისა და ჭეშმარიტი სიყვარულისკენ, რაც სულიერია (სპირიტუალური) და არა - ხორციელი (2.1 – 48). მეორე: ეგზეგეტმა სწორად უნდა გამართოს ბიბლიური წიგნების მიმდევრობა. ორიგენე შეახსენებს მკითხველს, რომ სოლომონისგან გამოსული სამი წიგნი გვაქვს: იგავნი, ეკლესიასტე და ქება ქებათა. ბიბლიური რიგი განსაზღვრავს ფილოსოფიურსა და სულიერი განვითარების პროცესს: პირველი, იგავნი, ეთიკური შინაარის წიგნია, რომელიც  გაწმენდს ადამიანის სულსა და ასწავლის სათნო ცხოვრებას. მეორე მოდის ეკლესიასტე, რომელიც ფიზიკურ, „ხორციელ“ ნაწილში შედის, და რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, განასხვავოს ერთმანეთისგან მიზეზები და ბუნებრივი მომენტები, რათა აღმოაჩინოს წუთისოფლის ამაოების გრძნობადი მხარე და გაუჩინოს ადამიანს პოტენცია, ისწრაფვოს მარადიულისკენ. მესამე: ქებათა ქება განეკუთვნება ეპოპტიკას (რუფინუსთან ლათ. Epoptice, ბერძნ. εποπτική,  „ხედვას მიკუთვნებულობა“): მხოლოდ წმინდა და სულიერი სიყვარულის წყალობით შეიძლება განირჩეს ერთის ღვთაებრიობა მეორის სულიერებისგან (3.1-23). მესამე წესი ეხება სახელდების, სათაურის საკითხს, რამდენადაც სათაური არის იგივეობრივი, კოჰერენტული მთელ ტექსტთან მიმართებით: წერილი შეიძლება გაშუქდეს, როგორც წინარეს განვითარება. ორიგენე ჯერ ქებათა ქების კომენტარებს აკეთებს. ის ჩამოთვლის სხვა ამ ტიპის ბიბლიურ თხზულებებს და განმარტავს, რომ ყველა დანარჩენში ქების მიძღვნის ობიექტი არის ახალგაზრდა სძალი, ხოლო სოლომონთან ეს სძალი იდეალურია, რომელსაც შეუძლია შესანიშნავი სიტყვების გამოგზავნა. შემდეგ ორიგენე ყურადღებას ამხვილებს იმაზე, რომელიც ეკუთვნის სოლომონს. ეს კონტრაქსტს ქმნის იგავთა დასაწყისთან (იაგვნი სოლომონისა, ძისა დავითისა, რომელიც მეფობდა ისრაელს) და ეკლესიასტესთან (სიტყუანი სოლომონისნი, ძისა დავითისა, მეუფე ისრაელისა იერუსალჱმს). იგავთა სათაური,  რომელშიც მოხსენიებულია ისრაელი, უკავშირდება მორალურ გაწაფულობას. ეკლესიასტე, რომელიც მოიხსენიებს იერუსალიმს, ეკუთვნის ზეციურ სამყოფელს . თუმცა კი ქება, რომელიც მიემართება მხოლოდ სოლომონს (რომლის სახელიც ნიშნავს მშვიდს), გონებით განჭვრეტს  იდეალურ ადგილს, სადაც ყველაფერს სიმშვიდე მსჭვალავს (4:1 – 35).

ორიგენე ასახელებს ქებათა ქების (1:8), როგორც დრამატული ხელოვნების ნიმუშის კომპოზიციის მქონე ნაწარმოების, მეოთხე საკითხს, რომელიც არ არის მოცემული პროლოგში. შემონახულია მხოლოდ რუფინუსის ვერსიაში (ტექსტი შესრულებულია დაახლოებით 410 წლისთვის). თუმცა კი, რამდენიმე ნიშანი მაინც არის შემორჩენილი პროლოგის დასაწყისში (1.1-3) და ადვილი გასარკვევია, თუ რა შეიძლება ყოფილიყო დანარჩენ ტექსტში.

ბიბლიური ტექსტები, შეიძლება ითქვას, არ არის მონოლითური, მოცემულია წყვეტილად. ამისი შედეგია ის, რომ ტექსტის კითხვის ან მოსმენისას ხშირად რთულია ამოიცნო, თუ პერსონაჟებიდან ვინ ვის მიმართავს და ვის ეკუთვნის ესა თუ ის ფრაზა. განმმარტებელი (ეგზეგეტი) უნდა მიხვდეს იმას, თუ ვინ საუბრობს და იმასაც, თუ ვის მიმართავენ: ძე, სძალი, თუ რომელიმე პერსონა გასათხოვრად გამზადებული ქალწულის გარემოცვიდან. წინასწარმეტყველთა წიგნების მთელ გაუგებრობას სწორედ პერსონაჟთა ნათქვამის იდენტიფიცირება ქმნის (ფილოკალია: 7.1 = უფრო მოკლედ: ქებათა ქების კომენტარები) და ამდენად, ბიბლიის ტექსტები უნდა იყოს აღქმული როგორც ცოცხალი წარმოდგენა, დადგმული პიესა. მაგალითად, წინასწარმეტყველი დავითი წარმოგვიდგება, როგორც უძველესი ხალხის (ისრაელიანელების) ან ახალგაზრდების (ფილოკალია 7.2 = IV ჰომილია საქმე მოციქულთას შესახებ) წარმომადგენელი. ამავდროულად ის ასრულებს როგორც ჭეშმარიტებაზე მოქცეული ადამიანის როლს, ასევე იმ ერის პერსონიფიცირებული გამოხატულებაცაა (ქრისტიანობის პერიოდში), რომელიც იუდაიზმიდან  ქრისტიანობაზე მოექცევა (ფრაგმენტები, ფსალმუნი  118). ეს რომ გადმოსცეს სრულყოფილად, ორიგენე იყენებს ტექნიკურ სიტყვას προσωπεΐν, რაც ნიშნავს: „შეასრულო პერსონაჟის როლი პერსონიფიკაციის მიზნით.“ ზოგიერთი ბუნდოვანება შეიძლება წარმოიქმნას საგნის არსის სწრაფი ცვლილებების შედეგად (ფილოკალია 7.2). ეგზეგეტმა უნდა მოახდინოს არა მხოლოდ იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ ვის ელაპარაკება და ვის ეკუთვნის ესა თუ ის ფრაზა, არამედ ისიც, თუ რა საკითხზე მსჯელობენ ისინი და რა პრობლემის გადაჭრას ცდილობენ[21].

ორიგენეს ჰექსაპლა რედაქტირება

ძველი აღთქმის ბერძნულ ტექსტზე შესრულებულ შრომათა შორის ორიგენეს ღვაწლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია. ალექსანდრიაში კატეხიზმური სკოლის ხელმძღვანელობის შემდგომ ორიგენე საცხოვრებლად ჩადის პალესტინაში, ქალაქ კესარიაში. ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებს დიდ პროექტს, რომელიც მოიცავს ბერძნული ტექსტების შედარებას მისი დროისთვის მოღწეული ებრაული ტექსტებისთვის, რომლებიც ყველაზე ახლოს დგას მასორეტულ ტექსტებთან. იმისათვის, რომ შესრულებული შრომა უფრო ადვილად ხელმისაწვდომი და აღსაქმელი ყოფილიყო, ორიგენემ ეს ტექსტები ერთმანეთის გვერდით პარალელურ ექვს სვეტად დაალაგა: ებრაული ტექსტი, მისი ბერძნულად ტრანსკრიბირებული თარგმანი, აკვილასა და სიმაქოსის თარგმანი, სეპტუაგინტა და თეოდოტიონის თარგმანი. ფსალმუნთა წიგნისთვის (და შესაძლოა რომ სხვა წიგნებისთვისაც) ორიგენე იყენებდა რამდენიმე ბერძნულ ვერსიას (მაგრამ ერთდროულად ორზე მეტს არა). ტექსტების ურთიერთშეპირისპირებისას ორიგენე ამოსავლად ებრაულ ტექსტს იღებს და დანარჩენ ტექსტებს მასთან მიმართების – სიახლოვისა და სიშორის _ მიხედვით ალაგებს. ამდენად, იმ ტექსტებში, რომლებშიც გააფართოვა თავისი მეთოდი, გვაქვს რვა პარალელური სვეტი, რვა ტექსტი. მას მერე, რაც ორიგენემ შეკრიბა ყველა ეს ტექსტი რამდენიმე წიგნში, არც ერთი ამ სამი ვერსიიდან არ შეიცავდა სრულად ძველ აღთქმას იმ ხელნაწერებში, რომლებიც მას ხელთ ჰქონდა. კვინტა - საუკეთესოდ დამოწმებული ტექსტი ამ სამ ვერსიას შორის - შეიცავდა მეფეთა 2 წიგნს, იობს, ფსალმუნებს, ქება ქებათა და მცირე წინასწარმეტყველებანი.

ჰექსაპლას გარდა, ორიგენეს ეკუთვნოდა ტეტრაპლაც, რომელიც მხოლოდ ბერძნული ტექსტების კოლონებს შეიცავდა. ტეტრაპლა ჰექსაპლას შემდგომ შედგენილი, მისი შემოკლებული ვარიანტი იყო თუ – როგორც მოსამზადებელი ეტაპი, უძღვოდა მის შექმნას – ცნობილი არ არის, თუმცა დღეს უფრო გაზიარებული პირველი მოსაზრებაა. ორიგენეს ამ ორ უზარმაზარ ნაშრომს 6000 ფურცელი უნდა სჭეოდა და 50 ტომში უნდა ყოფილიყო განაწილებული. პირველ რიგში, სწორედ ეს სიდიდე იყო იმის მიზეზი, რომ ჰექსაპლების სრული გადაწერა ვერ ხდებოდა და საბოლოოდ დაიკარგა კიდეც. ორიგენეს ავტოგრაფი კესარიის პალესტინაში არაბობას უნდა შესწირვოდა, ერთადერთი, რაც, როგორცა ჩანს, ვრცელდებოდა ორიგენეს მოწაფეების – პამფილიუსისა და ევსებიუსის - მიერ და პოპულარობით სარგებლობდა, ჰექსაპლას მეხუთე, სეპტუაგინტას, კოლონა იყო, მაგრამ გადაწერილი ტექსტები ამ კოლონის ტექსტის ზუსტი ასლი იყო თუ ორიგენეს შემოქმედების ნაყოფი, პამფილიუსი და ევსებიუსი ამ ტექსტს უცვლელად იწერდნენ, თუ ცვლიდნენ ორიგენესავე კომენტარებისა ან საკუთარი შეხედულების მიხედვით, ძნელი სათქმელია.[22]

ორიგენეს ჰექსაპლები შემორჩენილია:

1.     სხვა ანტიკური პერიოდის მწერლების ციტატების სახით;

2.     მარგინალიებად, ხელნაწერების მინაწერებისა სახით;

3.     ჰეგზაპლების ასლების სახით

ყველაზე დიდი და აღსანიშნავია ამ ფრაგმენტებს შორის მერკატის პალიმფსესტი ამბროსიულ ბიბლიოთეკაში, მილანში. 1896 წელს ჯოვანი მერკატიმ აღმოაჩინა, რომ მე-10 საუკუნის ხელნაწერის ქვედა ფენა შეიცავდა ხუთ სვეტს, ფსალმუნთა 150 პწკარს. ამ ხელნაწერის პირველი სვეტი აშკარად არ შეიცავდა ებრაულ ტექსტს. ჰეგზაპლების ყველაზე სრული და დაწვრილებითი გამოცემა ეკუთვნის ფრედერიკ ფიელდს, რომლის ნაშრომიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოვიდა. მას შემდეგ აღმოჩნდა მრავალი ფრაგმენტი და ხელნაწერი, შესწავლილ იქნა ტექსტოლოგიურად. 1994 წელს ახალი პროექტი იქნა დაწყებული ოქსფორდის უნივერსიტეტში ლეონარდ ჯ. გრინსპუნის ხელმძღვანელობით, ელისონ სალვეზენისა და გერარდ ნორტონის მიერ, რათა შედგენილიყო ახალი, ელექტრონული ბაზა, რომელიც გააერთიანებდა ყველა დღემდე მოღწეულ ფრაგმენტს[23].

ორიგენეს შრომები ბიბლიის ტექსტზე რედაქტირება

ორიგენე ცნობილია ბიბლიის ტექსტის კომენტარებითა და ჰომილიებით. საზოგადოდ, ქრისტიანული ჰომილეტიკა ებრაული წარმომავლობისაა. მეორე საუკუნეში, და სავარაუდებელია რომ უფრო ადრეც, იკითხებოდა თორას გარკვეული ნაწილები და შემდეგ უკვე წინასწარმეტყველთა წიგნებიდანაც ის პასაჟები, რომლებიც უკავშირდებოდა თორას მოცემულ ციტატას.  ამ ტრადიციას აგრძელებს ჰომილიები, რომელიც მოიცავს  როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის ტექსტების განმარტებასა და გავრცობას. მხოლოდ რამდენიმე ჰომილიაა ცნობილი ორიგენემდე, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. შესაძლოა, რომ იაკობის, პეტრეს, იუდასა და იოანეს წერილები თავდაპირველად ჰომილიები იყო და მხოლოდ გადამუშავების შედეგად მიიღეს წერილის ფორმა. უძველესი ჰომილიები, რომლებმაც დღემდე მოაღწიეს, არის მელიტო სარდისელის პასექის შესახებ (მე-2 საუკუნის მეორე ნახევარი), კლიმენტი ალექსანდრიელის Quis dives salvetur?   და იპოლიტე რომაელის ჰომილია ფსალმუნთა შესახებ (მე-3 საუკუნის დასაწყისი).  კესარიაში ან იერუსალიმში ქადაგების დროს ორიგენე ყოველთვის განმარტავდა ძველ აღთქმას ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას. ამის შედეგად მხოლოდ ძველი აღთქმის შესახებ ორიგენემ იქადაგა ჯამში სამასამდე ჰომილია, ხოლო ახალ აღთქმაზე - ასზე მეტი. ზოგიერთი მათგანი შემონახულია ბერძნულად და ამ ტექსტებში შედის ჰომილია აენდორელი ულუკის (Αενδωρ ἐγγαστρίμαθος) შესახებ (I მეფ. 28) და ოცი ჰომილია - იერემიას შესახებ. ორიგენეს ქადაგებები შემონახულია ასევე ევსები კესარიელის ჰომილიების ბერძნულ ფრაგმენტებში, ფილოკალიასა და კატენებში. თუმცა კი, ჰომილიათა დიდი ნაწილი გადარჩა სწორედ რუფინუსის ლათინური თარგმანებისა (დაბადება, გამოსვლა, ლევიტელთა, რიცხვთა, ისუ ნავესი, მსაჯულთა, I მეფეთა, ფსალმ. 36-8) და იერონიმეს (იერემია, ეზეკიელი, ქებათა ქება და ლუკა) წყალობით. ძველი აღთქმის ჰომილიებიდან ნახევრის კვალიც აღარ არის შემორჩენილი. ეს ჰომილიებია: მეორე სჯულის, პასექის, იობის, იგავთას, ეკლესიასტესა და ფსალმუნთას (გარდა სამი ფსალმუნისა) შესახებ.  ასევე არ მოუღწევია ჰომილიებს: მათეს, მოციქულთა საქმის, კორინთელთა მიმართ პირველი და მეორე, გალატელთა, თესალონიკელთა პირველ და მეორე, ტიტესა და ებრაელთა მიმართ  წერილებზე. მხოლოდ ლუკას სახარების განმარტებებია მოღწეული 39 ჰომილიის სახით. ეს თხზულებები სხვადასხვა მოცულობისაა. მაგალითისთვის, მე-8 ქადაგება რიცხვთას შესახებ  გრძელდებოდა ათი წუთის განმავლობაში, ხოლო ასევე  რიცხვთას 27-ე  - საათზე მეტ ხანს.

ორიგენეს კომენტირების სტილი წარმართული ტრადიციიდან იღებს სათავეს. ზოგიერთ მათგანში ავტორი ცდილობს განმარტოს ჰომეროსი, პლატონი, არისტოტელე და სხვა ანტიკური პერიოდის ავტორები. ქრისტიანი გნოსტიკოსები, როგორებიც არიან ბასილიდე და ჰერაკლეონი, იყვნენ ერთ-ერთი პირველი მათ შორის, რომელთაც ამგვარი სტილით დაიწყეს წერა. ყველაზე ძველი ქრისტიანული კომენტარი, რომელიც ჩვენ ვიცით, იპოლიტეს კომენტარის სახელითაა ცნობილი, კომენტარები დანიელის წიგნზე (მე-3 საუკუნის დასაწყისი). ორიგენემ შეასრულა დაბადების 5:1-დან, ესაიას, ეზეკიელის, თორმეტი წინასწარმეტყველის (ობადიას გარდა), ფსალმ. 1-25 (ალექსანდრიაში ყოფნის დროს), ფსალმ. 1-150, (კესარიაში ყოფნის დროს, თუმცა ყველა ფსალმუნზე არ დაურთავს კომენტარი) იგავნი, ქებათა ქება (კომენტირება დაიწყო ალექსანდრიაში და დაასრულა კესარიაში), გოდება იერემიასი, მათე, ლუკა, იოანე, რომაელთა, გალატელთა, ეფესელთა, ფილიპელთა, კოლასელთა, თესალონიკელთა, ტიტეს, ფილიმონისა და ებრაელთა მიმართ ეპისტოლეები. ეს კომენტარები დაყოფილი იყო ტომებად, რომელთაც ეწოდებოდა ტომოი. მაგალითისთვის, სულ შესრულებული ჰქონდა ოცდაათი ასეთი ტომოი დაბადების წიგნზე და  ოცდათორმეტი - იოანეს სახარებაზე. საერთო ჯამში ორიგენემ შეასრულა ას სამოცი ტომოი ძველ აღთქმაზე და ასამდე - ახალ აღთქმაზე. თითოეული ტომოსის გრძლივობა სხვაობს: 70’000-დან 120’000 გრაფემამდე. შესაძლებელია გამოვთვალოთ, რომ ორიგენემ დაწერა 13’000 -დან 20’000  გვერდამდე მხოლოდ კომენტარი. მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე გვერდია შემორჩენილი ამ მასალიდან, ისიც ევსების ნაწერებში, ფილოკალიასა და კატენებში. ეს  ტექსტებია: დაბადება, ესაია, წინასწარმეტყველთა, ეზეკიელი, ფსალმუნები, ქებათა ქება და იერემიას გოდება. ასევე შემორჩენილია რუფინუსის მიერ შესრულებული ქებათა ქების კომენტარების შემოკლებული ლათინური თარგმანები. უფრო მეტად არის ცნობილი მათესა და იოანეს სახარების კომენტარები: 10-17 ტომოი და ლათინური თარგმანის ნაწილი პირველ სვეტში. ცხრა ტომოი - მეორე სვეტში. ორივე მათგანში გვაქვს ასევე ლუკას სახარების კომენტარების ბერძნული ფრაგმენტები.  აგრეთვე გვაქვს რომელთა მიმართ ეპისტოლეს კომენტარი რუფინუსის თარგმენებში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტექსტი, ისევე როგორც მისი ბერძნული ფრაგმენტების ყველაზე ვრცელი ვერსია, აღმოჩენილ იქნა ეგვიპტის გათხრების შედეგად ტურაში 1941 წელს. პავლეს წერილების კომენტარები ცნობილია როგორც ბერძნული ტექსტებით, ისე რუფინუსისა და იერონიმეს ლათინური თარგმანებით. აღსანიშნავია, რომ ტრაქტატი პასექის შესახებ, რომელიც წარმოადგენს გამოსვლათა წიგნის კომენტარს, აღმოჩენილი იქნა ტურაში და პირველად გამოიცა 1979 წელს.

კესარიაში ყოფნის დროს ორიგენეს შეგნებული ჰქონდა ის ფაქტი, რომ დაბადების წიგნის სრული კომენტირება შეუძლებელია და ამდენად მხოლოდ ათამდე წიგნს დაურთო კომენტარები, ხოლო დანარჩენი წიგნებიდან - ვრცელი კომენტარები ცალკეულ პასაჟს. ამ ტიპის განმარტება ჯერ კიდევ წარმართული ტრადიციაში არსებობდა სქოლიას (σχόλια) სახით. ეს გულისხმობდა რთული და მნიშვნელოვანი ადგილების ეგზეგეზას. იერონიმე მათ შენიშვნებს (σημειώσεις) უწოდებს. ამ სქოლიების ლათინური ტერმინია excerpta; რაც შეეხება ორიგენეს, არსებობს დაბადების, გამოსვლათას, ლევიტელთას, რიცხვთას, მეორე სჯულის, ესაიას, ფსალმუნთას, ეკლესიასტესა და იოანეს სქოლიები. მათი მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია  შემორჩენილი ფილოკალიასა და კატენებში.

არსებობს კიდევ სხვა ტიპის განმარტება, რომელსაც ორიგენე მიმართავდა. როგორც კლიმენტი ალექსანდრიელი, ორიგენემაც დაწერა სტრომატას ტიპის თხზულება სახელწოდებით გობელენები. აქ ის უმკლავდება ქრისტიანობის რთულ და პრობლემურ საკითხებს, მაგალითად როგორიცაა: აღდგომა. მხოლოდ ექსცერპტებია ამ თხზულებისგან შემორჩენილი. ასევე ძალიან ჰგავს სტრომატას ორიგენეს ტრაქტატი ლოცვის შესახებ, რომელიც კონცენტრირდება ლოცვის შესახებ კითხვებზე: პირველი ნაწილი (1-17) ეხება ლოცვას, როგორც ფილოსოფიურ კითხვას: უნდა ვილოცოთ თუ არა, როგორ და როდის. პასუხი იმდენადვე ფილოსოფიურია, რამდენადაც - ქრისტიანული. მეორე ნაწილი (18-34) ეთმობა მამაო ჩვენოს კომენტარებს.

ორიგენეს სხვა შრომებს შორის, რომელიც ლათინური თარგმანით არის დღემდე მოღწეული, არის „პირველსაწყისთა შესახებ“. ესაა ქრისტიანული ტრაქტატი, რომლის მთავარ თემას ღმერთს, ადამიანს, სამყაროსა და კაცობრიობას შორის კავშირის პრობლემა წარმოადგენს. მასში ბიბლია ციტირებულია დაახლოებით ათასჯერ. რჩევები მარტვილობის შესახებ მიეკუთვნება პარენეტიკულ ჟანრს და გვხვდება ბიბლიის სამასამდე ციტირება, ხოლო ქრისტიანობის აპოლოგიაში „ცელსუსის წინააღმდეგ“ (Contra Celsum) ორიგენე იმოწმებს ათას ორასამდე ბიბლიურ პასაჟს[24].  

ორიგენეს კომენტარების თარგმანები გელათის ბიბლიის კატენებში რედაქტირება

 
გელათის ბიბლია

 ქართულ სასულიერო მწერლობაში ორიგენეს ეგზეგეტური მოღვაწეობის კვალს ვხვდებით გელათის ბიბლიის კატენებში[25][26]. გელათის ბიბლია შეიცავს ძველი აღთქმის საკითხავების: ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯული, ისუ ნავეს, მსაჯულთა, რუთის, წინასწარმეტყველთა წიგნების განმარტებებს. განმმარტებლები არიან ქრისტიანული ეგზეგეტიკის პირველი პერიოდის მამები: ორიგენე, თეოდორიტე კვირელი, გრიგოლ ნოსელი, ევსები ემესელი, იოანე ოქროპირი, აპოლინარი და სხვები.

ორიგენეს განმარტებები დართულია შემდეგ წიგნებზე: ლევიტელთა, რიცხვთა, მეორე სჯული, ისუ ნავე, მსაჯულთა, რუთი; ხოლო რაც შეეხება წინასწარმეტყველთა წიგნებს, აქ ორიგენეს განმარტებები არ გვხვდება (ეს წიგნებია: ესაიას, იერემიას, ეზეკიელის, იოველის, ამოსის, იონას, მიქეას, ნაუმის, ამბაკუმის, სოფონიას, ანგიას წინასწარმეტყველებები). მიზეზად შეიძლება ის დასახელდეს, რომ გელათის ბიბლიაში ეს წინასწარმეტყველებები ფრაგმენტებად არის გაბნეული და მცირე მოცულობისაა დანარჩენ წიგნებთან შედარებით.  

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118590235 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Documenta Catholica Omnia
  4. 4.0 4.1 Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  5. 5.0 5.1 Internet Philosophy Ontology project
  6. 6.0 6.1 AlKindi
  7. 7.0 7.1 Sapere.itDe Agostini Editore, 2001.
  8. 8.0 8.1 Medieval Manuscripts in Oxford LibrariesBodleian Library.
  9. 9.0 9.1 9.2 http://lexikon.katolikus.hu/O/%C3%93rigen%C3%A9sz.html
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 BeWeB
  11. Post-Reformation Digital Library
  12. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  13. Archivio di Autorità del Museo Galileo
  14. 14.0 14.1 14.2 The Fine Art Archive — 2003.
  15. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  16. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  17. G. Dorival, Origene et ses disciples, in G. Filoramo (ed.), Maestro e discepolo. Temi  e problemi della direzione spirituale tra VI secolo a.C. et VII secolo d.C. (Brescia: Morcelliana, 2002), pp. 159-79.
  18. ეკლესიის ისტორია 6.2.8-15
  19. G. Dorival, Origene et ses disciples, in G. Filoramo (ed.), Maestro e discepolo. Temi  e problemi della direzione spirituale tra VI secolo a.C. et VII secolo d.C. (Brescia: Morcelliana, 2002).
  20. Gilles Dorival: The New Cambridge history of The Bible (from the beginning to 600),  edited by James Carleton Paget and Joachim Schaper, Cambridge University Press, pp. 605-608.
  21. The New Cambridge history of The Bible (from the beginning to 600), Gilles Dorival, Origen, edited by James Carleton Paget and Joachim Schaper, Cambridge University Press, pp. 615-617.
  22. ხარანაული ა.: სარწმუნო ტექსტი, მეცნიერული კვლევის საფუძველი, გვ. 22-26.
  23. Jobes K. Silva M.: Invitation to the Septuagint, Paternoster Press, United Kingdom, Carlisle, 2001 McGRATH A. E.: The Christian Theology reader, King’s College London, London, 2011.  
  24. The New Cambridge history of The Bible (from the beginning to 600), Gilles Dorival, Origen, edited by James Carleton Paget and Joachim Schaper, Cambridge University Press, pp. 624-626
  25. გელათური ბიბლიის კატენები, გამოსაც. მოამზადეს და სქოლიოები დაურთეს ბაქარ გიგინეიშვილმა და გიორგი თოდუამ ; [რედ. ედიშერ ჭელიძე]. - თბ. : ახალი ივირონი, 2011.
  26. ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012.