ოლტენია, იგივე მცირე ვლახეთი (რუმ. Oltenia, ანტიკურ წყაროებში მცირე ვლახეთად მოიხსენიება ალტერნატიული ლათინური სახელებით Wallachia Minor, Wallachia Alutana, 1718-1739 წლებში Wallachia Caesarea-ად იწოდებოდა) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი რუმინეთში, დასავლეთ ვლახეთში. მდებარეობს დუნაის, სამხრეთ კარპატებსა და მდინარე ოლტს შორის.

რუმინეთი; ოლტენია გამოყოფილია ნარინჯისფრად.

ისტორია რედაქტირება

ანტიკური პერიოდი რედაქტირება

ძირითადად დაკიელებით დასახლებული ოლტენია რომის იმპერიის შემადგენლობაში 106 წელს მოექცა, დაკიური ომების დასასრულს. 129 წელს, ადრიანეს მმართველობისას, რომის პროვინცია დაკია ჩამოყალიბდა, რომელიც დღევანდელ ტრანსილვანიასაც მოიცავდა. მარკუს ავრელიუსის რეფორმით ოლტენია სამად დაყოფილი დაკიის ერთ-ერთ ნაწილად იქცა, დედაქალაქად რომულა განესაზღვრა. ქალაქის კოლონიზება რომაული ლეგიონების ვეტერანებმა მოახდინეს. თუმცა III საუკუნის ბოლოს რომაელებმა თავიანთი ადმინისტრაცია დუნაის სამხრეთით გადაიტანეს და ოლტენიის მართვის სადავეები გოთი ფეოდალების ხელში გადავიდა. IV საუკუნის ბოლოს ჰუნების შემოსევამდე ოლტენიას უკვე ტაიფალები მართავდნენ.

შუა საუკუნეები რედაქტირება

681 წლიდან, მცირედი წყვეტებით, ოლტენია ბულგარეთის იმპერიაში შედიოდა. 1233 წელს უნგრეთის სამეფომ სევერინის ბანატი ჩამოაყალიბა რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც 1526 წლამდე, მოჰაჩის ბრძოლამდე იარსება. დაახლოებით 1247 წელს ოლტენია ლიტოვოის მმართველობას დაექვემდებარა. XIV საუკუნეში ვლახეთის აღზევებითა და ვოევოდინის შექმნით ოლტენიაში კრაიოვის დიდი ბანი დაწესდა. ტახტი სტრეჰაიიდან კრაიოვაში გადაიტანეს. ეს მოვლენა ვლახეთის იერარქიასა და Craiovești-ს საგვარეულოში უმაღლეს საფეხურად მიიჩნევა. Craiovești-ს გვარი XIV საუკუნის ბოლოს მოექცა ვლახეთის სათავეში და 1550 წლამდე დარჩა ტახტზე. მათი ტიტული 1831 წლამდე შენარჩუნდა. XV საუკუნეში ვლახეთს ოტომანთა სუზერენობის აღიარება მოუხდა და ყოველწლიურად ხარკის გადახდაც დაეკისრა ვასალური სამთავროს სახით ავტონომიურად რომ განეგრძო არსებობა. Craiovești-ების ოჯახის ბევრი წარმომადგენელი თანამშრომლობთა თურქებთან ბანის წოდებით. თუმცა ბევრი ოლტენიელი მმართველი, მაგალითად, მიხაელ გულადი ოტომანთა წინააღმდეგ იბრძოდა და ვლახეთს მცირე ხნით მაინც უბრუნებდა დამოუკიდებლობას.

თანამედროვეობა რედაქტირება

ტერმინი მცირე ვლახეთი 1718 წლის შემდეგ დამკვიდრდა, როდესაც პარიზის ზავის პირობით ოლტენია (იგივე მცირე ვლახეთი) მუნტენიას (დიდ ვლახეთს) ჩამოსცილდა და ჰაბსბურგთა სამფლობელოში (ტრანსილვანიაში) მოექცა. 1737 წელს ვლახეთის ერთიანობა აღდგა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Vlad Georgescu, Istoria ideilor politice româneşti (1369–1878), მიუნხენი, 1987
  • Neagu Djuvara, Între Orient şi Occident. Ţările române la începutul epocii moderne, Humanitas, ბუქარესტი, 1995
  • Constantin C. Giurescu, Istoria Bucureştilor. Din cele mai vechi timpuri pînă în zilele noastre, Ed. Pentru Literatură, ბუქარესტი, 1966, გვ. 93
  • Şerban Papacostea, Oltenia sub stăpânirea austriacă (1718–1739), ბუქარესტი, 1971, გვ. 59