ოთარ ჯაფარიძე (ისტორიკოსი)

ქართველი ისტორიკოსი და არქეოლოგი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოთარ ჯაფარიძე.

ოთარ მიხეილის ძე ჯაფარიძე (დ. 16 სექტემბერი, 1921, თბილისი, საქართველო — გ. 10 ივლისი, 2020) — ქართველი ისტორიკოსი და არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ოთარ ჯაფარიძე
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1921(1921-09-16)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 10 ივლისი, 2020(2020-07-10)[1](98 წლის)
საქმიანობა მეცნიერი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიოგრაფია რედაქტირება

ოთარ ჯაფარიძე დაიბადა 1921 წლის 16 სექტემბერს თბილისში. 1929 - 1939 წლებში სწავლობდა თბილისის 25-ე საშუალო სკოლაში. 1939 წელს შევიდა და 1943 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. პარალელურად, 1944 წელს, მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, სადაც 1950 წლამდე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში, 1948 წელს, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.[2]

1950-1952 წლებში ოთარ ჯაფარიძე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში არქეოლოგიის განყოფილების უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1952 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ოთარ ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს იყო არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი. 1962 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.[2]

1964 წელს ოთარ ჯაფარიძეს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1967 წელს დაინიშნა არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრის გამგედ. მომდევნო წელს, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის კათედრების გაყოფის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძე გახდა არქეოლოგიის კათედრის გამგე, რომელსაც თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. 1997 წლის ნოემბრიდან ოთარ ჯაფარიძე არის თსუ-ის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი.[2]

1979 წელს ოთარ ჯაფარიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს – აკადემიის ნამდვილ წევრად.[2]

1991 წლის 13 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ოთარ ჯაფარიძე ასრულებდა თსუ-ის რექტორის მოვალეობას, რომლიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.[2]

ოთარ ჯაფარიძე იყო საქართველოს ერთ – ერთი წამყვანი არქეოლოგი, რომლის ნაშრომებმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ტომების ისტორიის კვლევაში ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 1969 წელს ნაშრომისათვის - „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ - მეცნიერთაგან პირველს მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია.[2]

ოთარ ჯაფარიძე ათეული წლების განმავლობაში იყო ჟურნალის „საბჭოთა არქეოლოგია“ (რუს. Советская Археология) რედკოლეგიის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.[2]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ქართველური ტომების ისტორიისათის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961
  • არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, ქართველი ტომების ისტორიისათის ძვ. წ. III ათასწლეულში, თბ., 1969
  • ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ., 1966
  • На заре этнокультурной истории Кавказа, Тбилиси, 1988.
  • ქართველი ტომების ეთნოკულტურული ისტორიისათვის ძვ. წ. III ათასწლეულში, თბ., 1998
  • საქართველოს ისტორიის სათავეებთან, თბ., 2003
  • ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან, თბ., 2006

სქოლიო რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება