ოზის საოცარი ჯადოქარი

ოზის საოცარი ჯადოქარი (ინგლ. The Wonderful Wizard of Oz) — მწერალ ფრენკ ბაუმის მიერ დაწერილი საბავშვო წიგნების სერიის პირველი რომანი, ილუსტრირებული უ. დენზლოუს მიერ. წიგნების სერიაში მოთხრობილია ოზის ჯადოსნური ქვეყანაში მოგზაურობების შესახებ. წიგნი პირველად გამოიცა აშშ-ში, 1900 წლის 17 მაისს. წიგნი ორი წლის შემდეგ ადაპტირებული იქნა სცენისათვის, ხოლო 1939 წლის ფილმმა ოზის ჯადოქარი განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მის პოპულარობას.

„ოზის საოცარი ჯადოქარი“
The Wonderful Wizard of Oz

წიგნის ყდა
ავტორი ფრენკ ბაუმი
ილუსტრატორი უ. დენზლოუ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
თემა მოგზაურობა, ზღაპრული არსებები, გმირობა, ჯადოსნური ნივთები
ჟანრი ფენტეზი, საბავშვო ლიტერატურა
გამომცემელი ჯორჯ მ. ჰილი
გამოცემის თარიღი 1900
მედია მყარი ყდა
მომდევნო ოზის სასწაულებრივი ქვეყანა

ბაუმმა წიგნი მიუძღვნა თავის მეუღლეს, მოდ გეიჯ ბაუმს. ცნობილია, რომ მხოლოდ 1900 წელს გაიყიდა წიგნის 21.000 ასლი (იმ დროისათვის ეს საკმაოდ დიდი რეკორდი იყო).

1960-1986 წლებში გამოიცა წიგნის გაგრძელებები. საავტორო უფლებები მათზე ეკუთვნის უოლტ დისნეის კომპანიას. მის მიერ 1985 წელს წარმოდგენილი იქნა ფილმი ოზის დაბრუნება, დაფუძნებული სერიის მეორე და მესამე წიგნზე.

საგულისხმოა, რომ ბევრი ისტორიკოსი წიგნების ამ სერიაში განვითარებულ მოვლენებსა და მოქმედ პერსონაჟებში ალეგორიულ ხასიათს ხედავს და პარალელებს ავლებს ბევრ ისტორიულ მოვლენასთან, თუმცა რიგითი მსმენელები ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ.

რუსი მწერლის, ალექსანდრე ვოლკოვის მიერ დაწერილი იქნა წიგნების სერია ზურმუხტის ქალაქზე, აქედან პირველი იყო ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი. მთლიანობაში სერია პრაქტიკულად არის ბაუმის ორიგინალის თავისებური ანალოგი, რომელშიც ბევრი რამ თავად ვოლკოვის მიერ იქნა დამატებულ-ადაპტირებული.

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ამბავი იწყება 1889 წელს, კანზასის შტატში, სადაც თავის ბიძია ჰენრისთან და დეიდა ემთან ერთად ცხოვრობს პატარა გოგონა დოროთი გეილი. მას ასევე ჰყავს სასაცილო ძაღლი ტოტო.

ერთ დღეს ამოვარდნილი ტორნადო პატარა სახლს, რომელშიც იმალებიან შეშინებული დოროთი და ტოტო, მოისვრის შორეულ ჯადოსნურ ქვეყანაში. იქ დოროთის აკითხავს ჩრდილოეთის კეთილი ალქაჯი. აღმოჩნდება, რომ დოროთის სახლმა გაჭყლიტა აღმოსავლეთის ბოროტი ალქაჯი. დოროთი მიიღებს საჩუქრად სწორედ მის შემდეგ დარჩენილი ლამაზი ფეხსაცმლის წყვილს. კეთილი ალქაჯის თქმით, კანზასში დასაბრუნებლად დოროთიმ უნდა მიაღწიოს ზურმუხტის ქალაქამდე, რომელსაც კეთილი ჯადოქარი მართავს - მხოლოდ მას შეუძლია დოროთის დახმარება.

დოროთი გაუყვება ყვითელი ქვაფენილით მორთულ გზას. მოგზაურობისას იგი ეხმარება საფრთხობელას (რომელიც თვლის, რომ ჭკუა აკლია), რკინის შეშისმჭრელს (რომელიც განიცდის, რომ უგულოა) და მშიშარა ლომს. სამივეს დოროთი დაარწმუნებს, რომ ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი მათაც დაეხმარება. გზად რამდენიმე ხიფათში ეხვევიან, მათ შორის არის მძინარე ყაყაჩოების ველი.

ზურმუხტის ქალაქში მისულებს დაურიგდება სპეციალური სათვალეები, რადგან, როგორც ირწმუნება ქალაქის მცველი, ნებისმიერი მნახველი შეიძლება დაბრმავდეს ქალაქის სილამაზით.

ჯადოქარი თითოეულ მოგზაურს ცალკე შეხვედრას დაუნიშნავს. დოროთის იგი ეცხადება გიგანტური თავის სახით, საფრთხობელა ხედავს ლამაზ ქალას, შეშისმჭრელი - საზარელ მხეცს, ხოლო ლომი - ცეცხლოვან ბურთს. ჯადოქარი ოთხივეს დახმარებას აღუთქვამს, მაგრამ ითხოვს, რომ გაანადგურონ დასავლეთის ალქაჯი.

დასავლეთის ალქაჯი კი მოგზაურებს გზად მიუვლენს მგლებს, ყორნებს, ფუთკრებს, მაგრამ მეგობრები ადვილად მოიგერიებენ ყველას. საბოლოოდ, ჯადოსნური თავსაბურავით ალქაჯი იძახებს მფრინავ მაიმუნებს, რომლებიც შეიპყრობენ დაუპატიჟებელ სტუმრებს. ალქაჯი ამწყვდევს მათ თავის საპყრობილეში, მაგრამ მის ყურადღებას იქცევს დოროთის ფეხსაცმლები - აშკარაა, რომ მათში რაღაც ძალა იმალება. ერთხელ იგი შეეცდება მათ წართმევას, მაგრამ დოროთი შემთხვევით გადაასხამს წყალს და ალქაჯი დნება. განადგურებული ალქაჯის ქუდით დოროთი ხდება მაიმუნების ახალი მბრძანებელი და სწორედ მათი დახმარებით ბრუნდება ზურმუხტის ქალაქში.

მაგრამ ოზის ჯადოქარი კვლავ ცდილობს მათ მოცილებას და ტოტო, რომელიც შემთხვევით შეივლის გვერდით მდებარე ოთახში, გამოაგდებს იქიდან უცნობ კაცს. აღმოჩნდება, რომ სწორედ იგი არის ოზის ჯადოქარი, რომლის ჯადოქრობაც დაფუძნებულია მხოლოდ ვიზუალურ ხრიკებზე. ასევე აღმოჩნდება, რომ იგი თავად არის ომაჰას შტატიდან დიდი ხნის წინ აქ შემოგდებული მოგზაური და ახლა აპირებს უკან დაბრუნებას, საჰაერო ბუშტის მეშვეობით.

საფრთხობელას, შეშისმჭრელსა და ლომს იგი სურვილებს აუსრულებს. საფრთხობელა მიიღებს ახალი ჩალის დიდ რაოდენობას, რაც, ჯადოქრის თქმით, ტვინი არის. შეშისმჭრელს იგი შეკერილ გულს ჩაუდგამს, ხოლო ლომი დალევს სიმამაცის სასმელს. მაგრამ დოროთის უკან დაბრუნება მხოლოდ საჰაერო ბუშტით თუ იქნება შესაძლებელი. გაფრენის დღეს ამოვარდნილი ძლიერი ქარი ბუშტს მიწას მოწყვიტავს და ჯადოქარს შორს გააქროლებს.

დოროთის იმედი აქვს, რომ მას უკან მფრინავი მაიმუნები დააბრუნებენ, მაგრამ კანზასი ჯადოსნური ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის და ეს შეუძლებელია. მათი მეთაურის რჩევით, დოროთი და მეგობრები მიემგზავრებიან გლინდასთან, სამხრეთის კეთილ ალქაჯთან. გზად ისინი ხვდებიან მებრძოლ ხეებს, ჩაქუჩ-თავიანებს და გაივლიან უცნაურ გზას ფაიფურის ქვეყანაში. ლომი კლავს გიგანტურ ობობას, რომელიც ცხოველებს შიშის ზარს სცემს და, ცხოველთა საერთო გადაწყვეტილებით, მათი მეფე ხდება.

გლინდა თბილად მიიღებს მოგზაურებს და ცნობილი ხდება, რომ დოროთის ნებისმიერ დროს შეეძლო შინ დაბრუნება - ჯადოსნური ფეხსაცმლებით. მეგობრებთან დამშვიდობების შემდეგ იგი გადასცემს მაიმუნებს ჯადოსნურ თავსაბურავს, რათა ისინი არავინ არასოდეს მართოს. ფეხსაცმლების ერთმანეთზე დაბაკუნებით დოროთი, ტოტოსთან ერთად ბრუნდება კანზასში. მაგრამ ფეხსაცმლები გზად სამუდამოდ იკარგება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება