ოლიმპიადა ეპირელი

ოლიმპიადა ეპირელი (ბერძ. Ὀλυμπιάς; დ. ძვ. წ. 375, ეპირი, ძველი საბერძნეთი — გ. ძვ. წ. 316, მაკედონია, ძველი საბერძნეთი) — ბერძენი პრინცესა, ეპირის მეფე ნეოპტოლემე I-ის ასული, ეპირის მეფე ალექსანდრე I-ის და, მაკედონიის მეფე ფილიპე II-ის მეოთხე ცოლი და ალექსანდრე მაკედონელის დედა. მას დიდი გავლენა ჰქონდა ვაჟზე, რის გამოც, ალექსანდრეს დაპყრობების პერიოდში იგი მაკედონიის დე ფაქტო მმართველად აღიარეს. ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა შვილიშვილმა ალექსანდრე IV-მ დაიკავა, თუმცა მისი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სულ მალე ტახტს კასანდერი იპყრობს, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრები ჯერ დააპატიმრა, შემდეგ კი დახოცა.

ოლიმპიადა ეპირელი
მაკედონიის დედოფალი
მმართ. წლები: ძვ. წ. 357 - ძვ. წ. 316
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 375
დაბ. ადგილი: ეპირი, ძველი საბერძნეთი
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 316 (59 წლის)
გარდ. ადგილი: მაკედონია, ძველი საბერძნეთი
მეუღლე: ფილიპე II, მაკედონიის მეფე
შვილები: ალექსანდრე მაკედონელი
კლეოპატრა მაკედონელი
დინასტია: მოლოსოისები
მამა: ნეოპტოლემე I, ეპირის მეფე
დედა: უცნობია
რელიგია: ძველი ბერძნული

წარმომავლობა და სახელი რედაქტირება

ოლიმპიადა დაიბადა ძვ. წ. 375 წელს საბერძნეთში. იგი იყო ეპირის მეფე ნეოპტოლემე I-ის შუათანა ქალიშვილი. დედამისის ვინაობა დღემდე უცნობია. ოლიმპიადას ერთი უფროსი ძმა ჰყავდა, ეპირის მეფე ალექსანდრე I-ის სახით. გარდა ამისა, მას ჰყავდა ერთი უმცროსი დაც, პრინცესა ტროიას სახით, რომელზეც ისტორიული ცნობები ფაქტობრივად არ არსებობს. ოლიმპიადას მამა აცხადებდა, რომ იგი ნეოპტოლემეს და აქილევსის შთამომავალი იყო, რის გამოც თავად ოლიმპიადასაც მთელი ცხოვრება ჰქონდა ასეთ წარმომავლობაზე პრეტენზია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავიდან მას პოლიქსენა ერქვა და ოლიმპიადა მხოლოდ გათხოვების შემდეგ ეწოდა. სახელი ოლიმპიადა მისი სამი გავრცელებული სახელიდან ერთ-ერთი და ყველაზე ნამდვილია, რამეთუ ისტორიულ წყაროებში ყველაზე ხშირად ამ სახელით იხსენიება. როგორც ცნობილია ფილიპე II-მ მას ეს სახელი ძვ. წ. 356 წელს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვების აღსანიშნავად დაარქვა. ივარაუდება, რომ ფილიპემ მას საბოლოოდ სტრატონისე დაარქვა, მაკედონიის მეფე ევრიდიკეს დამარცხების აღსანიშნავად.

მაკედონიის დედოფალი რედაქტირება

 
ზევსი აცდუნებს ოლიმპიადას, შესრულებულია 1526-1534 წლებში ჯულიო რომანოს მიერ.

ძვ. წ. 360 წელს ოლიმპიადას მამა, ნეოპტოლემე I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტის უზურპაცია მისმა ძმამ, მეფე არიმბასმა მოახდინა. უკვე ძვ. წ. 358 წელს არიმბასმა მაკედონიის მეფე ფილიპე II-თან ხელშეკრულება გააფორმა, რითაც შეიქმნა ეპირ-მაკედონიის ალიანსი. ალიანსის განსამტკიცებლად გადაწყვიტეს არიმბასის ძმისწულ ოლიმპიადასა და მაკედონიის მეფე ფილიპეს დაქორწინება. ეს დიპლომატიური ქორწინება ძვ. წ. 357 წელს შედგა, რითაც ოლიმპიადა ფილიპეს მეოთხე ცოლი და მაკედონიის დედოფალი გახდა. სავარაუდოა, რომ ფილიპეს მისდამი გრძნობები ჰქონდა, რაც მათი თაფლობის თვიდან დაიწყო, რომელიც საიდუმლოებით მოცულ კუნძულ კაბეირზე გაატარეს, თუმცაღა, მათი ქორწინება უმეტესწილად მაინც პოლიტიკური ხასიათისა იყო.

 
ფილიპე II, ოლიმპიადას მეუღლე

ქორწილიდან ერთ წელიწადში, ძვ. წ. 356 წელს ფილიპე II-მ ოლიმპიურ თამაშებში ეტლებით რბოლის შეჯიბრში გაიმარჯვა. ივარაუდება, რომ სწორედ ამ ტრიუმფის აღსანიშნავად უწოდა მან თავის მეუღლეს ოლიმპიადა. იმავე წლის ზაფხულში დედოფალმა თავისი პირველი ვაჟი გააჩინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ძველ ბერძენ ხალხს სჯეროდა, რომ დიდი ადამიანების დაბადებას ბუნებაც ეხმიანებოდა. როგორც პლუტარქე აღწერს, ორსულ დედოფალს ესიზმრა, რომ იგი ქორწინების პირველი ღამის შემდეგ მუცლით ატარებდა ვაჟს, რომელიც „თამამი და ლომისებური ბუნების“ იქნებოდა. ცნობილია, რომ ფილიპესა და ოლიმპიადას ქალიშვილიც ჰყავდათ, სახელად კლეოპატრა, რომელიც ალექსანდრეს შემდეგ მალევე დაიბადა. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ პრინცესა კლეოპატრა ეპირ-მაკედონიის ალიანსის გასამყარებლად ცოლად საკუთარ ბიძას, ეპირის მეფე ალექსანდრე I-ს მიათხოვეს.

 
ფილიპე II-ის მკვლელობა

წყაროთა ერთი ნაწილის მიხედვით ფილიპესა და ოლიმპიადას ქორწინება ძალზე მშფოთვარე იყო, რადგან მეფეს არამდგრადი ხასიათი ჰქონდა, დედოფალი კი ძალზედ ამბიციური და ეჭვიანი იყო. ამ ყველაფერმა ცოლ-ქმრის ნელ-ნელა გაუცხოება გამოიწვია. საქმე განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც ძვ. წ. 337 წელს ფილიპემ მეხუთე ხოლად შეირთო მაკედონიელი დიდებულის, ატალუსის დისწული კლეოპატრა, რომელსაც ქორწილის შემდეგ ფილიპემ ევრიკიდე დაარქვა. სულ მალე ატალუსის ამბიციები გაიზარდა და იგი ეჭვქვეშ აყენებდა ალექსანდრეს ლეგიტიმურ მემკვიდრეობას, რასაც მალე ფილიპეც კი მიემხრო, რამაც მამა-შვილს შორის ურთიერთობა გააფუჭა. ამ ყველაფრისადმი პროტესტის ნიშნად დედოფალმა ოლიმპიადამ ვაჟთან ერთად დატოვა მაკედონიის სამეფო და ეპირში დაბრუნდა, სადაც შემდგომი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ოლიმპიადას მაკედონიიდან დაბრუნებამ ეპირ-მაკედონიის ალიანსი ძლიერ შეარყია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ძვ. წ. 336 წელს ფილიპე II-მ თავისი ასული კლეოპატრა ეპირის მეფე ალექსანდრე I-ს მიათხოვა, მათი ალიანსის გასაახლებლად. ამან ოლიმპიადა იზოლაციამდე მიიყვანა, რადგან მას აღარ შეეძლო მაკედონიის მოკავშირე ძმაზე დაყრდნობა. თუმცაღა, ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან იმავე წელს ფილიპე II მისი პირადი დაცვის წევრმა მოკლა ერთ-ერთი მაკედონიელი დიდებულის ქორწილში, რის შემდეგაც ტახტი ალექსანდრე III მაკედონელმა დაიკავა, რომელიც დედასთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში. ფილიპეს მკვლელობის დამკვეთად ბევრი სწორედ დედოფალ ოლიმპიადას მიიჩნევდა.

ალექსანდრეს მეფობა და დიადოხოსის ომები რედაქტირება

 
ალექსანდრე მაკედონელი, ოლიმპიადას ვაჟი

ფილიპე II-ის მკვლელობისა და მაკედონიაში დაბრუნებისთანავე, დედოფალმა ოლიმპიადამ ევრიკიდესა და მისი ჩვილი ვაჟის სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა, რათა უზრუნველეყო თავისი შვილის, ალექსანდრეს მემკვიდრეობა. ვინაიდან, ალექსანდრე გამუდმებით საზღვარგარეთ ომში იმყოფებოდა მაკედონიას დე ფაქტოდ, რეგენტის წოდებით მართავდა ოლიმპიადა, რომელმაც მხარი დაუჭირა მის პრეტენზიას ეგვიპტის ტახტზე, რამეთუ იგი „არა ფილიპე II-ის, არამედ ზევსის ვაჟი“ იყო და როგორც ღმერთის ვაჟს, მთელს ქვეყნიერებაზე ჰქონდა მბრძანებლობის უფლება. ოლიმპიადას ალექსანდრესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა იგი მაინც ცდილობდა, რომ დედისათვის პოლიტიკაში ჩარევის უფლება არ მიეცა. მიუხედავად ამისა, ოლიმპიადას დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია მისი და ოფიციალური რეგენტის, ანტიპატერის დაპირისპირება. ძვ. წ. 330 წელს ოლიმპიადა ეპირში დაბრუნდა, რათა თავისი შვილიშვილ-ძმისწულის რეგენტად ემუშავა, რადგან მისი ძმა, ალექსანდრე I იმ წელს დაიღუპა იტალიაში ლაშქრობის დროს.

ძვ. წ. 323 წელს ბაბილონში გარდაიცვალა ოლიმპიადას ერთადერთი ვაჟი, ალექსანდრე დიდი, რის შემდეგაც მისმა ცოლმა, დედოფალმა როქსანამ გააჩინა მისი ერთადერთი ვაჟი, ახალი მეფე ალექსანდრე IV. დედოფალმა ოლიმპიადამ რძალი და შვილიშვილი სასწრაფოდ ჩაიყვანა მაკედონიაში, რადგან ეშინოდა, რომ ბაბილონში მათ დახოცავდნენ. ალექსანდრე IV-ის პარალელურად მაკედონიის ტახტი ალექსანდრე მაკედონელის ნახევარ-ძმამ, ფილიპე III-მ დაიკავა, რომელიც სავარაუდოა, რომ გონებრივად ჩამორჩენილი იყო და რომლის ნაცვლადაც ძალაუფლება პერდიკას ჰქონდა, რომელიც ძალაუფლების განმტკიცებას ანტიპატრის ქალიშვილ ნიკეაზე დაქორწინებით ცდილობდა. ამავდროულად ოლიმპიადამ პერდიკას თავისი დაქვრივებული ასულის, კლეოპატრას ხელი შესთავაზა. პერდიკამ საბოლოოდ კლეოპატრა აირჩია, რამაც აღაშფოთა ანტიპატერი, რომელიც სხვა დიადოხოსის (დიადოხოსი საბერძნეთში ტახტის მემკვიდრეს ნიშნავს) მხარეს გადავიდა, ჩამოაგდო პერდიკა და თავი რეგენტად გამოაცხადა, თავად პერდიკა კი ერთ წელიწადში გარდაიცვალა.

 
კასანდრე და ოლიმპიადა, შესრულებულია ჟან-ჟოზეფ ტელაზონის მიერ.

ძვ. წ. 319 წელს ანტიპატერი რეგენტის თანამდებობაზე პოლიპერხონმა ჩაანაცვლა, მაგრამ ანტიპატერის ვაჟმა კასანდრემ ფილიპე II-ის ვაჟი, ფილიპე III ერთპიროვნულ და სრულუფლებიან მეფედ გამოაცხადა და აიძულა პოლიპერხონი მაკედონია დაეტოვებინა. იგი ეპირში გაიქცა, სადაც გაიყოლა ალექსანდრეს ქვრივი, დედოფალი როქსანა და მისი ვაჟი ალექსანდრე IV-ც, რომლებიც მანამდე ოლიმპიადას მფარველობაში იყვნენ. თავად ოლიმპიადა ცდილობდა, რომ ამ კონფლიქტში არ ჩარეულიყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ კასანდრეს გამარჯვების შემთხვევაში მისი შვილიშვილი ტახტს კარგავდა, ამიტომაც ძვ. წ. 317 წლიდან იგი პოლიპერხონის მოკავშირე გახდა. მაკედონელმა ჯარისკაცებმა მხარი დაუჭირეს პოლიპერხონისა და ალექსანდრეს ცოლ-შვილის დაბრუნებას. სულ მალე ოლიმპიადასა და პოლიპერხონის გაერთიანებული ჯარები შევიდა მაკედონიაში, რათა კასანდრეს მმართველობა დაესრულებინათ.

ოლიმპიადა ბრძოლაში დამარცხდა, თუმცა მოახერხა კასანდრეს ძმისა და მისი ასი პარტიზანის დატყვევება. საპასუხოდ კასანდრემ ალყა შემოარტყა ოლიმპიადას სიმაგრეს პიდანაში. ხანგრძლივი ალყის შემდეგ ოლიმპიადა დანებდა. კაპიტულაციის მთავარი პირობა იყო, რომ მასა და მის ოჯახს ცოცხლად დატოვებდნენ. თუმცაღა, კასანდრემ პირობა დაარღვია და ძვ. წ. 316 წელს დედოფალი ოლიმპიადა სიკვდილით დასაჯა. სამაგიეროდ, როქსანა და ალექსანდრე IV რამდენიმე წლით დაინდო და ისინი ციხესიმაგრეში გამოკეტა, მაგრამ საბოლოოდ, ძვ. წ. 309 წელს ისინიც სიკვდილით დასაჯა. ცნობილია, რომ როცა კასანდრემ ოლიმპიადას მოკვლა ბრძანა, ბერძენმა ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს ალექსანდრე მაკედონელის დედისათვის ხელის ხლებაზე, რის გამოც კასანდრემ თავად მოკლა იგი. როგორც ცნობილია, იგი ყოველგვარი ბერძნული რელიგიური რიტუალების გარეშე დაასაფლავეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Heckel, Waldemar (2006). Who's who in the age of Alexander the Great: prosopography of Alexander's empire. Wiley-Blackwell. ISBN 1-4051-1210-7.
  • Waterfield, Robin (2011). Dividing the Spoils: The War for Alexander the Great's Empire. New York: Oxford University Press. pp. 273 pages. ISBN 9780199647002.
  • Elizabeth D. Carney: Olympias. In: Ancien Society. 1987, S. 35–62.
  • Maurice Céhab: Mosaïques du Liban In: Bulletin du Musée de Beyrouth (Paris, 1958–59)
  • D. J. A. Ross: Olympias and the Serpent In: Journal of the Warburg and Courtauld Institutes, Vol. 26 (1963)
  • Andreas Alföldi, Elisabeth Alföldi-Rösenbaum: Die Kontorniat-Medaillons. 2 Bände. de Gruyter, Berlin 1976 und 1990, ISBN 3-11-003484-0 und ISBN 3-11-011905-6.
  • Werner Huß: Ägypten in hellenistischer Zeit 332–30 v. Chr. C. H. Beck, München 2001, ISBN 3-406-47154-4, S. 129–138.
  • Siegfried Lauffer: Alexander der Große. 3. Auflage, dtv, München 1993, ISBN 978-3-423-34066-3, S. 21–25; 35ff; 39f.; 57; 89; 176.
  • Hermann Strasburger: Olympias 5). In: Paulys Realencyclopädie der classischen Altertumswissenschaft (RE). Band XVIII,1, Stuttgart 1939, Sp. 177–182.